უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ღალატში ეჭვმიტანილ ოთხ უკრაინელ დეპუტატს მოქალაქეობას ართმევს, მათ შორის სამი აკრძალული, პრორუსული პარტიიდანაა.
ზელენსკიმ თქვა, რომ ეს ნაბიჯი ანდრეი დერკაჩის, ტარას კოზაკის, რენატ კუზმინის და ვიქტორ მედვედჩუკის წინააღმდეგ "უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის მიერ მომზადებულ მასალებზე დაყრდნობით" გადადგა.
მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთმა უკრაინაში არაპროვოცირებული სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, სულ მცირე სამი მათგანი ქვეყნის ფარგლებს გარეთაა. ყველას წინააღმდეგ ღალატის ბრალდებით საქმეა აღძრული და სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
„თუ ხალხის არჩეული წარმომადგენლები აირჩევენ ემსახურონ არა უკრაინელ ხალხს, არამედ მკვლელებს, რომლებიც მოვიდნენ უკრაინაში, მაშინ ჩვენი ქმედებები სათანადო იქნება“, - თქვა ზელენსკიმ ერისთვის თავის ღამის ვიდეო-მიმართვაში.
მან დასძინა, რომ ეს არაა "ბოლო ასეთი გადაწყვეტილება".
ასევე ნახეთ: პოლონეთი უკრაინისთვის "ლეოპარდების" მიწოდებას "კოალიციის ფარგლებში" აპირებსდერკაჩი, კოზაკი, კუზმინი და მედვედჩუკი უკრაინის პარლამენტში, უმაღლეს რადაში, ოპოზიციური პლატფორმის "სიცოცხლისთვის" წევრები არიან, რომელიც ამჟამად უკრაინაში აკრძალულია. კოზაკმა უკრაინა 2021 წელს დატოვა.
დერკაჩი ორ ათწლეულზე მეტია უკრაინელი კანონმდებელია. გამომძიებლები მას რუსეთის სამართალდამცავი და სადაზვერვო სააგენტოებისგან "2019-2022 წლებში უკრაინის წინააღმდეგ დივერსიული ქმედებებისთვის" ნახევარ მილიონ დოლარზე მეტის მიღებაში ადანაშაულებენ. თებერვლის შემდეგ ის პარლამენტის სხდომას არ დასწრებია.
მედვედჩუკიც დიდი ხანია უკრაინელი პოლიტიკოსია, რომლის ქალიშვილის ნათლიაც, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია. ის აპრილში დააკავეს და რუსეთს სექტემბერში პატიმრების გაცვლის დროს გადასცეს.
მოქალაქეობაჩამორთმეული ოთხი დეპუტატიდან არც ერთი ზელენსკის ამ გადაწყვეტილებას საჯაროდ არ გამოხმაურებია.