უკვე ოც წელზე მეტია რუსეთის სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პროცესებს სათავეში ვლადიმირ პუტინი უდგას. მმართველი პარტია კი მისი „ერთიანი რუსეთია“. ამ პერიოდში კრემლი ირიბად არაერთ თითქოსდა ოპოზიციურ ძალასა თუ ჯგუფსაც მართავდა. ქვეყანაში თუ საერთაშორისო არენაზე კი იმის ილუზიას იქმნებოდა, რომ ხელისუფლება ქვეყანაში კონკურენტულ პოლიტიკურ შეჯიბრში დამსახურებულად იმარჯვებდა და არა - ოპოზიციური ხმების შეზღუდვითა და ბლოკირებით.
გასულ წელს რუსეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. ამის შემდეგ კი მუნიციპალური არჩევნები, რომელსაც ბევრი იმის იმედით ელოდა, რომ ოპოზიციას გამარჯვების მეტი შანსი ექნებოდა. გამარჯვება იყო, თუმცა - უმნიშვნელო.
ქვეყანაში ახლა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოფიციალური რეფერენდუმი მიმდინარეობს, რომელიც 22 აპრილს უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ხელისუფლებამ რამდენიმე თვით გადადო.
სახელმწიფო ეგზიტპოლის მონაცემების თანახმად, რეფერენდუმში მონაწილე რუსეთის მოქალაქეების (ვინც ამ დრომდე ხმა უკვე მისცა) უმრავლესობამ - 76 %-მა - 269 პუნქტისგან შემდგარ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი უკვე დაუჭირა. "VTsIOM"-ის ცნობით, კვლევა 800 სხვადასხვა ლოკაციაზე და რუსეთის 25 რეგიონში ჩატარდა, გამოკითხვაში მონაწილეობა კი 163 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
იმისდა მიუხედავად, თუ რა შედეგით დასრულდება რეფერენდუმი, მარია სნეგოვაია, „ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ ექსპერტი ფიქრობს, რომ ცვლილებები დამტკიცდება, რასაც მედიაში პროკრემლისტი კომენტატორებიც "ვარაუდობენ" და კონკრეტულ ციფრებსაც კი ასახელებენ. ამის მიუხედავად, პუტინის რეიტინგი არც ისე სახარბიელო ნიშნულზეა. მისი რეიტინგი მცირდება, რასაც „ლევადა ცენტრის“ მონაცემებიც ცხადყოფს.
„ცენტრის მაისის მაჩვენებლებით, მის მიმართ ნდობის რეიტინგი - 28 %-იდან 25 %-მდე დაეცა, რაც ძალიან დაბალი რიცხვია. ესეც სატელეფონო გამოკითხვით, რომელსაც შესაძლოა 5 % ცდომილება ჰქონდეს. საზოგადოება დაყოფილია ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ, 44 % მომხრეა, 32 კი - წინააღმდეგია. იმის გამო კი, რომ ოპოზიციური მოძრაობა დემობილიზებულია, ის ადამიანები, რომელთა მობილიზებასაც ხელისუფლება მოახდენს, გადაწონის მოწინააღმდეგეებს. ამით კი მოხდება ლეგიტიმაცია არა მხოლოდ ამ ცვლილებების, არამედ რუსეთის მიერ პუტინის დროს არჩეული ისტორიული გზისაც“, - მიიჩნევს სნეგოვაია. ის ასევე განმარტავს, რომ პუტინი ახლა აღარაა უპირობო ლიდერი, რომლის მიმართაც უკმაყოფილებას არავინ გამოხატავდა:
„ხელისუფლებით და პირველ ყოვლისა, პუტინით მიმდინარე იმედგაცრუებაში არის გარკვეულწილად ახალი ტენდენციაც: ის, რომ პუტინი აღარ არის ამ სისტემის გარანტია. ბოლო 2 წლის გამოკითხვებში ვხედავთ, რომ პუტინი ხდება ერთგვარი დამამძიმებელი ფაქტორი. ეს ხალხში, ანეკდოტებშიც კი ჩანს. ადრე ის იყო ერთგვარად ხელშეუხებელი, მასზე ან კარგად ისაუბრებდი, ან - საერთოდ არა. ახლა კი საკმაოდ მოქმედებს ადამიანების ნერვებზე, მისი რიტორიკა მოძველდა. რასაც ის აკეთებს და ფიქრობს, უფრო და უფრო აგონებს ხალხს ბრეჟნევის ბოლო წლებს და ეს არ შეესაბამება მოსახლეობის სურვილებს, შეხედულებებსა თუ მისწრაფებას", - ამბობს სნეგოვაია.
