ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვირუსის მუტაცია - რას ამბობს კვლევები


ახალი კორონავირუსის სარს-კოვ-2 ათასობით გენომის შესწავლის საფუძველზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კვლევების მთელი სერია გამოიცა. სამეცნიერო ნაშრომები აჩვენებს, რომ ვირუსი მუტაციას განიცდის და ადამიანის მასპინძელ ორგანიზმს ესადაგება.

კვლევების შედეგები

* შეერთებულ შტატებში, ლოს-ალამოსის ეროვნულმა ლაბორატორიამ შეისწავლა მონაცემთა გლობალური ბაზა (GISAID). მკვლევარებს კონკრეტულად აინტერესებდათ დაავადების კოვიდ-19 გამომწვევი ვირუსის - სარს-კოვ-2 - გენეტიკური ცვლილებები.

კვლევის პირველადი შედეგები 14 ასეთ მუტაციას აჩვენებს. მეცნიერების განსაკუთრებულ შეშფოთებას ამ 14-დან მხოლოდ ერთი იწვევს, სახელად დი-614-ჯი (D614G). ის სხვებს შორის, ჯერჯერობით იკვეთება, როგორც დომინანტური და შესაძლოა დაავადებას უფრო ინფექციურს ხდიდეს.

* იმავე მონაცემთა ბაზას სწავლობენ ბრიტანელი მეცნიერებიც, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში. მათ 7 500-ზე მეტი ვირუსის გენომი შეისწავლეს, რომელიც ინფიცირებულებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან აუღეს.

ბრიტანელმა მკვლევარებმა ახალი კორონავირუსის 198 მუტაცია დაითვალეს. თუმცა, მათი აზრით, აქედან არცერთი არ ჩანს განსაკუთრებით შემაშფოთებელი.

* სარს-კოვ-2-ის გენომთა მუტაციის ანალიზის ნიმუშებში ნაპოვნი ცვლილებები არ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი სხვადასხვა შტამის არიან. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კიდევ ერთი კვლევის ავტორები, რომელიც ასევე ბრიტანეთში ჩატარდა, ოღონდ - გლაზგოს უნივერსიტეტში.

* წინა მოსაზრებიდან არათუ განსხვავებულ, არამედ საწინააღმდეგო დასკვნას დებენ ჩინელი მკვლევარები. ისინი აცხადებენ, რომ კოვიდ-19-ის აფეთქებიდან მოყოლებული, ხალხში პანდემიის გამომწვევი ორი შტამი ცირკულირებს. აქედან ერთი გაცილებით უფრო აგრესიულია, ვიდრე მეორე.

რას ამბობს ეს შედეგები

* "ეს მოსაზრება რამდენიმე შტამის შესახებ დეტალურად უნდა გავაანალიზოთ და ვამხილოთ" - ამბობს ერიკ ტოპოლი, ამერიკელი გენეტიკოსი, კარდიოლოგი და სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი კალიფორნიის შტატში. "ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ ერთი შტამი არსებობს" - აცხადებს ის.

* ჯონათან სტოის აზრით, რომელიც ვირუსოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია ბრიტანეთის ფრენსის კრიკის ინსტიტუტში, "ვირუსი ვითარდება და იცვლება. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა შედეგებს მოიტანს ეს ცვლილებები. ის თვლის, რომ ვირუსი "მოძრავი სამიზნეა" და კვლევები მის გენეტიკაზე და ევოლუციაზე "აღმაფრთოვანებელად" საინტერესოა.

* "ეს კორონავირუსი მუტაციას განიცდის ისევე, როგორც ამას ნებისმიერი კარგი ვირუსის რიბონუკლეინის მჟავა (რნმ) უნდა აკეთებდეს" - ამბობს მარკ შლეისი, მოლეკულური გენეტიკის სპეციალისტი მინესოტის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლიდან სარს-კოვ-2-ის შესახებ.

ამით ვირუსი უფრო საშიში ხდება?

გენეტიკოსების და ბიოლოგების უმეტესი ნაწილი თვლის, რომ ჯერ ძალიან ადრეა იმაზე მსჯელობა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს მუტაციები. იმის მიუხედავად, რომ ძალიან "ბევრი სპეკულაციაა უფრო აგრესიული შტამების გამოჩენის ალბათობაზე", ამის უშუალოდ დამადასტურებელი კვლევები ჯერჯერობით არ არსებობს - ამბობს ლოურენს იანგი, მოლეკულური ონკოლოგიის პროფესორი უარვიკის უნივერსიტეტში.

"საბოლოო ჯამში, სარს-კოვ-2 მაღალი სიხშირით მუტაციას არ განიცდის... და ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ ამ მუტაციებს რაიმე საყურადღებო გავლენა აქვს" - ამბობს პროფესორი იანგი. უფრო ღრმად ამ საკითხის შესასწავლად, თუ როგორ მოქმედებს და რა გავლენას ახდენს სპეციფიკური მუტაცია ვირუსზე, მეცნიერებმა ფუნქციური გენომიკის მიმართულებაც უკეთ უნდა შეისწავლონ.

გავლენა ვაქცინის და წამლის ძიებაზე

გენეტიკური მუტაციების შესწავლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაავადების კოვიდ-19 როგორც სამკურნალო საშუალებების მიგნებაზე, ასევე ვაქცინების გამოგონების მიმართულებით. 200-მდე მუტაციის სახე, რომელთაც ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში მიაგნეს, არათანაბრადაა განაწილებული ვირუსის გენომში. გენომის ზოგიერთი ნაწილი უფრო მეტი ალბათობით მუტირებს, ვიდრე სხვა დანარჩენი.

ვირუსის სარს-კოვ-2 გენომის ის ნაწილები, რომელიც უფრო სტაბილურია, გაცილებით კარგი სამიზნე იქნებოდა წამლების და ვაქცინების განვითარებისთვის, აღნიშნავს ლუსი ვან დორპი, ბრიტანეთში ჩატარებული ამ კვლევის თანაავტორი. მისი თქმით, ყველაზე საინტერესოა გენომის შედარებით მდგრადი ნაწილები.

"ჩვენ გვინდა, რომ ვირუსის ის ნაწილები ამოვიღოთ სამიზნეში, რომლებიც ჩვენი დაკვირვების თანახმად, არ იცვლება. თუკი ისინი არ შეცვლილან პანდემიის დაწყებიდან მთელი ამ ხნის მანძილზე, იმედი გვაქვს, რომ ისინი არც მომავალში შეიცვლებიან" - აღნიშნავს ლუსი ვან დორპი ბრიტანეთის გენეტიკის ინსტიტუტიდან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG