ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"კუდიანებზე ნადირობა" თურქეთში


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი

​სტამბოლის აეროპორტში ჩასვლისას, ქალაქის ისტორიის ან საბიჰა გოკჩენის ფიგურის გასაცნობად ვიკიპედიას ვერ მოიშველიებთ და იმედგაცრუებულიც დარჩებით. ონლაინ ენციკლოპედია თურქეთის მთავრობამ, ბევრი ახსნა-განმარტების გარეშე, დაბლოკა. საბიჰა გოკჩენი თანამედროვე თურქეთის შემოქმედის მუსტაფა ქემალ ათათურქის რვიდან ერთ-ერთი აყვანილი შვილი და თურქეთის პირველი სამხედრო ქალი პილოტი გახლდათ. თუმცა თურქეთის რესპუბლიკა, რომელიც ათათურქმა სეკულარიზმის და პროგრესის იდეაზე დააფუძნა, დღეს ამ პრინციპებს ღალატობს.

2016 წლის ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, გამომდინარე საგანგებო მდგომარეობიდან, პრეზიდენტის ძალაუფლება და რესურსები იმისკენაა მიმართული, რომ მოხდეს ინსტიტუციური, პოლიტიკური თუ მედია პროტესტის გაქრობა და დანგრევა“, - ამბობს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი სინან ჯიდი. „ეს ემსახურება იმას, რომ 2019 წლისთვის, როდესაც ერდოღანი კიდევ ერთხელ იყრის კენჭს, პოლიტიკური ლანდშაფტი მაქსიმალურად ჩაკეტილი იყოს საწინააღმდეგო აზრისთვის“, - თქვა მან.

თურქეთმა, ანტალიაში ცოტა ხნის წინ, ფართომასშტაბიან მედია ფორუმს უმასპინძლა, სადაც გამომსვლელები ცდილობდნენ მედიის წარმომადგენლების დარწმუნებას, რომ გასული წლის გადატრიალების შემდეგ დაწყებული ბიუროკრატიული წმენდა თუ დაკავებები არაფერია, თუ არა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ტერორიზმის შეკავების მცდელობა. მის მონაწილეებს ერთ დროს ერდოღანის მოკავშირე, ახლა კი მთავარი მტრის, რელიგიური ლიდერის ფეტულა გულენის შესახებ ინგლისურ ენაზე გამოცემული წიგნები გადასცეს, სახელწოდებით „თანამედროვე ასასინი.“ თურქეთის კულტურის მინისტრმა ნაბი ავჯემ მედიაში თურქეთის კრიტიკა „ისლამოფობიას და უმეცრებას“ დააბრალა.

ანკარის მიერ განტევების ვაცის ძებნა პოლიტიკური დისკურსის ნაწილი გახდა. ერდოღანი გამუდმებით სდებს ბრალს სხვადასხვა ჯგუფებებს, ქურთულ თუ ფეტულასთან დაკავშირებულ პირებს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში და კვალდაკვალ ზღუდავს თავისუფლებას, ოპოზიციურ აზრს. ეს პროცესი გასცდა თურქეთის საზღვრებს და საქართველოში თურქული სკოლების გარშემო მიმდინარე მოვლენები მისი ნაწილია.

თურქული გამბიტი

საქართველოს განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება გაუუქმოს ავტორიზაცია დემირელის კოლეჯს, რაც მის დახურვას გამოიწვევს. დემირელის კოლეჯი მეორე თურქული სკოლაა, რომელიც საქართველოში დაიხურა. პირველი, ბათუმში მდებარე შაჰინის ლიცეუმი იყო. საქართველო ასევე განიხილავს დემირელის კოლეჯის დირექტორის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის საკითხს. ცოტა ხნის წინ, ჩაბუქს, რომელიც საქართველოში 15 წელია ცხოვრობს, ლტოლვილის სტატუსზე უარი ეთქვა.

მასობრივი დაკავებების პროცესი ტერორიზმის ბრალდებით და ექსტრადიციის მოთხოვნები, 2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაიწყო. ამ დრომდე, თურქეთი აგრძელებს საჯარო მოსამსახურეთა, ჟურნალისტთა და აქტივისტთა დაპატიმრების სერიას. გადატრიალების შემდეგ, სამსახურიდან დაითხოვეს 90,000 საჯარო მოხელე, დახურეს ასობით მედია გამოცემა და არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე დააკავეს პარლამენტის წევრებიც. რამდენიმე კვირის წინ, ერდოღანი ათათურქის დაფუძნებული პარტიის წევრებს სიტყვიერად დაესხა თავს და მათ გადატრიალების შემოქმედებთან კავშირი დასდო ბრალად.

„ერდოღანი 16 აპრილის რეფერენდუმის შედეგებს სათავისოდ იყენებს და იბრძვის, რომ ქვეყანას საკუთარი სურვილი თავს მოახვიოს“, - ამბობს ამერიკის ყოფილი ელჩი თურქეთში ერიკ ედელმანი.

საქართველოში დემირელის კოლეჯის დახურვა და მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის თავშესაფარზე უარის თქმა, ერდოღანს „კუდიანებზე“ გამოცხადებულ „ნადირობაში“ ხელს უწყობს. საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ბევრჯერ მოუწოდეს თბილისს არ გადასცეს ჩაბუქი თურქეთს. მათი განცხადებით, თურქეთში მისი უფლებები შეილახება, რა მიზეზითაც ჩაბუქის ექსტრადიციას საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს.

„საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, აკრძალულია პირის გადაცემა ისეთი სახელმწიფოსთვის, სადაც ამ პირს დიდი ალბათობით, დაემუქრება წამება, არაადამიანური მოპყრობა, ან ადამიანის უფლებების სხვა სერიოზული დარღვევები.

"საერთაშორისო ამნისტიას" აღწერილი აქვს თურქეთში არსებული ადამიანის უფლებათა დაღვევები მათ წინააღმდეგ, ვისაც ბრალად ედება გულენის მოძრაობასთან გარკვეული კავშირები. შესაბამისად, დემირელის კოლეჯის მმართველი მუსტაფა ემრე ჩაბუქი, თუკი ის აღმოჩნდება თურქეთის ხელისუფლების ხელში, მისი ფუნდამენტური უფლებები შეიზღუდება“, - ამბობს ლევან ასათიანი. მისივე თქმით, მსგავსად საერთაშორისო კანონმდებლობისა, საქართველოს კანონმდებლობაც კრძალავს ამ სიტუაციაში პირის ექსტრადიციას.

ჩაბუქი, თურქეთის მთავრობის წევრების სტუმრობიდან ერთ დღეში, 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. საქართველოს მთავრობის გადაწვეტილება შესაძლოა, სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით გადადგმული ნაბიჯია, თუმცა "საერთაშორისო ამნისტიის" წარმომადგენლის ლევან ასათიანის განცხადებით, „სტრატეგიული პარტნიორობა არ ნიშნავს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას.“

სტრატეგიული სვლა

რამდენად სტრატეგიული და სწორად გათვლილია ოფიციალური თბილისის ეს ნაბიჯი? საქართველოს მნიშვნელოვანი მოკავშირეები და სტრატეგიული პარტნიორები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, არ აკმაყოფილებენ თურქეთის (ნატოს წევრი ქვეყნის) მოთხოვნებს. თავად ფეტულა გულენი ამ დროისთვის პენსილვანიის მკვიდრია და ვაშინგტონი ანკარას მის გადაცემაზე უარს ეუბნება, ხოლო გერმანიამ რამდეჯერმე უარყო ანკარის მოთხოვნა გულენთან კავშირში ბრალდებული პირების ექსტრადიციაზე.

„თურქეთში მიმდინარე მოვლენები ამერიკის და თურქეთის ურთიერთობებს საშიშროებას უქმნის. ეს ნატოსთვისაც საშიშია. მე ვშიშობ, რომ პრეზიდენტი ერდოღანი ქვეყანას სამოქალაქო ომამდე მიიყვანს“, - ამბობს ედელმანი.

ცოტა ხნის წინ, ესპანეთმა გაათავისუფლა თურქი წარმოშობის გერმანელი მოქალაქე, რომლის გადაცემასაც ანკარა ითხოვდა. თურქეთის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს არც საბერძნეთი, რომლიც უზენაესმა სასამართლომაც იანვარში თურქი სამხედროების ექსტრადიციაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ თურქეთში მათი „ფუნდამენტური უფლებები შეიზღუდებოდა.“

პარტია “ევროპული საქართველოს” წევრის სერგი კაპანაძის თქმით, საქართველო უნდა მიყვეს ევროპულ სტანდარტს და დაიცვას ადამიანის უფლებები. “რა თქმა უნდა, სტრატეგიულ პარტნიორთან და ჩვენს მეგობარ თურქეთთან კარგი ურთიერთობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დემოკრატიის და ადამიანის უფლებების ხარჯზე. სამწუხაროა, რომ ამ ბალანსის შენარჩუნებას საქართველოს მთავრობა ვერ ახერხებს”, - აღნიშნა მან.

6 ივლისს, ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, სადაც ანკარა გადატრიალების შემდეგომი ქმედებების და მათ შორის, საპატიმროებში არსებული ცუდი მოპყრობისთვის გააკრიტიკა. თუმცა, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს განცხადებით, მათ შეისწავლეს თურქეთის ციხეებში არსებული მდგომარეობა და მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს “ემრე ჩაბუქისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭება საქართველოს კანონით დადგენილი საფუძვლით."

თურქეთის მოთხოვნებს დასავლური სახელმწიფოებისგან განსხვავებით, აკმაყოფილებენ აზიის და აფრიკის ქვეყნები. საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა, სადაც თურქეთი სკოლების დახურვას და ე.წ. ფეტულას ტერორისტულ ორგანიზაციასთან (FETO) დაკავშირებული პირების გადაცემას ითხოვს. ამ უკანასკნელს, თურქეთის გარდა, არავინ ცნობს ტერორისტულ ორგანიზაციად. თუმცა, მსგავსი მოთხოვნებით თურქეთმა მსოფლიოს ბევრ ქვეყანას მიმართა.

გულენის „ჰიზმეთის“ მოძრაობასთან აფილირებული სკოლების თაობაზე თურქეთის პოზიცია გაითვალისწინეს აფრიკის ქვეყნებმა, როგორიცაა ნიგერია, ტანზანია და სენეგალი. ცენტრალური აზიის ზოგიერთმა ქვეყანამ კი თურქეთს უარი განუცხადა, მაგალითად ყირგიზეთმა.

"საერთაშორისო ამნისტიის" წარმომადგენელი ლევან ასათიანი, ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ „საქართველომ უნდა აირჩიოს ევროპის სახელმწიფოებთან გაიგივება სურს თუ არა, როგორი მისწრაფება აქვს საქართველოს, სურს, რომ იმოქმედოს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით, თუ უგულებელყოს ეს?“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG