ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესში და სენატში პოლიციის რეფორმის კანონპროექტებზე კენჭისყრები გაიმართება


ამ კვირაში, დემოკრატების მიერ კონტროლირებული შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა და რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებული სენატი, ქვეყნის პოლიციის რეფორმის საკითხზე საკვანძო კენჭისყრებს გეგმავენ. ორი პალატა რამდენიმე ძირითად წინადადებაზე თანხმდება, მაგრამ სრული თანხმობა არ არის იმაზე, თუ რა უნდა შეიცვალოს.

საკანონმდებლო ცვლილებებს ბიძგი მისცა აფრო-ამერიკელ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა, რომელიც პოლიციის მეურვეობაში გარდაიცვალა. ამ შემთხვევამ, რასიზმის და სამართალდამცავების მიერ ძალის გამოყენების წინააღმდეგ, ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბის პროტესტები გამოიწვია.

დემოკრატების და რესპუბლიკელების წინადადებებს შორის საკვანძო უთანხმოება მართლზომიერ იმუნიტეტს ეხება, იურიდიულ დოქტრინას, რომელიც ადამიანებისთვის ართულებს სარჩელის შეტანას პოლიციელების წინააღმდეგ, როდესაც ისინი გრძნობენ, რომ მათი უფლებები დაირღვა.

დემოკრატებს ამ იმუნიტეტის დასრულება სურთ, რესპუბლიკელი ლიდერები კი ამას ეწინააღმდეგებიან. თეთრმა სახლმა კი ამ საკითხს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის “მიუღებელი” უწოდა.

კვირა საღამოს, პრეზიდენტმა ტრამპმა “ტვიტერზე” გამოაქვეყნა: “დემოკრატების წარმომადგენელთა პალატას სურს გაიტანოს კანონპროექტი, რომელიც ჩვენს პოლიციას გაანადგურებს. იმედია კონგრესის რესპუბლიკელი წევრები მის დასამარცხებლად ძლიერ იბრძოლებენ. ჩვენი პოლიცია უნდა დავიცვათ და მოვუფრთხილდეთ, ისინი ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ!”

წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა შეთავაზებული ზომა გასულ კვირაში დაამტკიცა და პალატის სრული შემადგენლობის მიერ კენჭისყრას ამ კვირაში გეგმავს.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა თქვა, რომ სენატის კანონპროექტის პროცედურულ კენჭისყრასაც ასევე ამ კვირაში გეგმავს.

ორივე ინიციატივა მხარს უჭერს პოლიციის სხეულზე დასამაგრებელი კამერების მეტად გამოყენებას, ლინჩის წესით გასამართლების ფედერალურ დანაშაულად აღიარებას, პოლიციელების წვრთნის გაძლიერებას და დეპარტამენტების მიერ მონაცემების შეგროვების გაზრდას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG