ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„სასწაულთა სასწაული“ - ცნობილი რუსი ექიმი ცრუობს, რომ კოვიდ-19-ით „ბავშვები არ იღუპებიან“


ფოტო: სპაიდერმენად გადაცმული ჯეისონ ბერდი თავის ყოველდღიურ ილეთებს ასრულებს ადგილობრივი ბავშვების გასამხიარულებლად სტოკპორტში. ბრიტანეთი, 2020 წლის 1 აპრილი.
ფოტო: სპაიდერმენად გადაცმული ჯეისონ ბერდი თავის ყოველდღიურ ილეთებს ასრულებს ადგილობრივი ბავშვების გასამხიარულებლად სტოკპორტში. ბრიტანეთი, 2020 წლის 1 აპრილი.

რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა და ტელეწამყვანმა ელენა მალიშევამ, ცოტა ხნის წინ COVID-19-ზე საუბრისას, განაცხადა: „მე ახლაც მჯერა, რომ ეს ვირუსი სასწაულთა სასწაულია, სასწაულთა სასწაული! 20 წლამდე ასაკის ბავშვები არ იღუპებიან, არ ავადდებიან, არ ხვდებიან რეანიმაციაში.“

ფაქტების დამდგენი პუბლიკაცია "პოლიგრაფის" მიერ ჩატარებული ფაქტ-ჩეკის თანახმად, რუსი ექიმის განცხადება მცდარია.

ბავშვებს ნაკლებად ემართებათ კოვიდ-19, მაგრამ ამ ვირუსით რამდენიმე ბავშვი გარდაიცვალა.

ცნობილმა რუსმა ექიმმა და სახელმწიფო მაუწყებლობის, 1-ლი არხის პოპულარული გადაცემის „ზდოროვიეს“ („ჯანმრთელობა“) ვეტერანმა წამყვანმა ელენა მალიშევამ კოვიდ-19-ს „სასწაულთასასწაული“ უწოდა.

ვიდეოში, რომელიც საინფორმაციო სააგენტომ „ტვ ცენტრმა“ ფეისბუკზე 17 აპრილს ატვირთა, მალიშევა ამბობს: “ეს ვირუსი სასწაულთა სასწაულია, სასწაულთა სასწაული! 20 წლამდე ასაკის ბავშვები არ იღუპებიან, არ ავადდებიან, არ ხვდებიან რეანიმაციაში.“ ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

წყარო: ტვ ცენტრი, 2020 წლის 17 აპრილი

მსოფლიოში კოვიდ-19-ით ბავშვების ინფიცირების სტატისტიკა ძირითადად ჩინეთში ჩატარებულ რამდენიმე კვლევას ემყარება, რომლებსაც მეცნიერთა ნაწილი არასაიმედოდ მიიჩნევს. ამ კვლევების თანახმად, სერიოზული ან ძალიან მძიმე გართულებების ალბათობა ნაკლებია 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვიდრე ზრდასრულებში.

თუმცა, ამ კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვები არ არიან იმუნური ამ ვირუსის მიმართ. ჩინეთში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის თანახმად, 2,143 პედიატრიულ პაციენტთა უმეტესობას მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდა, მაგრამ ერთი ბავშვი, 14 წლის ბიჭი, გარდაიცვალა. ბავშვებს შორის მძიმე ფორმით დაავადების რისკი უფრო მაღალია ჩვილების შემთხვევაში.

მეორე კვლევის შედეგებით, რომლის ფარგლებშიც 1,391 შემთხვევაზე დაკვირვება 1 თვე მიმდინარეობდა ვუჰანის ბავშვთა კლინიკაში, პაციენტთა 13%-ს კოვიდ-19 დაუდგინდა. მათი საშუალო ასაკი 6.7 წელი იყო. 10 მარტს მხოლოდ ერთი მათგანი, 10 თვის ჩვილი, გარდაიცვალა.

ფოტო: ვიეტნამში ველოსიპედებით მოსეირნე ბავშვებს პირბადეები უკეთიათ კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით. ჰანოი, 2020 წლის 20 მარტი.
ფოტო: ვიეტნამში ველოსიპედებით მოსეირნე ბავშვებს პირბადეები უკეთიათ კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით. ჰანოი, 2020 წლის 20 მარტი.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ანგარიშში, რომელიც 6 აპრილს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 149,082 პაციენტიდან (99.6%), რომელთა ასაკიც ცნობილი იყო, 2,572 (1.7%) პაციენტი 18 წლამდე ასაკისა იყო. მათი დაახლოებით 5.7% - 20% საავადმყოფოში იყო მოთავსებული, 0.58% – 2.0% რეანიმაციაში, ხოლო სამი გარდაიცვალა.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე კოვიდ-19-ის გვერდია, მაგრამ იქ დემოგრაფიული მონაცემები არ არის გამოქვეყნებული.

რაღაც მონაცემის ნახვა შესაძლებელია 16 აპრილის ანგარიშში, რომელიც რუსეთის პედიატრთა კავშირის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. მართალია, ეს ანგარიში ჩინეთის და ამერიკის კვლევებზეა ძირითადად ფოკუსირებული, მაგრამ მასში რუსეთის ბავშვთა რეანიმაცია-კონსულტაციის ფედერალური ცენტრის მონაცემებიცაა მოცემული, საიდანაც ჩანს, რომ 12 აპრილს 10 ბავშვი იყო ჰოსპიტალიზებული კოვიდ-19-ით გამოწვეული მწვავე რესპირატორული ინფექციით.

