ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა რუსეთს მოუწოდებს "უდიდესი შეცდომა" არ დაუშვას


რამდენიმე დღიანი დუმილის შემდეგ, რუსეთის მთავრობამ განცხადება გააკეთა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. პრემიერ მინისტრმა დმიტრი მედვედევმა ეჭვის ქვეშ დააყენა უკრაინის გარდამავალი მთავრობის ლეგიტიმურობა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ „დიქტატორული“ და „ტერორისტული“ მეთოდები გამოიყენება ახალი მთავრობის ოპონენტების წინააღმდეგ.

მედვედევმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის განდევნის შემდეგ უკრაინაში არავინაა ისეთი, ვისთანაც რუსეთის მთავრობა კომუნიკაციის წარმოებას შეძლებდა. მან იანუკოვიჩის გადაყენებას „შეიარაღებული აჯანყება“ უწოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაახლოებით იგივე შეინაარსის განცხადება გამოაქვეყნა, სადაც უკრაინაში მომხდარი მოვლენები აღწერილია, როგორც დაპირისპირება „შეიარაღებულ ბანდიტებსა“ და სამართალდამცავ ერთეულებს შორის, რომლებიც სამოქალაქო პირების დაცვას ცდილობდნენ. სამინისტრომ უკრაინელებს მოუწოდა წინააღმდეგობა გაუწიონ „ექსტრემისტების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას.“ სამინისტრომ უკრაინის პარლამენტი რუსი და სხვა ეთნიკური უმცირესობების ულებების შელახვაშიც დაადანაშაულა.

მოსკოვი ასევე აცხადებს, რომ უკრაინის ახალი მთავრობა რუსული ენის აკრძალვას გეგმავს და ნეო-ნაცისტურ პროპაგანდაზე შეზღუდვების მოხსნას აპირებს.

შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა რუსეთი გააფრთხილეს არ გადაისროლოს ჯარები უკრაინაში. ამერიკის ეროვნული უშიშროების მრჩეველმა სიუზან რაისმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეიარაღებული ძალების შეყვანა „უდიდესი შეცდომა“ იქნება.

კვირას, რუსეთმა უკრაინიდან ელჩი გამოიწვია კონსულტაციების მიზნით.
XS
SM
MD
LG