პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი კონგრესმენი ქვეყნის ეროვნულ დაზვერვას უხელმძღვანელებს. სენატში დამტკიცების პროცესი პარტიულად ძლიერ დაყოფილი და წინააღმდეგობრივი იყო. თუმცა ამერიკის კონგრესის რესპუბლიკური უმრავლესობის მქონე ზედა პალატამ ტეხასის შტატის წარმომადგენელი პალატაში, ჯონ რეტკლიფი ეროვნული დაზვერვის ახალ დირექტორად 49 ხმით 44-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
რეტკლიფი ფიცს მომავალ სამშაბათს დადებს და ის ამერიკის დაზვერვის სამსხურების პირველი მუდმივი ლიდერი იქნება მას შემდეგ, რაც ყოფილი დირექტორი, დენ ქოუთსი გასულ აგვისტოს თანამდებობიდან გადადგა. ორი წლის განმავლობაში, ქოუთსი პრეზიდენტის წინააღმდეგ რამდენიმე საკითხზე წავიდა, მათ შორის ჩრდილოეთ კორეის, ირანის და სირიის საკითხებზე.
დასამტკიცებლად გამართული მოსმენების დროს რეტკლიფმა კანონმდებლებს უთხრა, რომ ის მათ და პრეზიდენტს ყოველთვის "შეულამაზებელ სიმართლეს" მიაწოდებს და არა იმას, რისი მოსმენაც მათ სურთ.
"დაზვერვის ინფორმაციაზე, რომელსაც მე წარმოვადგენ, არ იქნება ასახული ის, რისი ასახვაც მათ ენდომებათ. მას ვერავინ დაჩრდილავს", - განაცხადა რეტკლიფმა.
რესპუბლიკელი სენატორები რეტკლიფს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ ის არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად შესაბამისი კანდიდატია, მაგრამ დემოკრატი კანონმდებლების მხრიდან გამოთქმული იყო კრიტიკა იმის თაობაზე, რომ რეტკლიფი თავის პარტიულ რიტორიკას ვერ გაემიჯნება. "ეს [პოზიცია] მოითხოვს უეჭველ პატიოსნებას, სიღრმისეულ გამოცდილებას, დამოუკიდებლობას და ძალაუფლების მქონე პირთათვის სიმართლის თქმას. სამწუხაროდ, ბატონი რეტკლიფი ახლოსაც ვერ მივა ამ მაღალ სტანდარტთან", - განაცხადა სენატის უმცირესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც დემოკრატები რეტკლიფის წინააღმდეგ ასახელებენ, ისაა, თუ როგორ გაუმკლავდება კონგრესმენი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე არსებულ გამოწვევებს. ამერიკის დაზვერვის ლიდერები ამბობენ, რომ რუსეთი 2016 წლის მსგავსად, ამ არჩევნებშიც გეგმავს ჩარევას.
რეტკლიფი მესამე ვადით არჩეული კონგრესმენია ტეხასიდან. ის წარმომადგენელთა პალატაში დაზვერვის და იურიდიული კომიტეტების მნიშვნელოვან თანამდებობებზე მუშაობდა. კანონმდებელი პრეზიდენტის პოზიციას ყველა მნიშვნელოვან მოვლენაზე იზიარებდა, ბრეტ კავანას უზენაეს სასამართლოში დანიშვნიდან დაწყებული, საიმიგრაციო პოლიტიკით დამთავრებული. ამასთან, ის სპეციალური პროკურორის რობერტ მალერის რუსეთის გამოძიებასაც ღიად აკრიტიკებდა.
მას შემდეგ, რაც ტრამპი აირჩიეს, რეტკლიფმა შემთხვევების 92 პროცენტში, საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის პოზიციის მიხედვით მისცა ხმა. მისი ოლქი შეერთებულ შტატებში ერთი-ერთი ყველაზე რესპუბლიკურად განწყობილია. იქ 2016 წლის არჩევნებზე, მოსახლეობის 75 %-მა დონალდ ტრამპს მისცა ხმა.
