ავსტრალიელი მეცნიერები კოვიდ-19-ის ორი შესაძლო ვაქცინის ცხოველებზე გამოცდას იწყებენ. თუმცა საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ ამ ვაქცინების წარმატების დადასტურების შემთხვევაშიც, მისი მასობრივი წარმოება მომავალ წლამდე შეუძლებელი იქნება.
ვაქცინები ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტმა და შეერთებული შტატების "ინოვიო ფარმაცევტიკალმა" შექმნეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ცხოველებზე ვაქცინის გამოცდა ფუნდამენტური ნაბიჯი იქნება იმის გასარკვევად, იმუშავებს თუ არა ეს ვაქცინები და უსაფრთხოა თუ არა ისინი ადამიანთათვის. შესაძლო ვაქცინებს იმ ცხოველებზე (კვერნისებრ ძუძუმწოვრებზე) გამოცდიან, რომლებიც კორონავირუსით ადამიანის დაინფიცირების მსგავს შედეგებს აჩვენებენ.
ჯეინ ჰალტონი, ავსტრალიის ეპიდემიური მზადყოფნისა და ინოვაციის კოალიციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ექსპერიმენტები უპრეცედენტოა.
"ისინი ძალიან მნიშვნელოვანია. ესაა წამყვანი მსოფლიო ტექნოლოგიები და ეს პრინციპში მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენ შევქმენით ეს, ცხოველებზე მოდელირებული ტესტები იმისთვის, რომ ორი შესაძლო ვაქცინა შევამოწმოთ", - ამბობს ჰალტონი. კოალიცოა ვაქცინების შესაქმნელად ჩატარებული სამუშაოების ერთ-ერთი თანასპონსორია.
იმ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოში გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღე სწრაფად იზრდება, ადამიანები განკურნების თუ ვირუსის თავიდან აცილების ეფექტურ საშუალებებს ელიან. მსოფლიო მკვლევარები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ამ დროისთვის დაახლოებით 20 ვაქცინაა შემუშავებული, რომელთა შემოწმებაც სხვადასხვა ეტაპზეა. ავსტრალიელი მეცნიერები აცხადებენ, რომ სხვა დროს ცხოველებზე ტესტირების ეტაპამდე მისვლას 2 წელი დასჭირდებოდა, ახლა კი ეს 2 თვეში გახდა შესაძლებელი. თუმცა ახალი საშუალებების წარმატების შემთხვევაშიც კი, საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობის მისაღწევად თვეები იქნება საჭირო და შესაძლოა ეს 2021 წლამდე ვერ მოხერხდეს.