პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადვოკატები დღეს დაცვის მხარის არგუმენტების წარმოდგენას აგრძელებენ. ამ ფონზე, დემოკრატები სენატში ახალი მოწმეების მოწვევას ითხოვენ მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა უშიშროების მაშინდელ მრჩეველ ჯონ ბოლტონს უთხრა, რომ უკრაინისთვის დახმარების მიწოდება მანამდე სურდა გაეყინა, სანამ ისინი ტრამპის დემოკრატი მოწინააღმდეგის გამოძიებას არ დაიწყებდნენ.
გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ აცხადებს, რომ ამ ბრალდებას ჯონ ბოლტონი თავის მომავალ წიგნში აჟღერებს. მოგვიანებით „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ინფორმაცია სხვა მედია საშუალებებმაც გადაამოწმეს ადამიანებთან, რომლებმაც საქმის დეტალები იციან.
ამერიკის სენატში ამჟამად პრეზიდენტის საიმპიჩმენტო სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. წარმომადგენელთა პალატამ, რომელიც პროცესში პროკურორის მსგავს ფუნქციებს ასრულებს, პრეზიდენტს ორი ბრალდება წაუყენა. ერთი ის, რომ მან უკრაინას 391 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება გაუყინა იმის სანაცვლოდ, რომ კიევს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საქმე გამოეძიებინა და გაექარწყლებინა ის თეორია, რომ ამერიკის 2016 წლის არჩევნებში არა რუსეთი, არამედ უკრაინა ჩაერია. მეორე ბრალდება კი ისაა, რომ პრეზიდენტმა კონგრესის მიერ გამოძიების ჩატარებას ხელი შეუშალა.
პრეზიდენტი ტრამპი ბოლტონის განცხადებაზე გავრცელებულ ინფორმაციას დილიდანვე გამოეხმაურა.
„მე არასოდეს მითქვამს ჯონ ბოლტონისთვის, რომ უკრაინისთვის დახმარების გაყინვა დემოკრატების, მათ შორის, ბაიდენების გამოძიებას უკავშირდებოდა. ამასთან, მას არ დაუჩივლია ამაზე სამსახურიდან ძალიან საჯარო გათავისუფლების დროს. თუ ჯონ ბოლტონმა ეს თქვა, ეს მხოლოდ მისი წიგნის გასაყიდად [გააკეთა]“ - დაწერა პრეზიდენტმა ტრამპმა „ტვიტერზე.“
ბოლტონის ადვოკატმა განაცხადა, რომ წიგნის ტექსტი ეროვნული უშიშროების საბჭოშია გაგზავნილი თეთრი სახლის მიერ სტანდარტული შემოწმების გასავლელად. შემოწმების მიზანი იმაში დარწმუნებაა, რომ წიგნში შემთხვევით გრიფით საიდუმლო ინფორმაცია არ გაიპაროს.
წარმომადგენელთა პალატამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც კონგრესმენები კიდევ ერთხელ ითხოვენ ჯონ ბოლტონის მოწმედ მიწვევას, რადგან მას „კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს.“
Facebook Forum