შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის მოლაპარაკებებში კურტ ვოლკერმა ამერიკის სენატში ჰელსინკის კომისიას ჩვენება მისცა, სადაც რუსეთთან უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით წარმოებული მოლაპარაკების საკითხზე ისაუბრა.
ჩვენების შემდეგ “ამერიკის ხმის” რუსულ რედაქციასთან გაკეთებულ კომენტარში მან აღნიშნა, რომ მოსკოვისგან პასუხი ჯერ ისევ არ აქვს აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო ჯარების შეყვანასთან დაკავშირებით.
“ჩემს რუს კოლეგას ბოლოს იანვარში შევხვდი. მაშინ ვიცოდით, რომ პასუხის მიღებამდე გარკვეული დრო დაგვჭირდებოდა, რადგან რუსეთი პრეზიდენტ პუტინის მორიგი არჩევნებისთვის ემზადებოდა, ამის შემდეგ იქნებოდა ინაუგურაცია და შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ამას დრო დასჭირდებოდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, [აღმოსავლეთ უკრაინაში] ცხელი ომი მიმდინარეობს, ადამიანები იღუპებიან და ჯერ ისევ უდიდესი ჰუმანიტარული პრომბლემის წინაშე ვდგავართ,” თქვა ვოლკერმა. მან აქვე დასძინა, რომ შეერთებული შტატები ელოდება რუსეთის პასუხს უკრაინაში პროგრესის მისაღწევად.
ვოლკერს მიაჩნია, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ომი მხოლოდ იმ შემთხვევაში დამთავრდება, თუ ამის სურვილი პრეზიდენტ პუტინს ექნება. “უკრაინაში არ არსებობს სამოქალაქო ომის საფუძველი, არ არსებობს ბრძოლის გაგრძელების მიზეზი გარდა იმისა, რომ ქვეყანაში რუსეთის ძალებია განლაგებული,” თქვა მან.
ვოლკერის აზრით, აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობის დამყარების ყველაზე კარგ შანსს გაეროს ეგიდით იქ სამშვიდობო ძალების გაგზავნა იძლევა. ეს მხარეებს მინსკის შეთანხმებების პირობების შესრულებისთვის საჭირო გარემოებას შექმნის.