რუსმა კანონმდებლებმა, პირველი მოსმენით, ერთხმად დაამტკიცეს ყოვლისმომცველი საკონსტიტუციო რეფორმის კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წარმოადგინა.
პარლამენტისთვის შესწორებების წარდგენიდან მხოლოდ სამი დღის შემდეგ, ხუთშაბათს, სახელმწიფო დუმაში მყოფმა 432-ივე კანონმდებელმა კანონპროექტი მოიწონა.
დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა კენჭისყრის შემდეგ თქვა, რომ ის “ერთობის ძლიერი წარმოჩენა” იყო. მან თქვა, რომ მეორე მოსმენა სავარაუდოდ 11 თებერვალს შედგება.
შემდეგ, კანონპროექტს მესამედ მოისმენენ, მაგრამ პარლამენტში, სადაც კრემლისადმი ლოიალურად განწყობილი კანონმდებლები დომინირებენ, დიდი წინააღმდეგობა მოსალოდნელი არ არის
დუმაში სამი მოსმენით დამტკიცების შემდეგ, სანამ პუტინი ხელს მოაწერს და კანონად იქცევა, კანონპროექტი ფედერაციის საბჭოში, პარლამენტის ზედა პალატაში, გადაიგზავნება.
პუტინმა აღნიშნა, რომ კონსტიტუციის შესწორება იმიტომ ხდება, რომ 1993 წელს მისი მიღების შემდეგ, “ზოგიერთი რამ დრამატულად შეიცვალა.”
პუტინის წინადადებებში შედის სახელმწიფო საბჭოს გაძლიერება და პარლამენტისთვის მეტი ძალაუფლების მინიჭება.
ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, შესაძლოა 2024 წლის შემდეგ პუტინმა საბჭოს უხელმძღვანელოს, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს.