დიდი ბრიტანეთის ქალაქ სალსბერიში 4 მარტს, ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის იულიას იშვიათი ქიმიური იარაღით “ნოვიჩოკით” მოწამვლის ბრალდების საფუძველზე, ბრიტანეთის მთავრობამ ლონდონიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. ბრიტანეთთან სოლიდარობის მიზნით, რამდენიმე ქვეყანა ლონდონის მაგალითს მაშინვე მიჰყვა, მათ შორის, შეერთებული შტატებიც, რომელმაც ქვეყნიდან 60 რუსი დიპლომატი გააძევა.
რუსეთი ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდებას უწყვეტად უარყოფს. ერთ-ერთ განცხადებაში, მოსკოვმა ნერვულ აგენტ „ნოვიჩოკის,“ სავარაუდო წყაროდ, ოთხი ევროპული ქვეყანაც კი დაასახელა - თვითონ ბრიტანეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა და შვედეთი.
ისინი გაურკვევლობის უკან იმალებიან, ამბობენ, რომ [ქიმიური გაზის შესახებ] არაფერი იციან. მაგრამ ეს მიდგომა მათ სასარგებლოდ აღარ მუშაობს. ამ თავდასხმაზე რუსეთის თითის ანაბეჭდები კარგად ჩანს.ალექსანდერ ვერშბოუ
ამ დროისთვის, 27-მა ქვეყანამ და ნატომ ჯამში 152 რუსი დიპლომატი დაითხოვეს პოსტებიდან. მათი უმრავლესობა დაზვერვის თანამშრომლები არიან. მიუხედავად იმისა, რამდენად ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს გრძელვადიან პერსპექტივაში დიპლომატების გაძევება, ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უპრეცედენტო სოლიდარობა გამოიჩინეს.
ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე და ამერიკის ყოფილი ელჩი სამხრეთ კორეაში ალექსანდერ ვერშბოუ ამბობს, რომ დიპლომატების გაძევება იმაზე მეტყველებს, რომ ამერიკის მთავრობა დარწმუნებულია იმაში, რომ რუსეთმა ბრიტანეთს მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, რაზეც მკაცრი და დაუყოვნებელი პასუხი იყო გასაცემი.
“ეს იმის მაგალითია, რომ ჩვენ არ ვაპირებთ გავაგრძელოთ რუსეთის საქციელთან რეაგირების გარეშე შეგუება. ისინი გაურკვევლობის უკან იმალებიან, ამბობენ, რომ [ქიმიური გაზის შესახებ] არაფერი იციან. მაგრამ ეს მიდგომა მათ სასარგებლოდ აღარ მუშაობს. ამ თავდასხმაზე რუსეთის თითის ანაბეჭდები კარგად ჩანს,” თქვა ვერშბოუმ.
ამერიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში და ყოფილმა ელჩმა ნატოში კურტ ვოლკერმა “ამერიკის ხმის” უკრაინულ რედაქციასთან საუბარში განაცხადა, რომ ამერიკისა და დასავლეთის ქვეყნების ბრიტანეთთან სოლიდარობა “რუსეთის მიერ ნერვული გაზით უკიდურესად დაუდევარი და უხეშად გაბედული” თავდასხმის შემდეგ, სწორი რეაგირება იყო.
ახლა ჯერი რუსეთზეა იმის გასაცნობიერებლად, რომ მისი მოქმედებები ძალიან შორს წავიდა.კურტ ვოლკერი
ვოლკერს მიაჩნია, რომ “რუსეთმა დაინახა, რომ მისი საქციელი მიუღებელია. ამ გადაწყვეტილების ალტერნატივა რეაგირების საერთოდ არ გაკეთება იყო, რაც მოსკოვს მწვანე შუქს აუნთებდა ეკეთებინა ყველაფერი, რაც სურს. დღეს რუსეთმა დაინახა, რომ დასავლეთი საპასუხო მოქმედებისთვის მზადაა. ახლა ჯერი რუსეთზეა იმის გასაცნობიერებლად, რომ მისი მოქმედებები ძალიან შორს წავიდა.”
ვაშინგტონიდან საელჩოს თანამშრომლების გაძევებასთან ერთად, ამერიკამ სიეტლში რუსეთის საკონსულოს დახურვაც გადაწყვიტა. ამ ნაბიჯით რუსეთს ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე ოფიციალური წარმომადგენლობა აღარ ექნება. ამით, სავარაუდოდ, შეფერხდება კრემლის მიერ შეერთბული შტატების დასავლეთ სანაპიროზე განლაგებული სამხედრო დაწესებულებსა და განსაკუთრებით, დახვეწილი ტექნოლოგიური კომპანიების შესახებ ადამიანურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციის მოპოვება.
ადმინისტრაციის მხრიდან ამ უპრეცედენტოდ მკაცრი ნაბიჯის გადადგმის და მოკავშირე ბრიტანეთთან მტკიცე სოლიდარობის გამოჩენის მიუხედავად, ვერშბოუს მიაჩნია, რომ რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ნაბიჯებია საჭირო. მისი თქმით, ამ ნაბიჯებს შორის უნდა იყოს “პუტინთან დაახლოებული კონკრეტული პირების და ინტერესების წინააღმდეგ სანქციების დაწესება, რაც იმის კიდევ ერთი დასტური იქნება, რომ აგრესიის გამავრცელებელი სისტემის მხარდაჭერისთვის, მათ საფასურის გადახდა მოუწევთ.”
