ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთი რეფერენდუმის წინ


საბერძნეთში გამოკითხულთა 44.8 პროცენტმა თქვა, რომ სასწრაფო სესხის პირობებს დაეთანხმება, 43.4 პროცენტი არ დაეთანხმება, 11.8 პროცენტს კი გადაწყვეტილება არ მიუღია.

საბერძნეთის მოქალაქეების გამოკითხვა, რომლებიც, ევროპული სასწრაფო სესხის შეთავაზების თაობაზე კვირის რეფერენდუმში სავარაუდოდ მონაწილეობას მიიღებენ, აჩვენებს, რომ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა თითქმის თანაბარია.

30 ივნისიდან 1 ივლისამდე 1000 ადამიანი გაზეთ „ეთოს“-ის შეკვეთით, კომპანია „ალკო“-მ გამოკითხა. გამოკითხულთა 44.8 პროცენტმა თქვა, რომ სასწრაფო სესხის პირობებს დაეთანხმება, 43.4 პროცენტი არ დაეთანხმება, 11.8 პროცენტს კი გადაწყვეტილება არ მიუღია.

საბერძნეთის პრემიერ მინისტრი ალექსის ციპრასი კამპანიას უარყოფითი პასუხის მხარდასაჭერად ატარებს და ამბობს, რომ უარყოფითი პასუხი ევროპელ კრედიტორებთან მომავალ მოლაპარაკებებში საბერძნეთს უფრო ძლიერ პოზიციაზე დააყენებს.

ფინანსთა მინისტრმა იანის ვარუფაკისმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ხმის მიცემით ევროკავშირის კრედიტორების სასწრაფო სესხის შეთავაზებას მიიღებენ, მთავრობა, სავარაუდოდ გადადგება და ის ორშაბათს ფინანსთა მინისტრი აღარ იქნება.

ევროპელმა ლიდერებმა გაფრთხილება გამოთქვეს, რომ რეფერენდუმზე უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში, საბერძნეთი საერთო ვალუტის 16-წლიანი ისტორიის განმავლობაში, პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც ევროზონას დატოვებს.

XS
SM
MD
LG