ჰასპელს დაკითხვის მკაცრ მეთოდებზე სენატი შეკითხვებს უსვამს

სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის მოადგილე ჯინა ჰასპელმა პირობა დადო, რომ არ განაახლებს ტყვეების მკაცრი წესით დაკითხვის პოლიტიკას.

ჰასპელი სენატის კომიტეტის წინაჩე ჩვენებით წარსდგა. კანონმდებლები მის კანდიდატურას დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე განიხილავენ.

“მე პერსონალურად პირობას გაძლევთ, მკაფიოდ და ყოველგვარი თავშეკავების გარეშე, რომ ჩემი მეთაურობით, დაზვერვის ცენტრალური სააგენტო არ განაახლებს დაკავებისა და დაკითხვის ასეთ პროგრამას,” თქვა ჩვენების მიცემისას ჰასპელმა.

თითქმის ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკის დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ უპრეცედენტო კამპანია დაიწყო იმისთვის, რომ დირექტორის თანამდებობაზე სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომლის დამტკიცების პროცესისთვის ხელი შეეწყო. თუ რამდენად წარმატებული იყო ეს კამპანია სენატში ჯინა ჰასპელის დღევანდელი მოსმენის შემდეგ გამოჩნდება.

ჰასპელი დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო იმ დრომდე, სანამ მაიკ პომპეო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაინიშნებოდა. პომპეოს სააგენტოდან დიპლომატიურ უწყებაში გადასვლის შემდეგ კი ჰასპელი დაზვერვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.

დღეს ის სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე წარსდგება და სენატორების შეკითხვებს უპასუხებს.

კითხვები, სავარაუდოდ, მის წარსულ საქმიანობას შეეხება. ჰასპელი იმ ტყვეების მკაცრი მეთოდების გამოყენებით დაკითხვის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო, რომლებიც ტერორიზმის ბრალდებით არიან დაკავებული. ამ მეთოდებში ისეთი სადავო საკითხიც შედის, როგორიცაა დაკითხვის დროს წყლით დახრჩობის იმიტაცია.

თანამდებობაზე დამტკიცების შემთხვევაში, ჯინა ჰასპელი პირველი ქალი იქნება, რომელიც დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს უხელმძღვანელებს.