ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შტატები ეტაპობრივად იხსნება, ვირუსის გავრცელების რისკები კი მაღალი რჩება


თეთრი სახლის კორონავირუსზე რეაგირების სპეციალური ჯგუფის კოორდინატორი, დებორა ბირქსი ამბობს, რომ შემაშფოთებელია ის, რომ ამერიკელები ძლიერ გადამდებ დაავადებას საკმარისად სერიოზულად არ ეკიდებიან და ქვეყანაში კომერციული, თუ რეკრეაციული ცხოვრება თანდათან ახლდება.

დებორა ბირქსმა კვირას "ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ადამიანების მიერ სოციალური დისტანცირების დარღვევა ძალიან აწუხებს.

"თუკი ადამიანები ჯგუფებად იკრიბებიან, მათ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია. მათ არ იციან, შესაძლოა ისინი უსიმპტომოდ არიან ავად. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ ხალხს, გავიდნენ ბუნებაში, ითამაშონ გოლფი თუ ტენისი, მაგრამ ეს სხვა ადამიანებისგან შესაბამისი დისტანციის დაცვით უნდა გააკეთონ", - განაცხადა ბირქსმა.

პრეზიდენტი ტრამპი "ტვიტერზე" წერს, რომ ინფიცირების შემთხვევები და გარდაცვალების რიცხვი მთელ ქვეყანაში მცირდება. თუმცა, ყველგან ასე არ ხდება. ციფრები განსაკუთრებით შემაშფოთებელია ქვეყნის ორ უდიდეს ქალაქში - ლოს-ანჯელესსა და ჩიკაგოში, ისევე როგორც ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონში. ჯანდაცვის ექსპერტების აზრით, გარდაცვლილთა რიცხვმა აგვისტოს დასაწყისისთვის შესაძლოა 140 ათასს გადააჭარბოს.

პარასკევს პრეზიდენტმა ტრამპმა ქვეყნის 50 გუბერნატორს რელიგიური დაწესებულებების გახსნაც უბრძანა, თუმცა სამართლის ექსპერტები ამბობენ, რომ მას ამის უფლება არ ჰქონდა. ზოგიერთ შტატში მაღაზიები თუ რესტორნები სხვადასხვა შეზღუდვით იხსნება, მაგრამ არა ეკლესიები, მეჩეთები, თუ სინაგოგები.

დებორა ბირქსმა რისკის ჯგუფებში მყოფებისთვის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის თაობაზე სიფრთხილის აუცილებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს მათთვის შესაძლოა სულაც არ იყოს უსაფრთხო.

მან ასევე გააკრიტიკა ის ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ მაღაზიაში ნიღბის ტარებაზე უარს აცხადებენ და ამას საკუთარი კონსტიტუციური უფლებების შელახვად მიიჩნევენ. "არსებობს მეცნიერულად დადასურებული მტკიცებულებები, რომ ნიღბის გარეშე ადამიანებმა შეიძლება სხვებს ვირუსი გადასდონ. ვირუსი იცავს სხვა ადამიანებს დაინფიცირებისგან".

ამერიკაში 38 მილიონზე მეტი ადამიანი ვირუსის გამო უმუშევარი დარჩა. ეს ქვეყნის სამუშაო ძალის დაახლოებით მეოთხედია, რომელმაც გასული 9 კვირის განმავლობაში უმუშევრობის კომპენსაციით მისაღებად, სახელმწიფოს მიმართა. უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებელი ქვეყანაში აპრილის თვეში 14.7 % იყო, თუმცა ოფიციალური პირების ვარაუდით, ეს ციფრი მაისში 20 %-ს მიაღწევს.

თეთრი სახლის ეკონომიკურმა მრჩეველმა, კევინ ჰასეტმა "სი-ენ-ენ"-თან საუბრისას თქვა, რომ სავსებით შესაძლებელია ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისას ქვეყანაში უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებელი კვლავ ორნიშნა რიცხვი იყოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG