ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ აგვისტოში დაგეგმილ რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობას, ჩრდილოეთ კაროლინიდან სხვაგან გადაიტანს. მიზეზი კი კორონავირუსის გამო, შტატის დემოკრატი გუბერნატორის სიფრთხილეა, დიდ თავყრილობასთან დაკავშირებით. ტრამპის თქმით, მას სურს, რომ პარტიას საშუალება ჰქონდეს მთლიანად დაიკავოს საკალათბურთო დარბაზი მაშინ, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის კრიზისი, კვლავ აქტიურ ფაზაშია.
“სამწუხაროდ, დემოკრატი გუბერნატორი, როი კუპერი, ისევ კარანტინის ხასიათზეა და ვერ გვაძლევს გარანტიას, რომ აგვისტოში მოგვცემს უფლებას სრული დასწრება გვქონდეს არენაზე”, დაწერა ტრამპმა თავის "ტვიტერის" გვერდზე.
ტრამპმა მოითხოვა, რომ “გუბერნატორმა რესპუბლიკელებს დაუყოვნებლივ გასცეს პასუხი იმაზე, შეძლებენ თუ არა ისინი დარბაზის სრულად ათვისებას. თუ პასუხი უარყოფითია, მაშინ იძლებული ვიქნებით, რომ მოვნახოთ სხვა ადგილი რესპუბლიკელების ყრილობისთვის და თან გავიყოლოთ ყველა სამუშაო ადგილი და განვითარება, რომელიც მას თან სდევს”, თქვა ტრამპმა.
ტრამპის მუქარა დაადასტურა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმაც. ტელეკომპანია "ფოქსისთვის" მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ რესპუბლიკელებმა, შესაძლოა, მართლაც გადაიტანონ ღონისძიება სხვა შტატში, “რომელიც ბევრად უფრო წინაა წასული თავიდან გახსნაში და დანამდვილებით გვეტყვის, რომ აგვისტოში იქ ჩასვლას შევძლებთ”.
კუპერმა, ისევე, როგორც დანარჩენი 49 შტატის გუბერნატორმა შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. თუმცა, რიგი აკრძალვებისა, კიდევ დარჩება ძალაში კვირების განმავლობაში.
შარლოტი ჩრდილოეთ კაროლინის ყველაზე დიდი ქალაქია. სწორედ ამ ქალაქში სურს ტრამპს კონვენციის ჩატარება და სწორედ ამ ქალაქშია კორონავირუსის ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა, შტატის სხვა ქალაქებთან შედარებით.
კუპერმა გასულ კვირას “სახლში დარჩენის ბრძანება” შეამსუბუქა და ახალი დირექტივა “სახლში უფრო უსაფრთხოა” გამოსცა. “რადგან შეგიძლიათ, რომ ახლა მეტ ადგილას წახვიდეთ, არ ნიშნავს, რომ ეს უნდა გააკეთოთ”, თქვა გუბერნატორმა.
შტატში რესტორნები შაბათ-კვირას გაიხსნა, ხოლო აუზებმა 50%-იანი დატვირთვით დაიწყეს ხალხის მიღება.
ეროვნული ყრილობა ტრადიციული ცერემონიაა, სადაც პარტიები, ოფიციალურად ასახელებენ თავიანთ საპრეზიდენტო კანდიდატებს. დემოკრატები წელს თავიანთ საპრეზიდენტო კანდიდატს მილუოკიში, ვისკონსინის შტატში გამოაცხადებენ. მათი ცერემონია რესპუბლიკელებისაზე ერთი კვირით ადრე, 17-20 აგვისტოს ჩატარდება. თუმცა, დემოკრატები არ გამორიცხავენ, რომ კორონავირუსით გამოწვეული სიტუაციის გამო, ყრილობა ონლაინ რეჟიმში ჩაატარონ.
Facebook Forum