ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი "ტვიტერს" არჩევნებზე ჩარევაში ადანაშაულებს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ტვიტერს" შურისძიებით დაემუქრა, მას შემდეგ რაც სამშაბათს, სოციალური მედიის პლატფორმამ მის განცხადებებზე ფაქტების გადამოწმების გაფრთხილების იარლიყი მიამაგრა. "როგორც პრეზიდენტი, მე ამას არ დავუშვებ" - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა და "ტვიტერს" წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა და სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმა დააბრალა.

სოციალური ქსელები ბოლო დროს მათ პლატფორმებზე ცრუ, გაყალბებული ინფორმაციის გავრცელებას ებრძვიან. "ტვიტერს" ასეთი შემთხვევებისთვის რამდენიმე მეთოდი აქვს, მათ შორისაა შედარებით ახალი რეგულაცია: გაფრთხილება ფაქტების გადამოწმების შესახებ. თუმცა, ამერიკის პრეზიდენტის ე.წ. ტვიტებზე გაფრთხილების იარლიყის მიმაგრება, თავისთავად უპრეცედენტო ფაქტია.

რა მოხდა სამშაბათს "ტვიტერზე"

მათ, ვინც სამშაბათს პრეზიდენტ ტრამპის "ტვიტერის" გვერდი გახსნა, ასევე დაინახა მის ტვიტზე თან დართული შეტყობინება სათაურით: "ტრამპი უსაფუძვლოდ აცხადებს, რომ წერილობით ხმის მიცემა არჩევნების გაყალბებას გამოიწვევს".

"ტვიტერის" ამ გაფრთხილებას თან ახლავს რამდენიმე მასალა, მათ შორის "სი-ენ-ენის", "ვაშინგტონ პოსტის" და დართული აქვს შემდეგი ფაქტ-ბოქსი, რაც ფაქტების ნუსხას, სიას ნიშნავს:

- ტრამპი არასწორად აცხადებს, რომ წერილობით ხმის მიცემა "არჩევნების გაყალბებას" გამოიწვევს. ფაქტების გადამმოწმებლები ამბობენ, რომ ამის რეალური მტკიცებულება არ არსებობს.

- ტრამპმა არასწორად განაცხადა, რომ კალიფორნია ბიულეტენებს გაუგზავნის "ყველას, ვინც შტატში ცხოვრობს, ვინც არ უნდა იყოს ის და როგორც არ უნდა მოხვედრილიყო იქ". სინამდვილეში, ბიულეტენებს მხოლოდ რეგისტრირებული ამომრჩეველი მიიღებს.

- მართალია ტრამპმა მიზანში კალიფორნია ამოიღო, მაგრამ წერილობით ბიულეტენები სხვა შტატებშიც გამოიყენება, მათ შორის ორეგონში, იუტაში და ნებრასკაში.

"ტვიტერის" პასუხი

"ტვიტერი" უკან არ იხევს და საკუთარ გადაწყვეტილებას იცავს. კომპანიის პრესსპიკერი აცხადებს, რომ მათი უპრეცედენტო ნაბიჯი ახალ პოლიტიკას ეფუძნება, რომელიც არ დაუშვებს არასწორი ინფორმაციის გავრცელებას.

პრეზიდენტ ტრამპის ტვიტები "შეიცავს პოტენციურად შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ხმის მიცემის პროცესის შესახებ" და შესაბამისად, მათზე დამაგრდა იარლიყი, რათა მკითხველს საშუალება ჰქონდეს წერილობით ხმის მიცემის პროცედურის შესახებ "დამატებით კონტექსტს" გაეცნოს.

ხმის მიცემა კალიფორნიის შტატში

პანდემიის კოვიდ-19 გამო, კალიფორნია გეგმავს საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც 3 ნოემბერს არის დაგეგმილი, ამომრჩევლებს ბიულეტენები წერილობით გაუგზავნოს. ამ გადაწყვეტილებას რესპუბლიკელთა ეროვნული კომიტეტი არ ეთანხმება და დემოკრატ გუბერნატორ გევინ ნიუსომს უჩივის.

"ტვიტერის" მიერ რესპუბლიკელი პრეზიდენტის გზავნილებზე მიმაგრებული გაფრთხილება, "პატარა ნაბიჯია სწორი მიმართულებით", დაწერა "ტვიტერზე" კალიფორნიის სახელმწიფო მდივანმა ალექს პადილამ და ყველას მოუწოდა საკუთარი წვლილი შეიტანოს ტყუილების გამოაშკარავებაში. მისი თქმით, პრეზიდენტი მიზანმიმართულებით ავრცელებს ცრუ ინფორმაციას წერილობით ხმის მიცემის თაობაზე". “

Facebook Forum

XS
SM
MD
LG