ივნისის შუა რიცხვებიდან დაწყებული, კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა შეერთებულ შტატებში რეკორდულად სწრაფად იზრდება. ახალი კორონავირუსი ბოლო კვირის განმავლობაში, დღეში საშუალოდ 50 000 ადამიანს დაუდასტურდა.
ინფიცირების რეკორდული, 60 000-იანი მონაცემი იქნა აღრიცხული ოთხშაბათს. სიკვდილობა კი ამერიკაში ბოლო კვირის მანძილზე, დღეში საშუალოდ 500 იყო.
ამ ეტაპზე აშკარაა, რომ სიკვდილობის მაჩვენებელი ინფიცირებასთან შეფარდებით იმდენად მაღალი არ არის, როგორც გაზაფხულზე, როცა პანდემიის ეპიცენტრად ნიუ-იორკი გადაიქცა. ერთი შეხედვით, ეს კარგი ამბავია, თუმცა სპეციალისტები ფიქრობენ, რომ დღევანდელი მონაცემები მხოლოდ დროებითია.
სიკვდილობა გაიზრდება
ექიმები და ჯანდაცვის სპეციალისტები შიშობენ, რომ სიკვდილობის პროცენტულობა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის პროგრესულად ზრდასთან ერთად მოიმატებს. სტატისტიკური მონაცემებით, ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაცვალება საშუალოდ ერთი თვის შემდეგ ხდება. ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რიცხვი კი ამერიკაში უკვე იზრდება, დაახლოებით მესამედით, როგორც ამას ქვემოთ მოცემული გრაფა აჩვენებს.
უნდა ვივარაუდოთ, რომ სიკვდილობა თანდათან გაიზრდება, ამბობს ამეშ ადილჯა, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ჯანდაცვის უსაფრთხოების ცენტრიდან. "ვფიქრობ, ეს ელემენტარული ბიოლოგია და მათემატიკაა. ჰოსპიტალიზაციის და სარეანიმაციო პალატების გამოყენების ზრდასთან ერთად, ჩვენ სიკვდილობის მაჩვენებლის ზრდის მოწმე გავხდებით" - აღნიშნავს ის.
ინფექცია ახალგაზრდებში
ბევრი ფიქრობს, რომ მართალია, სიკვდილობის მაჩვენებელი გაიზრდება, მაგრამ ის მაინც შედარებით დაბალ ნიშნულზე დარჩება. ამ მოსაზრებას ორი ფაქტორი ამყარებს: ერთი ის, რომ ამერიკაში, ახალი ტალღის ინფიცირებულთა შორის, თითქმის ნახევარი ახალგაზრდა და შედარებით უფრო ჯანმრთელია.
თუმცა, აუცილებლად ყურადსაღებია შემდეგი გარემოება: თავისთავად ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა ხარ, "არ ნიშნავს, რომ სერიოზულად ავად არ გახდები", - განაცხადა სამშაბათს ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ. მისი თქმით, კოვიდ-19 დიაგნოზის მქონე ახალგაზრდებიც ხვდებიან ინტენსიური თერაპიის პალატებში, მაგრამ შედარებით დაბალი პროცენტით.
ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ კოვიდ-19-მა ახალგაზრდების ჯანმრთელობას შეიძლება სერიოზული კვალი დაატყოს. "მთელი წყებაა პრობლემების, რომელთა შესახებ თანდათან ვიგებთ," - ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი ბარუნ მათემა.
"ძალიან ბევრი რამაა ასიმპტომატურ ინფიცირებასა და სიკვდილს შორის" - აღნიშნავს ის. სერიოზულ და ხანგრძლივ გართულებათა რიცხვში კი ეპიდემიოლოგი ფილტვების დაზიანებას, სისხლის შედედებებს და ინსტულტებს ასახელებს.
მკურნალობის გაუმჯობესება
სპეციალისტების აზრით, ამერიკის შეერთებულ შტატებში სიკვდილობის შედარებით მცირე მონაცემს შესაძლოა, მეორე და მნიშვნელოვანი ფაქტორი - მკურნალობის გაუმჯობესებაც - განსაზღვრავდეს. გვიანი გაზაფხულის შემდეგ, ჰოსპიტალიზებულთა შორისაც ახალი თერაპიების დადებითი შედეგი შეიმჩნევა.
ბოლო კვლევები ადასტურებს, რომ ორი პრეპარატი "დექსამეტაზონი" და "რემდესივირი" კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების მკურნალობაში უკეთეს შედეგს აჩვენებს. თუმცა, ექიმები იმასაც აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ პაციენტების ერთ ნაწილში ხდება.
"თუ ძალიან, ძალიან ავად ხარ, ეს მედიკამენტები ეფექტურია, მაგრამ ის არ კურნავს" - ამბობს ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორი რაჯეშ განდი. მისი თქმით, ეს წამლები მოქმედებს, ეს მნიშვნელოვანი შედეგია, უკეთესი ვიდრე - მარტში. მაგრამ, "ჯერ ძალიან შორს ვართ იმ მკურნალობისგან, რომელიც გვესაჭიროება... საქმე გვაქვს ძალიან, ძალიან აგრესიულ ვირუსთან, სიკვდილობის მაღალი მაჩვენებლით".
Facebook Forum