უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს ლიდერებისგან საჰაერო თავდაცვის ძლიერ სისტემებს ითხოვს. ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის "ტერორისტული თავდასხმების" აღსაკვეთად ეს აუცილებელი საშუალებაა. მადრიდის სამიტზე უკრაინა განხილვის უმთავრესი თემა იქნება.
"ჩვენს სამიტზე ჩვენი ახლო მოკავშირის - უკრიანის მხარდაჭერას გავაძლიერებთ ახლაც და გრძელვადიან პერსპექტივაშიც. ნატოს მოკავშირეები თქვენ გვერდით დგანან", - დაწერა "ტვიტერზე" სტოლტენბერგმა ზელენსკისთან საუბრის შემდეგ.
ასევე ნახეთ: კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრში 40-მდე დაკარგულს ეძებენსტოლტენბერგის განცხადებითვე, სწრაფი რეაგირების ძალებს ალიანსი 40 000-იდან, 300 000-მდე მზადყოფნაში მყოფ სამხედრომდე გაზრდის.
მსოფლიო ლიდერების რამდენიმე სხვადასხვა შეკრების პარალელურად რუსეთი უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმას განაგრძობს. მაშველები აგრძელებენ კრემენჩუკის დაბომბილი სავაჭრო ცენტრის ნანგრევებში მოყოლილთა ძებნას. თავდასხმამ სულ მცირე 18 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 40-მდე მოქალაქეს კვლავ ეძებენ.
ზელენსკის თქმით, თავდასხმის მომენტში ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრში 1000-მდე მოქალაქე იმყოფებოდა. ქალაქი კიევიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 300 კმ-ის მოშორებით მდებარეობს.
"ეს არ იყო შემთხვევითი დარტყმა, ეს იყო გაანგარიშებული რუსული თავდასხმა ზუსტად ამ სავაჭრო ცენტრზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ტერორისტული თავდასხმაა ევროპის ისტორიაში", - თქვა ზელენსკიმ ღამის ვიდეო მიმართვაში.