შესაძლებელია თუ არა არსებული დინამიკის ფონზე ნაკლებად სახიფათო ტრაექტორიაზე გადასვლა? საგარეო ურთიერთობების თემაზე წამყვანი გამოცემების რედაქტორების, შეერთებული შტატებიდან გიდეონ როუზის და რუსეთიდან ფიოდორ ლუკიანოვის დებატები კოლუმბიის უნივერსიტეტის იტალიის აკადემიის ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართა. ორივე გამომცემელი საერთაშორისო პოლიტიკაზე წერს, სადაც წამყვანი თემა ამ ორ ქვეყანას შორის არსებული და სხვა გლობალური სადაო საკითხებია.
ამერიკული გამოცემის " საგარეო ურთიერთობების" ჟურნალის რედაქტორმა გიდეონ როუზმა აქცენტი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაზე გააკეთა. მისი თქმით, "ჩვენ 2018 წელზე და მომავალზე ვსაუბრობთ და კითხვა არსებობს, რა არის საერთაშორისო პოლიტიკის სამართალი და კანონები, რომელზეც ჩვენ ყველა შეგვიძლია შევთანხმდეთ და მივყვეთ მას. შეერთებული შტატები, ჩინეთი, რუსეთი და ყველა ძლიერი სახელმწიფო დაინტერესებულია, რომ იყოს წესრიგი და არა ქაოსი, თანამშრომლობა ეკონომიკური სარგებლით, რომელიც დიდწილად დაკავშირებულია მშვიდობასთან და სტაბილურობასთან, რაც გულისხმობს, რომ დიდი ძალაუფლების მქონე ქვეყნები ომებში არის იყვნენ ჩართული.
თუმცა არსებობს უკრაინის საკითხი, რომელსაც რუსეთი უკრაინის და ყირიმის უსაფრთხოების ჭრილში განიხილავს, აგრძელებს ის- და "თავის მოქმედებებს უსაფრთხოების მიზეზით ხსნის. თუმცა არ შეიძლება უბრალოდ ადგე და შეიჭრა ქვეყანაში, ყველა შეთანხმება და საერთაშორისო კანონი დაარღვიო და ეს არაფერს ნიშნავდეს. ეს საერთაშორისო ვალდებულებებს და ქვეყნებს შორის აღიარებულ ნორმებს არღვევს. შეერთებული შტატები ამას აფასებს როგორც ძლიერი ძალაუფლების მქონე ქვეყნის მიერ ძალაუფლების გამოყენებას და ეს მიუღებელია ჩვენთვის."
გედეონ როუზის თქმით, ამერიკის საგარეო პოლიტიკა გამყარებულია საერთაშორისო ბერკეტებით. შეთავაზება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამხდარიყო ნატოს წევრი, რუსეთსაც ჰქონდა, თუმცა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე და ვალდებულებებზე უარი თქვა და არჩია დამოუკიდებელი მოთამაშე გამხდარიყო. ნატოს გაფართოების საკითხი ნატოს ყოველწლიურ სამიტზე განიხილება. ამ თემაზე საქართველოს შანსებთან დაკავშირებით გედეონ როუზმა "ამერიკის ხმასთან" განაცხადა რომ ახლა კომენტარისგან თავს შეიკავებდა, თუმცა ფიოდორ ლუკიანოვმა თავის პოზიცია ასე განმარტა.
"სიმართლე გითხრათ, ნატოსგან ვერ ვხედავ გაფართოების დიდ ინტერესს ახლა, მითუმეტეს ისეთ ქვეყნებთან, რომელთაც შეუძლიათ დამატებითი პრობლემები წარმოქმნან ნატოსთვის." ლუკიანოვის თქმით, საქართველო ღია კონფლიქტშია რუსეთთან და ვერ აკონტროლებს თავის ტერიტორიის დიდ ნაწილს. "როგორც ვიცი, ასეთ ვითარებაში როდესაც ქვეყანას პრობლემები აქვს მეზობელ ქვეყანასთან, ის ნატოს წევრი ვერ გახდება. თუ ნატო მიიღებს ქვეყანას, რომელსაც სამხედრო დაპირისპირება ჰქონდა წარსულში მეზობელთან და ნატო საქართველოს დაცვას გადაწყვეტს, არ მგონია მას კონფლიქტის წარმოქმნის ინტერესი ჰქონდეს რუსეთთან."
ლუკიანოვის მტკიცებით, ის, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, ეს არის საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ წარმოშობილი არასტაბილური ვითარების შედეგი. "ვერ ვიტყვი, რომ რუსეთს დიდი სარგებელი მოუტანა ამ ტერიტორიებმა. მაგრამ ეს იმ პერიოდის ლოგიკური განვითარება იყო. ახლა რეალისტურად რომ ვთქვათ რუსეთი უკან არ დაიხევს რადგან ეს იქნება პოლიტიკური და სამხედრო დამარცხება"-ამბობს ის.
უკრაინის საკითხების მკვლევარი, პროფესორი ჰარიმანის ინსტიტუტიდან ვალერი კუჩინსკი, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებზე საუბრობს:
"სხვადასხვა შეფასებები მოჰყვა ვლადიმირ პუტინის გაპრეზიდენტების გამო გავრცელებულ დონალდ ტრამპის მილოცვას. მაგრამ სხვა დანარჩენი საკითხები რომ არ ჩამოვთვალოთ, მათ შორის სიმპათიები რეალურად არსებობს"-დასძენს ის და განაგრძობს, რომ " უკრაინაში ვითარება რთულია. ნადია სავჩენკოსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები ძალიან სამწუხაროა, მისი მართვა არ შეიძლება."
გიდეონ როუზი შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის სადაო და მიუღებელ საკითხთა შორის ასევე დიდ ბრიტანეთში რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლების გახმაურებულ მკვლელობებს ასახელებს და რუსეთის მონაწილეობაზე ღიად საუბრობს. თუმცა რუსეთის წარმომადგენელი ბრიტანეთს ადანაშაულებს.
ფიოდორ ლუკიანოვი ამბობს, რომ რატომღაც დასავლეთს ჰგონია, რომ რუსეთი სულელი მანიაკებით იმართება. "ვერ ვხედავ ვერანაირ რაციონალურ მიზეზს დავიჯერო, რომ პუტინს სურდეს დაანახოს მთელ მსოფლიოს რომ ის ულიმიტოა და მსოფლიოს აჩვენებს რომ რაც სურს იმას აკეთებს. მე მას რამდენჯერმე შევხვდი და ის არ არის ასეთი კაცი. თუ ჩვენ დავუშვებთ რომ მსგავსი კონსპირაციული თეორიები რუსეთისთვის ნორმაა, მაშინ დავუშვათ, რომ ასეა ყველგან აშშ-იც. მაშინ დავუჯეროთ სხვა თეორიასაც და შეგიძლიათ ასობით მიზეზი იპოვნოთ ბრიტანეთის ხელისუფლებაში, თუ რატომ აწყობდა მსგავსი პროვოკაციის მოწყობა რუსეთისთვის."
გიდეონ როუზი ფიქრობს, რომ ემიგრირებული რუსი მზვერავების მკვლელობები - დაუფარავად და ღიად კიდევ უფრო დიდი საფრთხეა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის ახლა, ვიდრე კიბერ- ჩარევა ან შეტევა. "ეს ყველასთვის მიუღებელია, რომ მოხვიდე და სხვადასხვა ქვეყანაში მოწამლო ან მოკლა ადამიანები, რუსეთის ყოფილი მოქალაქეები. აქ რუსეთის პასუხიმგებლობა ჩანს. საერთაშორისო თანამეგობრობა ამას არ დაუშვებს. როგორც ჩანს რუსეთი ახლა საერთაშორისო ვალდებულების დარღვევის პროცესშია. ეს არის მორიგი შეთანხმების და ვალდებულების უგულვებელყოფა. არის რაიმე კანონი, რომელსაც რუსეთი დაეთანხმება და დაიცავს"კითხულობს ის.
Facebook Forum