კრიტიკოსები გასულ ზაფხულს, მისი თავდაპირველი ნომინაციისთანავე აცხადებდნენ, რომ რეტკლიფს ბევრად უფრო ნაკლები გამოცდილება აქვს, ვიდრე მის წინამორბედებს.
ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობა 2004 წელს შეიქმნა და მათ, ვისაც ეს თანამდებობა ეკავა, ათწლეულების გამოცდილება ჰქონდათ სადაზვერვო, სამხედრო ან საგარეო უწყებებში. ჯეიმს კლაპერს, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას არჩევანი იყო, თანამდებობის დაკავებამდე, სხვადასხვა დროს, აშშ-ის ორი სადაზვერვო სააგენტო ებარა, ჯეიმს მაკკონელს, რომელიც პრეზიდენტ ბუშის მიერ იყო ნომინირებული, თანამდებობის დაკავებამდე ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო ებარა, ჯონ ნეგროპონტეს, პირველ დირექტორს, ელჩობის15 წლიანი გამოცდილება ჰქონდა და ორჯერ იყო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე. დენ ქოუთს კი ორწლიანი სამხედრო, რვაწლიანი სენატორობის და ოთხწლიანი ელჩობის გამოცდილება ჰქონდა.
რაც შეეხება კანდიდატების მიმართ სენატის მხარდაჭერას, ქოუთსი 87 ხმით 12-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. ბარაკ ობამას ბოლო დირექტორი კი ამ პოსტზე, ჯეიმს კლაპერი სენატმა 2010 წელს ერთხმად დაამტკიცა.
ფიცის დადების შემდეგ, რეტკლიფი 17 სადაზვერვო სააგენტოს უხელმძღვანელებს, რომლებიც ეროვნული სადაზვერვო პროგრამის ნაწილია და ამას გარდა, პრეზიდენტ ტრამპს და აღმასრულებელი ხელსუფლების ქვეშ არსებულ ორ სააგენტოს რჩევებს მისცემს. ეროვნული დაზვერვის დირექტორს ბრძანებების გაცემა არ შეუძლია. ის ქვეყნის სადაზვერვო პროგრამის კოორდინაციას ახდენს.
რეტკლიფის ნომინაციამ ზაფხულში მისი ფიგურისადმი ინტერესი გააღვივა. მას შემდეგ, რაც მას ტეხასის მერის თანამდებობა ეკავა, რეტკლიფი იურისტად და ფედერალურ პროკურორად მუშაობდა. იუსტიციის დეპარტამენტში სამსახურისას, მისი ოფისი ჩართული იყო ტეხასში რამდენიმე წარმატებულ საიმიგრაციო რეიდებში და ასევე, ის არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ტერორისტული დაჯგუფებისათვის ფულადი ტრანზაქციების საქმეზე მუშაობდა.
რეტკლიფმა რამდენჯერმე გამოჰყო ეს საქმე, როგორც მისი დამსახურება, თუმცა ტელეკომპანია „ეი-ბი-სის“ ცნობით, მან საკუთარი როლი არასწორად წარმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ის აცხადებდა, რომ მას ამ საქმეში სპეციალური პროკურორის როლი ჰქონდა, სასამართლოს ჩანაწერები ამას არ აჩვენებს და ადამიანები, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ საქმეში, მას ვერ იხსენებენ. რეტკლიფის ოფისმა განაცხადა, რომ ის პირველი სასამართლოს დროს იძიებდა საკითხებს.
რეტკლიფის გამოცდილების შესახებ არსებული კითხვების, ასევე იმის გამო, რომ მან შესაძლოა გადაჭარბებულად წარმოადგინა ზოგიერთ საქმეში თავისი როლი, მისი დამტკიცება შეყოვნდა. პრეზიდენტმა ის პირველად აგვისტოში წარადგინა, წელს, თებერვალში კი მისი კანდიდატურა უკვე მეორედ დაასახელა.
Facebook Forum