კომპანია “კოკა-კოლას” რუსეთის ფილიალი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. გამაგრილებელი სასმელი ყირიმის ნახევარკუნძულთან დაკავშირებით გეოპოლიტიკური დაპირისპირების ცენტრში მოექცა.
ჩვენ, როგორც კომპანია მხარს არ ვუჭერთ არც ერთ პოლიტიკურ მოძრაობას.ციტატა "კოკა-კოლას" განცხადებიდან
რუსულ სოციალურ ქსელში “ВКонтакте” კომპანიამ საახალწლო მილოცვა გაავრცელა, რომელზეც ნაძვის ხეებით მორთული რუსეთის რუკა ჩანს და ყირიმის ნახევარკუნძული მასზე რუსეთის ნაწილადაა აღნიშნული.
ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია რუსეთმა 2014 წლის მარტში მოახდინა, რასაც დასავლეთში მწვავე კრიტიკა და რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესება მოჰყვა. ყირიმის რუსეთში გაერთიანებას მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა უჭერს მხარს. ამასთან, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ჯერ ისევ ძალაშია.
“კოკა-კოლამ” დღეს რუკის გამოქვეყნება მარკეტინგის კომპანიას დააბრალა და საჯარო განცხადებაში თქვა, რომ “ჩვენ, როგორც კომპანია მხარს არ ვუჭერთ არც ერთ პოლიტიკურ მოძრაობას." კომპანიამ გამოქვეყნებული პოსტი მოხსნა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხდა.”
“კოკა-კოლა” აცხადებს, რომ 30 დეკემბერს გამოქვეყნებული მილოცვა სარეკლამო სააგენტომ “კოკა-კოლის” მიერ მისი დამტკიცების გარეშე გაავრცელა.
სარეკლამო რგოლში რუსეთის ახალი რუკა კალინინგრადის რეგიონს არ შეიცავდა, თუმცა მასში ყირიმი და კურილის რამდენიმე კუნძული შედიოდა, რომლებთან დაკავშირებითაც რუსეთსა და იაპონიას შორის ტერიტორიული დავა ჯერ ისევ მიმდინარეობს.
სოციალურ ქსელებში ასობით ათასმა უკრაინელმა აღშფოთება გამოხატა და კომპანიის პროდუქტების ბოიკოტის პირობა დადო.
ამასთან, უკრაინის საელჩომ ამერიკაში სახელმწიფო დეპატრამენტს მომხდართან დაკავშირებით შეშფოთების წერილი გაუგზავნა.