ვერშბოუს აზრით, პუტინს დღემდე რეალურად არ უგრძვნია “ეს ტვირთი უკრაინაში წარმოებული აგრესიის თუ ამერიკის და დასავლეთის სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევის გამო. დიპლომატების გაძევება პუტინის გათვლებს, სავარაუდოდ, არ შეცვლილს. ის, ალბათ, გააგრძელებს რუსი ხალხისთვის საჩვენებლად რუსეთის აუღებელ ციხე-სიმაგრედ წარმოჩენას, რომელიც მტრულად განწყობილი ქვეყნების მიერ არის გარშემორტყმული. თუმცა, საბოლოო ჯამში, მან იცის, რომ რუსეთის ეკონომიკა სუსტია და ის თავს უფლებას ვერ მისცემს ნატოსთან და ევროკავშირთან კონკურენცია დიდ ხანს გააგრძელოს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ეს ნაბიჯი გარკვეულ დე-ესკალაციამდე მიგვიყვანს.”
დე-ესკალაციის ნიშნები დღემდე არ ჩანს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტორომ და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკვე გააკეთეს განცხადებები იმაზე, რომ მოსკოვი დასავლეთს ამ ნაბიჯს უპასუხოდ არ დატოვებს. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ამერიკის გადაწყვეტილებას “პროვოკაციული ჟესტი” უწოდა. მოგვიანებით კი თქვა, რომ რუსული მხარე კვლავ მზადაა ამერიკა-რუსეთის სამიტის მოსაწყობად, მაგრამ დასძინა, რომ “ეს ყველაფერი ჩვენს ამერიკელ პარტნიორებზეა დამოკიდებული.”
შეერთებულ შტატებში პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრაზე საუბარი ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს, თუმცა ადმინისტრაცია კრემლის საპასუხო მოქმედებისთვის მზადაა. კულტ ვოლკერს მიაჩნია, რომ დასავლელი დიპლომატების რუსეთიდან გაძევების დროს გასათვალისწინებელი იქნება ის, რომ “ბრიტანეთთან სოლიდარობის მიზნით რუსი დიპლომატები ბევრმა ქვეყანამ დაითხოვა. ჩვენ საპასუხო რეაქციას, რა თქმა უნდა, ველოდებით, მაგრამ ასევე იმედს ვიტოვებთ, რომ რუსეთი ამ ვითარებიდან გამოსავლის ძებნასაც დაიწყებს,” თქვა ვოლკერმა.
პრეზიდენტმა პუტინმა ახლა უნდა გააცნობიეროს, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ისეთი დამტკბარი ურთიერთობა ვერ ექნება, როგორც ცოტა ხნის წინ იმედოვნებდა.ალექსანდერ ვერშბოუ
თეთრი სახლის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც რუსი დიპლომატების გაძევების დროს გაკეთდა, იმედს აჩენს, რომ პრეზიდენტ ტრამპის შეხედულება რუსეთთან დაკავშირებით შესაძლოა იცვლება. თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა სარა ჰაკაბი სანდერსმა თქვა, რომ “პრეზიდენტი თავიდანვე იყო ამ პროცესში ჩართული და მან პერსონალურად მიიღო ეს გადაწყვეტილება.”
ამ განცხადებას ვერშბოუ ოპტიმისტურად აფასებს. “თეთრმა სახლმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილების მიღებაში პრეზიდენტი ტრამპი პირადად იყო ჩართული. ეს იმედის მომცემი განცხადებაა, რადგან გვაჩვენებს, რომ პრეზიდენტმა მისი კოლეგა ვლადიმირ პურინის მიმათ დამოკიდებულება შეიცვალა და მას უფრო რეალისტურად აფასებს. მოგეხსენებათ, აქამდე ტრამპი ამბობდა, რომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა სურდა. პრეზიდენტმა პუტინმა ახლა უნდა გააცნობიეროს, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ისეთი დამტკბარი ურთიერთობა ვერ ექნება, როგორც ცოტა ხნის წინ იმედოვნებდა.”
ანალიტიკოსების ნაწილს მიაჩნია, რომ ამ ნაბიჯით ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბება, თუმცა ეს შემაკავებელი ფაქტორი არ უნდა იყოს. “სკრიპალის საქმეზე ამერიკის მხრიდან მოკავშირეებთან სოლიდარობის ეს უტყუარი დასტური, მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო ნაბიჯია,” თქვა ატლანტიკური საბჭოს მკვლევარმა მარკ სიმაკოვსკიმ და დასძინა, რომ “ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გაართულებს ისედაც გაუარესების გზაზე მდგარ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს.”
თუმცა, სიმაკოვსკის მიაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების შიშის გამო ამერიკამ რუსეთის აგრესიაზე პასუხის გაცემა ამით არ უნდა დაასრულოს. “მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. ადმინისტრაციამ მეტად უნდა ითანამშრომლოს ნატოს მოკავშირეებთან არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური შეკავების მიზნით და მოკავშირეების მიმართ მეტი მხარდაჭერის ჩვენებით. ეს მხოლოდ ერთი ნაწილია დიდი რებუსისა, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობა ჰქვია."
სერგეი სკრიპალსა და მის ქალიშვილზე თავდასხმა ამერიკის თავდაცვის მდივანმა ჯიმ მატისმა “მკვლელობის მცდელობად” შეაფასა და თქვა, რომ “სრულიად ცხადია” ის, რომ ქიმიური იარაღის გამოყენების უკან რუსეთი დგას.
ამ ფაქტის საჯაროდ დამტკიცების შემთხვევაში, “ნოვიჩოკის” გამოყენება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი შემთხვევა იქნება, როცა ერთმა ქვეყანამ მეორის ტერიტორიაზე მტრული მიზნებით სამოქალქო პირების წინააღმდეგ სამხედრო ხარისხის ქიმიური იარაღი გამოიყენა.
Facebook Forum