ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იმპიჩმენტი: დემოკრატები გამხსნელ არგუმენტაციას დღეს ასრულებენ


დღეს, შეერთებული შტატების სენატში სრულდება იმპიჩმენტის დემოკრატი მენეჯერების მოსმენა. დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის დამტკიცების შემდეგ, სენატში 7 კონგრესმენი, ე.წ. იმპიჩმენტის მენეჯერები მიავლინა, რომლებსაც გამხსნელი არგუმენტაციისთვის 3 დღე ჰქონდათ.

დონალდ ტრამპი საკუთარ პარტიაში დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ რესპუბლიკელებით დომინირებულ სენატში პრეზიდენტის იმპიჩმენტი დამტკიცდეს. არცერთ რესპუბლიკელ კონგრესმენს არ მიუცია ხმა იმპიჩმენტისთვის წარმომადგენელთა პალატაში.

"თუ სწორს მნიშვნელობა არ აქვს, საქმე ცუდად გვაქვს. თუ სიმართლეს მნიშვნელობა არ აქვს, საქმე ცუდად გვაქვს" - ხუთშაბათს, ამ სიტყვებით დაასრულა თავისი გამოსვლა სენატში ადამ შიფმა, დემოკრატმა კონგრესმენმა. ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარეა და სენატში საიმპიჩმენტო განხილვას ხელმძღვანელობდა.

კიდევ ერთმა იმპიჩმენტის მენეჯერმა, ჯეროლდ ნადლერმა "სახიფათო სისულელე" უწოდა ტრამპის ნათქვამს იმის შესახებ, რომ მისი თანამდებობიდან გადაყენება არ შეიძლება ძალაუფლების გადამეტებისთვის მოხდეს. ნადლერი წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა.

ახლა 100 სენატორი გადაწყვეტს, ჩაიდინა თუ არა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დანაშაული და თუ ეს ასეა, მაშინ უნდა დაისაჯოს თუ არა ის ამისთვის. დემოკრატების გამხსნელი არგუმენტაციის დასრულების შემდეგ, მომდევნო სამი დღე ეძლევა პრეზიდენტის დაცვის გუნდს, რათა მათ საკუთარი არგუმენტაცია წარმოადგინონ. პროცესი სენატში შეიძლება ერთი, ან რამდენიმე კვირა გაგრძელდეს.

ჯერჯერობით კვლავ უცნობი რჩება, მოიწვევენ თუ არა დამატებით მოწმეებს სენატში. ხუთშაბათს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი მოწმეების დაკითხვის საკითხი გააპროტესტა. "დემოკრატების პალატამ არც ადვოკატების უფლება მოგვცა და არც არცერთი მოწმის მიყვანის, მაგრამ ახლა მოითხოვენ, რომ რესპულიკელების სენატში მივიდნენ მოწმეები, რომელიც პალატაში არასდროს ჰყოლიათ" - დაწერა მან სოციალურ ქსელ "ტვიტერზე".

შემდეგ კი ასე გააგრძელა: "მათ ჰქონდათ უკვე შანსი, მაგრამ თავი ისე მოაჩვენეს, თითქოს ეჩქარებოდათ. ეს იყო ყველაზე უსამართლო და კორუმპირებული მოსმენა კონგრესის ისტორიაში!"

თუმცა, წარმომადგენლთა პალატამ პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადვოკატები იურიდიული კომიტეტის საიმპიჩმენტო მოსმენაზე მიიწვია, მაგრამ თეთრმა სახლმა მისვლაზე უარი განაცხადა. წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორი მუხლით დაამტკიცა: პრეზიდენტის მიერ ძალაუფლების გადამეტება და კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG