ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანონმდებლები ფედერალური პოლიციის მიერ თეთრ სახლთან დემონსტრაციის დაშლის გამოძიებას ითხოვენ


სამი ამერიკელი კანონმდებელი ფედერალურ სამეთვალყურეო უწყებას სთხოვს გამოიძიოს ამერიკის პარკების პოლიციის მიერ თეთრი სახლის წინ დემონსტრაციის დაშლის ინციდენტი იმის დასადგენად, დაარღვია თუ არა ამ ფედერალურმა პოლიციამ კანონი.

გამოძიების მოთხოვნა სამშაბათს ამერიკის შიდა საქმეების დეპარტამენტის გენერალურ ინსპექტორ მარკ ლი გრინბლატს გაეგზავნა.

პარკების პოლიციამ და უსაფრთხოების სხვა ძალებმა 1 ივნისს მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს და ჟურნალისტები და დემონსტრაციის მონაწილეები ფიზიკური ძალის გამოყენებით განდევნეს ლაფაეტის სკვერიდან, რომელიც თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უარყოფს ბრალდებას, რომ მშვიდობიანი მომიტინგეებისგან სკვერის ტერიტორიის გაწმენდა იმისთვის მოხდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი რამდენიმე წუთით გამოსულიყო და იქვე მდებარე ეკლესიასთან ფოტოები გადაეღო.

გამოძიებას ორეგონის სენატორი რონ ვიდენი, წარმომადგენელთა პალატის ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე რაულ გრიჰალვა და კონგრესმენი დებრა ჰალანდი ითხოვენ.

კანონმდებლები წერილში ამბობენ, რომ კონსტიტუციის „პირველი დამატება, რომელიც სიტყვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრების და პრესის თავისუფლების [გარანტიაა], ყველა სხვა უფლების ფუნდამენტს წარმოადგენს. პარკის პოლიციის ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ამ უფლებების შელახვას ემსახურებოდა, თითოეული ამერიკელის შეურაცხყოფაა და მასზე რეაგირება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG