შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, დაზვერვის უმაღლესი თანამდებობის პირი თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც ის კონგრესში, კანონმდებლებს შეხვდა და არჩევნების უსაფრთხოების შესახებ გამართულ საიდუმლო საინფორმაციო თათბირზე, მათ მოახსენა, რომ რუსეთი 2020 წლის არჩევნებში ისევ ერევა და ამას პრეზიდენტ ტრამპის სასარგებლოდ აკეთებს.
ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. ხუთშაბათს, „ვაშინგტონ პოსტმა“ და „ნიუ-იორკ თაიმსმა“ დაწერეს, რომ პრეზიდენტი განრისხდა მას შემდეგ, რაც წინა კვირაში, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წევრებისთვის გამართული საინფორმაციო თათბირის შესახებ შეიტყო.
ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯოზეფ მაგვაიერი თავის კაბინეტში დაიბარა, როდესაც საბოლოოდ მისი ჩანაცვლება გადაწყვიტა. ანონიმურმა წყარომ „ვაშინგტონ პოსტს“ უთხრა, რომ მაგვაიერი მკაცრად დაიტუქსა. „ნიუ-იორკ თაიმსის“ მიხედვით, ეს „კატალიზატორი“ იყო. პრეზიდენტის განრისხების მიზეზი, მაგვაიერის ერთ-ერთი მთავარი თანაშემწის, შელბი პირსონის შეფასება იყო, რომელმაც კანონმდებლებს უთხრა, რომ რუსეთი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის სასარგებლოდ ერეოდა.
ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის და ამავე ოფისის საარჩევნო უსაფრთხოების ოფისის ოფიციალურმა პირებმა „ამერიკის ხმას“ კომენტარზე უარი უთხრეს. თეთრი სახლისგან კომენტარის მიღების თხოვნაც უპასუხოდ დარჩა, მაგრამ დემოკრატი კანონმდებლების რეაქცია სწრაფი იყო.
წარმომადგენელთა პალატის ქვეყნის შიდა უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენი ტომპსონმა თავის განცხადებაში თქვა: „პრეზიდენტი თავის ეგოს ქვეყანაზე მაღლა აყენებს. ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ მაგვაიერის მხოლოდ იმის გამო დათხოვნით, რომ მისმა კოლექტივმა კონგრესს, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ დაზვერვის წრეების ობიექტური დასკვნები მიაწოდა, პრეზიდენტი არა მხოლოდ უარს ამბობს უცხოური ჩარევისგან თავდაცვაზე, ის მას აქეზებს.“
ტრამპსა და შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოებს შორის რთული ურთიერთობა, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან იწყება, როდესაც დაზვერვის საზოგადოებამ დაასკვნა: „პუტინი და რუსეთის მთავრობა, როდესაც შესაძლებლობა არსებობდა, პრეზიდენტად არჩეული ტრამპის საარჩევნო შანსების გაზრდისკენ ისწრაფვოდნენ.“ შეერთებული შტატების წამყვანმა სადაზვერვო სააგენტოებმა, ეს 2017 წელს გამოქვეყნებულ საჯარო ანგარიშში ჩაწერეს. ამ დასკვნებს ზურგს უმაგრებდა საგანგებო პროკურორ მალერის ხელმძღვანელობით, 2019 წლის აპრილში გამოქვეყნებული ანგარიში, რომელმაც აღმოაჩინა, რომ „რუსეთის მთავრობის ხედვა იყო, რომ ტრამპის პრეზიდენტობით ისარგებლებდა და ასეთი შედეგის დასადგომად მუშაობდა“.
მაგრამ, ტრამპი ნებისმიერ რუსულ ჩარევას მუდმივად უარყოფდა და ისევ და ისევ პუტინის მიერ ამის უარყოფას ითვალისწინებდა. ვიეტნამში, პუტინთან საუბრის შემდეგ, ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა: „მან თქვა, რომ არ ჩარეულა, მე კიდევ ერთხელ ვკითხე. რამდენჯერ შეიძლება შეეკითხო!“
და მაინც, შეერთებული შტატების დაზვერვის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ თქვეს, რომ რუსეთი არა მხოლოდ 2016 წელს ჩაერია, რუსეთმა იგივე გააკეთა 2018 წელს და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც ჩაერევა. გასული წლის ივლისში მალერმა კანონმდებლებს უთხრა: „ეს ერთი მცდელობა არ იყო. ისინი ამას აკეთებენ ახლაც, როდესაც ჩვენ აქ ვზივართ და მომავალი კამპანიისთვისაც ამის კეთებას მოელიან.“
ცოტა ხნის წინ, შეერთებული შტატების მოკავშირეებმა გაფრთხილება გამოთქვეს, რომ კრემლი მომავალ არჩევნებში ჩარევას აპირებს. ამ თვის დასაწყისში, ესტონეთის გარე დაზვერვის სამსახურის ანგარიშში იყო გაფრთხილება: „მთავარი მიზანია, რუსეთისთვის უფრო სასარგებლო საარჩევნო შედეგის უზრუნველყოფა, რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი კანდიდატების ან მათი მხარდაჭერით, ვისაც დასავლეთზე დამყოფი გავლენა, ყველაზე მეტად აქვს.“
სენატის დაზვერვის კომიტეტის ორპარტიული ანგარიშების წყებით, მიმდინარე რუსული ჩარევის შესახებ გაფრთხილება ამერიკელმა კანონმდებლებმაც გამოთქვეს. ერთ-ერთი ანგარიში პრეზიდენტს აფრთხილებს, რომ არჩევნებში ჩარევა პოლიტიკური უპირატესობის მისაღებად არ გამოიყენოს. კომიტეტის მიერ ამ თვის დასაწყისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია: „შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უნდა გადადგას ნაბიჯები იმისთვის, რომ საკუთარი თავი განაცალკევოს პოლიტიკური განხილვებისგან, როდესაც უცხოური გავლენის ოპერაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს.“
შეერთებულ შტატებს ეროვნული დაზვერვის მუდმივი დირექტორი არ ჰყოლია 2019 წლის აგვისტოს შემდეგ, როდესაც სადაზვერვო შეფასებების თაობაზე ტრამპთან საჯარო დაპირისპირებების შემდეგ, დენ ქოუთსმა თანამდებობა დატოვა.
Facebook Forum