წარმომადგენელთა პალატის დემოკრატები, რომლებმაც პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის საქმე წარადგინეს, გეგმავენ, რომ ხუთშაბათის სასამართლო გარჩევის სესიაზე ყურადღება გაამახვილონ იმ საკონსტიტუციო და იურიდიულ შედეგებზე, რომელიც მათი მტკიცებით, პრეზიდენტ ტრამპის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენებას მოჰყვა, რაც იმაში გამოიხატა, რომ პრეზიდენტმა თავისი პოლიტიკური სარგებლის მისაღებად, დახმარება უცხო ქვეყნის მთავრობას სთხოვა.
სასამართლო გარჩევის პირველ დღეს, კონგრესმენმა ადამ შიფმა თავისი გამოსვლის დასასრულს თქვა: “ჩვენ წარმოვადგინეთ საქმე, გავიარეთ ქრონოლოგია. ხვალ ფაქტებს, რაც პრეზიდენტის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ეხება, კანონთან დავაკავშირებთ.
ადამ შიფი, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე, სასამართლო გარჩევაზე წარმომადგენელთა პალატის ერთ-ერთი მენეჯერია, რომელიც ამ გარჩევაზე პროკურორის როლს თამაშობს.
დემოკრატებმა საქმის წარდგენისთვის გამოყოფილი 24 საათიანი სესიიდან 8 საათი უკვე გამოიყენეს, მათ ხუთშაბათს და პარასკევს კიდევ ორი 8 საათიანი სესია ექნებათ. სავარაუდოდ უკვე შაბათს, პრეზიდენტ ტრამპის იურისტთა ჯგუფი მისთვის გამოყოფილი 24 საათიანი სესიის გამოყენებას დაიწყებს, რათა ბრალდებებს პასუხი გასცეს.
პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთმა ადვოკატმა ჯეი სეკულოუმ ოთხშაბათის სესიის შემდეგ განაცხადა, რომ “სასაცილოა” ის ფაქტიც კი, რომ საერთოდ იმპიჩმენტის პროცედურა ხდება.
Facebook Forum