ორი მათგანი სასუნთქ აპარატზე იყო მიერთებული (8 აპრილს 4 ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა, 3 კი სასუნთქ აპარატზე იყო მიერთებული).

ფოტო: დამცავი ნიღბებითა და ტანისამოსით აღჭურვილ რუს სპეციალისტებს პაციენტი გადაჰყავთ მოსკოვის კომუნარკის დასახლებაში მდებარე მრავალპროფილურ კლინიკაში. რუსეთი, 2020 წლის 16 მარტი.
ფოტო: დამცავი ნიღბებითა და ტანისამოსით აღჭურვილ რუს სპეციალისტებს პაციენტი გადაჰყავთ მოსკოვის კომუნარკის დასახლებაში მდებარე მრავალპროფილურ კლინიკაში. რუსეთი, 2020 წლის 16 მარტი.

კიდევ ერთ კვლევაში, რომელიც 16 აპრილს გამოქვეყნდა ჟურნალში „Journal of Health Management and Practice“, საკმაოდ არასაიმედო პროგნოზი იყო გაკეთებული აშშ-ის ჰოსპიტლებში კოვიდ-19-ით დაავადებულ ბავშვთა მკურნალობის თაობაზე.

ამ კვლევაში აშშ-სა და ჩინეთში ბავშვებს შორის კოვიდ-19-ის გავრცელების მონაცემები პროგრამული მოდელით გაანალიზდა. შედეგის თანახმად, „იმის გათვალისწინებით, რომ შეერთებულ შტატებში 0-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვთა რაოდენობა 74.0 მილიონს შეადგენს, მძიმე შემთხვევების საპროგნოზო რაოდენობებს პედიატრიული კლინიკებმა, შესაძლოა, არსებული რესურსებით თავი ვერ გაართვას.“

რუსეთში კოვიდ-19-ის პანდემია სოციალურ დაძაბულობას ქმნის. 20 აპრილს კარანტინის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები მოეწყო რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში, რომლებიც პოლიციამ დაშალა. ერთი დღით ადრე, 19 აპრილს, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის სატელევიზიო მიმართვაში თქვა, რომ კორონავირუსი რუსეთში „სრული კონტროლის ქვეშ არის.“

„ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება,“ თქვა მან.

146 მილიონიან რუსეთში პანდემიის მონაცემები შედარებით დაბალია: 21 აპრილს კორონა-19-ით ინფიცირების 52,763 და გარდაცვალების 456 შემთხვევა იყო აღრიცხული.

ფოტო: ხელოსნები კორონავირუსის პაციენტებისთვის ახალ საავადმყოფოს აშენებენ სოფელ გოლოხვასტოვოსთან, 60 კმ-ის დაშორებით მოსკოვის ცენტრიდან. რუსეთი, 2020 წლის 20 აპრილი.
ფოტო: ხელოსნები კორონავირუსის პაციენტებისთვის ახალ საავადმყოფოს აშენებენ სოფელ გოლოხვასტოვოსთან, 60 კმ-ის დაშორებით მოსკოვის ცენტრიდან. რუსეთი, 2020 წლის 20 აპრილი.

პუტინის მიმართვა ექიმებმა და ჯანდაცვის ექსპერტებმა გააკრიტიკეს. ცოტა ხნის წინ ექსპერტთა მოსაზრებები გამოქვეყნდა „The Moscow Times“-ში. მათ აზრით, მართალია, ჯანდაცვა უფასოა რუსეთში და მას სახელმწიფოს სრულად აფინანსებს, მაგრამ 10 წელზე მეტია, რაც მთავრობას უყურადღებოდ ჰყავს სისტემა მიტოვებული და ის უკვე მისი შესაძლებლობების ზღვარზეა.

რუსი ექიმები იმასაც ამბობენ, რომ ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების შედარებით დაბალი მაჩვენებელი გამოწვეულია არასწორი დიაგნოსტირებით და პნევმონიის დიაგნოზის გამოყენებით „კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დასამალად.“

რუსეთის საჯარო ფიგურები, მათ შორის უმაღლესი კანონმდებლები, ავრცელებენ მოსაზრებას, რომ რუსები, რაღაცნაირად, იმუნური არიან კორონავირუსის მიმართ.

მართლაც, ალექსანდრ მიასნიკოვს, რომელსაც პუტინმა კოვიდ-19-ზე მონიტორინგის სამთავრობო ცენტრის მართვა დაავალა, მეტსახელად „ექიმიკოვიდი რუსებს ვერ მოერევა“ შეარქვეს მის მიერ სატელევიზიო გამოსვლებისას ამ ფრაზის ხშირად გამეორების გამო.

„ავტორი: ფატიმა ტლისი
სტატიის ინგლისური ვერსია თავდაპირველად გამოქვეყნდა "ამერიკის ხმის" პროექტ "პოლიგრაფის" მიერ აქ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG