ბულგარეთის ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა დედაქალაქ სოფიასა და სხვა ქალაქებში ანტისამთავრობო პროტესტში მონაწილეობს. პროტესტი მოქმედი კონსერავტიული მთავრობის გადადგომის მოთხოვნით იმართება.დემონსტრანტები ხელისუფლებას განსაკუთრებით კორუფციაში ადანაშაულებენ. "მაფია", "გადადექი", - ეს შეძახილები ისმოდა კვირასაც, როცა დაახლოებით, 3 000 ადამიანი სოფიაში, მთავრობის სახლთან შეიკრიბა და პარლამენტისკენ გაემართა. საპროტესტო აქციები პარალელურად 10-ზე მეტ სხვა ქალაქშიც გაიმართა.
დედაქალაქში დემონსტრაციების ტალღა პოლიციისა და პროკურატურის თანამშრომლების უპრეცედენტო რეიდმა გამოიწვია, რომლის ფარგლებშიც მძიმედ შეიარაღებულმა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა პრეზიდენტ რუმენ რადევის სამართლებრივ საქმეთა და ანტი-კორუფციულ საკითხებში მდივანი და მისი მრჩეველი თავდაცვის საკითხებში დაკითხვისთვის დააკავეს, მათი კაბინეტები კი გაჩხრიკეს. ეს რეიდი ორი დამოუკიდებელი გამოძიების ფარგლებში მოხდა, რომელიც ძალაუფლების გამოყენების, კორუფციული გარიგებებისა თუ სახელმწიფო საიდუმლოებების გამჟღავნების საქმეებზე მიმდინარეობს.
დემონსტრაციები ამ რეიდებისა და დაკავებების შემდეგ, ხუთშაბათს დაიწყო. ათასობით დემონსტრანტს მიაჩნია, რომ ეს გამოძიება პრეზიდენტის წინააღმდეგაა მიმართული. რუმენ რადევი პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის კაბინეტის აქტიური კრიტიკოსია და მას ოლიგარქებთან კავშირში ადანაშაულებს. ბორისოვი აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს. თუმცა ოპოზიციის მიერ წამოწყებული ონლაინ პეტიციის მიზანი მის წინააღმდეგ 1 მილიონი ხელმოწერის შეგროვებაა. ამასთან, პროტესტის პარალელურად, სოციალისტური, საპარლამენტო ოპოზიცია მის მიმართ უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყებასაც აპირებს.
პარასკევს საპროტესტო აქციის 18 მონაწილე დააკავეს, 2 ნაცემი ადამიანის საავადმყოფოში გადაყვანაც კი გახდა საჭირო. შაბათს კი აქციებს მეტი ადამიანი შეუერთდა, მოთხოვნებს კი მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნაც დაემატა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, ევროკავშირის 13-წლიანი წევრობის შემდეგაც, ბულგარეთი ის ქვეყანაა, სადაც კორუფცია და სახელმწიფო ფინანსების პირადი ინტერესების მიხედვით განკარგვა ხდება.
Facebook Forum