ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"კრემლის ოკუპაცია" - პუტინის უვადო მმართველობამდე ერთი ნაბიჯი რჩება


საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც იურიდიულ საფუძველს ქმნის იმისას, რომ ვლადიმირ პუტინის ძალაუფლება შენარჩუნდეს 2036 წლამდე, ახალ ეტაპზე გადადის.

შეიძლება ითქვას, რომ პუტინის უვადო მმართველობის ათვლამდე სულ ცოტა დრო რჩება, ბოლო საფეხური რომელიც რუსეთის კანონმდებლობით საკონსტიტუციო ცვლილებებმა უნდა გაიაროს რეფერენდუმია, რომელიც ქვეყანაში პირველ ივლისს გაიმართება.

პირველ ივლისს თუ მოსახლეობა მხარს დაუჭერს ცვლილებებს, რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი შეძლებს, რომ ქვეყნის მმართველად სულ ცოტა მომდევნო 12 წლის განმავლობაში დარჩეს.

საკონსტიტუციო ცვლილებებით იხსნება შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტობის 2 ვადის ამოწურვის შემდეგ, პუტინს შეუძლია კვლავ იყაროს კენჭი პრეზიდენტობისთვის, რადგან მოქმედი საპრეზიდენტო ვადები ნულდება.

რუსეთის კონსტიტუციაში აქამდე არსებობს ჩანაწერი, სადაც განმარტებულია, რომ პრეზიდენტის არჩევა ხდება 6 წლით და არა უმეტეს ორი ვადით, ანუ აქამდე არსებული კონსტიტუციით პრეზიდენტობის მაქსიმალური ვადა 12 წელია, რის შემდეგაც მას უწევს თანამდებობის დატოვება.

რეფერენდუმი 22 აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისის ფონზე პროცესის წარმართვა კრემლმა ვერ შეძლო. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით რეფერენდუმი პირველ ივლისს გაიმართება.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა „როსპოტრებნადზორისა“ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელებს დაავალა, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მან აღნიშნულ უწყებებთან თანამშრომლობა დაავალა რეგიონების ხელმძღვანელებსაც.

ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მოქალაქეებს ხმის მიცემის პროცესში აქტიურობისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა, რომ საქმე ეხება კონსტიტუციას, რომელიც „დღეს ქვეყნის ცხოვრების საფუძველია და განსაზღვრავს ძირითად სამართლებრივ გარანტიებს“.

ვლადიმირ პუტინი კონსტიტუციაში მთელი რიგი ცვლილებების შეტანის ინიციატივით მიმდინარე წლის იანვარში გამოვიდა. ცვლილებებს მხარი უკვე დაუჭირა "დუმამ"- რუსეთის საკანონდმებლო ორგანომ და უზენაესმა სასამართლომ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG