რუსეთში წინასწარი ოფიციალური შედეგებით საკონსტიტუციო ცვლილებებს მოსახლეობამ მხარი დაუჭირა. ცვლილებები პრეზიდენტ პუტინს აძლევს საშუალებას ქვეყნის სათავეში 2036 წლამდე დარჩეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, ბიულეტენების დათვლის შედეგად, მოსახლეობიის 77.9 პროცენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს. ხოლო 21.3 პროცენტმა წინააღმდეგ მისცა ხმა.
კომისიის ინფორმაციით აქტივობამ 65 პროცენტი შეადგინა. მოსახლეობას ხმის მიცემის საშუალება მთელი კვირის განმავლობაში ჰქონდა, ოფიციალური განმარტებით კოდივ-19-ის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით.
პრეზიდენტ პუტინის ოპონენტები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შედეგები გაყალბებულია.
„ეს ახლად გამოცხადებული „შედეგები“ სიცრუე და დიდი ტყუილია“, - განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ საკუთარ ბლოგ-პოსტში. „ამას არ აქვს არაფერი საერთო რუსეთის მოქალაქეების შეხედულებებთან. ჩვენ შოუ ვიხილეთ, რომლის სცენარიც წინასწარ იყო გაწერილი“, - თქვა მან.
მან ვიდეო მიმართვაში, მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ „არასდროს აღიარონ ეს შედეგი“.
ნავალნის განცხადებით, კორონავირუსის გამო ოპოზიცია საპროტესტო გამოსვლას არ გეგმავს, თუმცა აქციებს წლის ბოლოსთვის გაიმართება, თუ მათ კანდიდატებს არ მისცემენ რეგიონალურ არჩევნებში მონაწილეობას ან თუ ამ არჩევნების შედეგები გაყალბდება.
„პუტინს ყველაზე მეტად ქუჩის ეშინია“, - თქვა ნავალნიმ. პუტინი „არ წავა სანამ ასობით ათასი და მილიონობით ჩვენგანი ქუჩაში არ გამოვალთ“, - აღნიშნა მან.
ცვლილებების მოწინააღმდეგე კამპანიამ „არა“ საკუთარ ეგზიტ-პოლების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მოსკოვში 55 პროცენტმა ცვლილებების წინააღმდეგ მისცა ხმა, მაშინ როცა სანქტ-პეტერბურგში ცვლილებებს 63 პროცენტმა არ დაუჭირა მხარი.
პლებისციტის მიმდინარეობისას, რამდენიმე ასეული ადამიანი სპონტანურად შეიკრიბა მოსკოვის პუშკინის მოედანზე და ცვლილებები გააპროტესტა.
ცვლილებებით პუტინს შეუძლია კიდევ ორჯერ იყაროს კენჭი. ის ამბობს, რომ ამ დროისთვის არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2024 წლის არჩევნებში.
აქციაზე, შეკრებილთა შორის, მოსკოვის საკრებულოს წევრი სერგეი მიტროხინი იმყოფებოდა. მან „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, რომ პლებისციტი „რუსეთში კანონის უზენაესობის... დასასრულია“.
პლებისციტის მიმდინარეობისას ბევრი ბრალდება გაისმა ბიულეტენების ჩაყრის და სხვა დარღვევების თაობაზე. სანქტ-პეტერბურგში, პოლიციამ „მედიაზონას“ ჟურნალისტს დავიდ ფრენკელს ხელი მოტეხა. ფრენკელი ხმის მიცემის პროცესს აშუქებდა.
„ჟურნალისტების დაცვის კომიტეტმა“ განცხადება გაავრცელა და დაგმო, პლებისციტის წინ რუსი სამართალდამცავების მიერ „სულ მცირე ხუთი ჟურნალისტის დაკავება, მათზე თავდასხმა და შევიწროება“.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შედეგების გამოქვეყნება ხმის მიცემის პროცესის დასრულებამდე დაიწყო, რაც რუსეთში არაკანონიერია. თუმცა, პლებისციტი არ ჩატარებულა რეფერენდუმზე რუსეთის კანონის მიხედვით.
პლებისციტის წინ გამოიკვეთა ასევე ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებიც. ხმის მიცემის დღეს, პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ისინი ვისაც შვილები ყავს 10,000 რუბლს მიიღებენ (დაახლოებით 400 ლარი).
ოპოზიციის პოზიცია პლებისციტთან დაკავშირებით ერთიანი არ იყო. ნავალნიმ და ოპოზიციურმა პარტიამ „იაბლოკო“ ბოიკოტის, ხოლო სხვები მონაწილეობისკენ და „არას“ შემოხაზვისკენ მოუწოდებდნენ ამომრჩეველს.
ერთადერთი რეგიონი, რომელმაც უარი უთხრა ცვლილებებს 53 პროცენტით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიხედვით, „ნენთა ავტონომიური ოკრუგი“ იყო. ამის მიზეზი, ზოგიერთის თქმით პლებისციტზე გათვალისწინებული წინადადებაა, რომლითაც რეგიონი მეზობელ არხანგელსკს უერთდებოდა.
კრემლი აცხადებს, რომ ცვლილებები საჭიროა ქვეყნის „სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის". მაშინ როცა კრიტიკოსები თვლიან, რომ მისი მიზანი 67 წლის პუტინის ხელისუფლებაში კიდევ ორი ვადით დარჩენაა. პუტინი რუსეთს უკვე 20 წელზე მეტია რაც მართავს.
პუტინის ვადების განულებასთან ერთად, პლებისციტი მოიცავდა ქორწინების დაკანონებას, როგორც მამაკაცის და ქალის კავშირის, „ღმერთის რწმენის“ ეროვნულ ღირებულებად გამოცხადებას, რუსული ენის „სახელმწიფოს ჩამომყალიბებელი ეთნოსის ენად“ განსაზღვრას და რუსეთიდან გასვლის „შეუძლებლად“ გამოცხადებას.
პლებისციტი თავდაპირველად აპრილში იყო დანიშნული. თუმცა კოვიდ-19-ის პანდემიამ მის ჩატარებას ხელი შეუშალა.
ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების და პანდემიასთან გამკლავების სირთულეებთან ერთად, პუტინი რეიტინგი მნიშვნელოვნად შემცირდა და ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.
სტატია მომზადებულია "რადიო თავისუფლების" რუსული რედაქციის მიერ.
Facebook Forum