საკონსტიტუციო ცვლილებების ყველაზე საყურადღებო ნაწილი, რომელმაც საერთაშორისო კრიტიკა დაიმსახურა, პუტინის მიერ აქამდე ქვეყნის მეთაურის პოსტზე ყოფნის წლების განულება, ანულირება და შესაბამისად, მისთვის ამ პოსტზე კენჭისყრის შესაძლებლობის მიცემაა. ახლანდელი კანონმდებლობით, ის ამას ვერ შეძლებდა. ცვლილებების დამტკიცების შემდეგ კი პრეზიდენტობას 2036 წლამდე შეძლებს.
რეფერენდუმის საკითხებს შორისაა ქორწინების განსაზღვრება, ღმერთის ცნება და სხვა, თუმცა მოქალაქეები ცვლილებების პაკეტს ერთიანად, ერთი კითხვა-პასუხით და ორი ვარიანტით - „კი“ და „არა“ პასუხობენ. რეფერენდუმი ოფიციალურად 1 ივლისს ტარდება, მაგრამ ქვეყანაში ახლა "ადრეული ხმის მიცემა" მიმდინარეობს, რასაც ხელისუფლება სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობით ხსნის. ეს კენჭისყრა კი სწორედ 1 ივლისამდე გაგრძელდება და მოქალაქეები ხმას განსხვავებული გზით - ონლაინ, ფოსტის მეშვეობით თუ საარჩევნო უბანზე გამოცხადებით აძლევენ. მედიაში ვრცელდება სხვადასხვა დარღვევის, მათ შორის, ადამიანთა მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემის და სხვა მანიპულაციების შესახებ ინფორმაცია და ვიდეომასალაც.
მაშინ, როდესაც ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდასაჭერად სარეკლამო კამპანიებში მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ დაუშვან გეი ადამიანების ქორწინება, პუტინის მიერ ქვეყნის სათავეებთან 2036 წლამდე დარჩენის პერსპექტივაზე თითქმის არავინ საუბრობს. სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ ინტერვიუში თავად ვლადიმირ პუტინი კი ამბობს, რომ გამორიცხული არაა, კენჭი ისევ იყაროს. რადგან მემკვიდრის ძებნა თუ დაიწყება, დრო, ყურადღება და ძალისხმევა უფრო მნიშვნელოვან საქმეებს მოაკლდება.
"ვფიქრობ საზოგადოების ცოდნა პუტინის ვადის გახანგრძლივებაზე საკმაოდ დაბალია", - ამბობს ვლადიმირ მილოვი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
ამავე დროს ბევრი ფიქრობს, რომ პანდემიისას კრემლის სიჩქარე, განატირებულად უზრუნველყოს პუტინის 16-წლიანი მმართველობა, მისი რეიტინგების კლებას უკავშირდება. უკვე შემცირებულ რეიტინგებთან ერთად არსებობს შიში ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური მომავლის შესახებ.
"მათ ესმით, რომ პუტინის რეიტინგები იკლებს, ეს გრძელვადიანი ტენდენციაა. კლება ზაფხულის შემდეგ კიდევ უფრო ძლიერი იქნება, ზამთარში კი კიდევ უფრო უარესი, ვიდრე - შემოდგომაზე", - ამბობს დმიტრი ორეშკინი, პოლიტიკის ანალიტიკოსი.
შემოთავაზებული ცვლილებები ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ და პარლამენტის ორივე პალატამ უმცირესი წინააღმდეგობით დაამტკიცა. ელა პამფილოვა, რუსეთის სააერჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ცვლილებები ამ პროცესის შემდეგ ისედაც ლეგიტიმური იყო, თუმცა ეროვნული რეფერენდუმით მათი დამტკიცება, ვლადიმირ პუტინის დაჟინებული მოთხოვნა იყო.
მართალია რუსეთის ჯანდაცვის სისტემის მეთაურებმა რეფერენდუმი უსაფრთხოდ მიიჩნიეს, მაგრამ მათ არ თანხმებოდნენ საარჩევნო კომისიების თანამშრომლები, რომლებმაც ღია წერილსაც კი მოაწერეს ხელი, სადაც ამბობენ: "ჩვენ არ ვართ გადასაყრელი მასალა" და განმარტავენ, რამდენად დიდია საფრთხე, რომელიც საარჩევნო სისტემის წარმომადგენლებს თუ ამომრჩევლებს ემუქრებათ. თუმცა კომისია აცხადებს, რომ ხშირი დეზინფიცირების და უბანზე ყოველ საათში დასაშვები ადამიანების რაოდენობა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ამჟამად რუსეთი ინფიცირების დადასტურებული, ოფიციალური შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მესამეა და 650 000 შემთხვევით მხოლოდ ბრაზილიასა და შეერთებულ შტატებს ჩამორჩება.
Facebook Forum