შეერთებული შტატების პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ამბობს, რომ ჩინეთი ცდილობს „სამყარო საკუთარი წარმოდგენის მიხედვით შეცვალოს.“
არიზონაში ბიზნეს ლიდერებთან საუბრისას, რობერტ ობრაიენმა თქვა, რომ ამერიკელ პოლიტიკოსებს ათწლეულების მანძილზე მიამიტურად ეგონათ, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია ნელა-ნელა დემოკრატიისკენ გადაიხრებოდა. ამ მიზეზით, ამერიკა ჩინეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებზე ყურადღებას ისე არ ამახვილებდა, როგორც შეეძლო.
ობრაიენის თქმით, ჩინეთმა მასობრივი კამპანია დაიწყო იმისთვის, რომ შეერთებულ შტატებში ადამიანების შეხედულებებზე გავლენა მოახდინოს. ამერიკის ქალაქებში ადამიანები რადიო გადაცემების მოსმენისას „პეკინის მხარდამჭერ შეფარულ პროპაგანდას“ უსმენენ. ერთ-ერთ მაგალითად მან ის მოიყვანა, რომ კორონავირუსი, რომელიც პირველად ჩინეთის ვუჰანის პროვინციაში დაფიქსირდა, ჩინური პროპაგანდის თანახმად, იქ ამერიკელმა ჯარისკაცმა ჩაიტანა.
მან ასევე ისაუბრა ჩინეთის მიერ მილიონობით ამერიკელის ინფორმაციის მოპარვაზე, რასაც ჩინეთი კიბერ-თავდასხმების და სხვა კიბერ-ოპერაციების მეშვეობით უკვე წლებია აკეთებს.
„ჩინეთის კომუნისტურ პარტიას სურს თქვენს შესახებ ყველაფერი იცოდეს,“ თქვა ობრაიენმა.
მისივე თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინურ კომპანიებს, რომლებსაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურებთან ახლო კავშირები აქვთ, შეზღუდვები დაუწესა. მათ შორისაა „ჰუავეი,“ ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი, რომელიც მსოფლიოს მეხუთე თაობის ინტერნეტს სთავაზობს. ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ჩინეთი 5G-ის ამერიკელებზე ჯაშუშობისთვის გამოიყენებს.
Facebook Forum