ხუთშაბათს, შეერთებული შტატების დაზვერვის უმაღლესი ოფიციალური პირები, კონგრესის საკვანძო წევრებსგააცნობენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა არის ცნობილი და რა არა, სავარაუდო რუსულ გეგმაზე - ავღანეთში ამერიკელი და კოალიციის ჯარისკაცების მოკვლისთვის, შეიარაღებული ჯგუფებისთვის ფული გადაეხადათ.
თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი ჯინა ჰასპელი და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი პოლ ნაკასონე, ე.წ. “რვიანის ბანდის” წევრებს შეხვდებიან.
ამ შეხვედრაზე კანონმდებლებს პირველად მიეცემათ საშუალება, დაზვერვის ვეტერანი ოფიციალური პირებისგან უშუალოდ მოისმინონ იმ ცნობების შესახებ, რომ რუსეთი თალიბანთან დაკავშირებულ შეიარაღებულ ჯგუფებს, ამერიკელი და მოკავშირე ჯარისკაცების მოკვლისთვის ჯილდოს სთავაზობდა.
დღემდე, საინფორმაციო თათბირები ეროვნული დაზვერვის დირექტორ ჯონ რეტკლიფს მიჰყავდა, ყოფილ კონგრესმენს, რომელიც ამ თანამდებობაზე სულ ერთი თვის წინ დაამტკიცეს. მასთან ერთად თათბირებს ატარებდნენ ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მრჩეველი რობერტ ო’ბრაიენი და თეთრი სახლის კანცელარიის უფროსიმარკ მიდოუსი. ორივე მათგანი თავის თანამდებობაზე ერთ წელიწადზე ნაკლები დროის განმავლობაში მუშაობს.
სამივე მათგანმა კანონმდებლებს არერთხელ გაუმეორა, რომ სავარაუდო რუსული ჯილდოს პროგრამის შესახებ ინფორმაციის დადასტურება ვერ მოხერხდა. ამით ისინი ამართლებდნენ გადაწყვეტილებას, რომ სადაზვერვო ინფორმაცია პრეზიდენტ ტრამპამდე არ იქნა მიტანილი.
თუმცა მედიის ახალი ცნობები ამ მოსაზრებას გამოწვევის წინაშე აყენებს.
სააგენტო “როიტერმა”, რომელიც შეერთებული შტატების და ევროპული მთავრობების ოთხ წყაროს ეყრდნობოდა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო კვირებში შეერთებულმა შტატებმა ახალი სადაზვერვო ინფორმაცია მოიპოვა, რომელმაც რუსეთის მიერ ჯილდოს დაწესების შესახებ განცხადებებს დამაჯერებლობა შემატა.
თალიბანის ახლანდელმა და ყოფილმა ოფიციალურმა პირებმაც განაცხადეს, რომ ჯილდოს პროგრამა ნამდვილი იყო.
პენტაგონის ანგარიში, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა, გაფრთხილებას გამოთქვამს, რომ რუსეთის ჩართულობა იზრდება, თუმცა სავარაუდო ჯილდოებს არ ახსენებს.