ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელთა დიდი ნაწილი მედიკოსებს ენდობა


ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსი ვრცელდება, თუმცა რწმენა და ნდობა უმთავრესი ეროვნული ინსტიტუტების მიმართ დაბალია. "პიუს კვლევითი ცენტრის" გასული წლის მონაცემებით, ამერიკის ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 35 % ამბობს, რომ არჩეული ოფიციალური პირების ქმედებები და გადაწყვეტილებები საზოგადოების საუკეთესო ინტერესებით იქნება ნაკარნახევი. მოსახლეობის ნახევარზე ოდნავ ნაკლები, 46 %-ი იგივეს ამბობს ბიზნეს ლიდერების შესახებ, 47 % კი - მედიაზე.

თუმცა საზოგადოება გაცილებით მეტად ენდობა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს: ექიმებს, მკვლევარებსა და მეცნიერებს. იმავე გამოკითხვის ფარგლებში, ამერიკელთა 74 % ექიმების მიმართ დადებითადაა განწყობილი, 68 % კი იმავეს ამბობს სამეცნიერო მკვლევარების შესახებ, ანუ მათზე, ვინც დაავადებებს იკვლევს და მათი თავიდან აცილებისა თუ მკურნალობის გზებს ეძებს.

საზოგადოებას მედიკოსების მიმართ ბევრი მიმართულებით აქვს დადებითი განწყობა. მაგალითად, 57 % ამბობს, რომ ექიმები ყოველთვის ან უმეტესად, ზრუნავენ და მათ ადარდებთ პაციენტთა საუკეთესო ინტერესები; 49 % ამბობს, რომ ისინი კარგად ართმევენ თავს დიაგნოზის დასმასა და მკურნალობას; 48 ფიქრობს, რომ ისინი სანდო და ზუსტ რეკომენდაციებს იძლევიან. თუმცა გაცილებით ნაკლები ადამიანია (15 %) კმაყოფილი იმით, რომ ექიმები როგორც წესი არ არიან გამჭვირვალეები მათი შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე კონკრეტულ ჯგუფებთან ინდუსტრიაში. ასეტივე დაბალი მაჩვენებელია შეცდომების აღიარებისა და მათზე პასუხისგებლობის აღების შემთხვევაშიც.

კორონავირუსის ერთ-ერთი რისკ ჯგუფი ასაკოვანი ადამიანები არიან. საინტერესოა, რომ პიუს კვლევითი ცენტრის თანახმად, ამავე გამოკითხვაში, 50 წელს გადაცილებული ადამიანები მედიკოსებს თითქმის 10-15 %-ით უფრო მეტად ენდობიან, ვიდრე შედარებით ახალგაზრდები.

პარტიული მიკუთვნებულობის მიხედვით, გამოკითხულთა მოსაზრებები დიდად არ განსხვავდებოდა, რაც იშვიათია სხვა სოციალური საკითხების მიმართ დამოკიდებულებებში. ორივე პარტიის მხარდამჭერი მოსახლეობის დიდი ნაწილი - 73-77 % ძირითადად დადებით განწყობას გამოხატავს მედიკოსების მიმართ.

გამოკითხული მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იცის ექიმების საქმიაინობის შესახებ, და რაც უფრო მეტი იციან ამა თუ იმ კონკრეტული მიმართულების მედიკოსების საქმიანობის შესახებ, მით უფრო მეტად ენდობიან მათზე დასმულ შეკითხვებს. თუმცა ექიმებისგან განსხვავებით, მოსახლეობამ ნაკლები იცის მკვლევართა საქმიანობის შესახებ. შესაბამისად კი, უფრო ნაკლები ნდობაა მათ მიმართ. ამ მხრივაც, მკვლევარებს ასაკოვანი ადამიანები მეტად ენდობიან, ვიდრე შედარებით ახალგაზრდები.

XS
SM
MD
LG