ლუკაშენკოს რეჟიმი ევროპისთვის პრობლემების შექმნას განაგრძობს და მეზობლებთან საზღვრებზე ვითარებას უკიდურესად ძაბავს. ბოლო 2 კვირის განმავლობაში რთული ვითარებაა პოლონეთის საზღვარზე სადაც, ათასობით მიგრანტი ბელარუსის გავლით პოლონეთში შესვლას ცდილობს.
ევროპაში ამბობენ, რომ დევნილებს ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ლუკაშენკოს რეჟიმი იყენებს და მათ აიარაღებს და აიძულებს ევროპის მიმართულებით გადაადგილდნენ.
Your browser doesn’t support HTML5
პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე არსებული რთული ვითარების პარალელურად, საზვარს ბელარუსთან ყველა მისი მოსაზღვრე ქვეყანა ამკაცრებს. გასული კვირიდან მოყოლებული, საზღვარზე სამხედროების რაოდენობა გაზარდა უკრაინამაც. კიევში ფიქრობენ, რომ ბელარუსი მიგრანტებს მათი ქვეყნის მიმართულებითაც გაგზავნის.
სწორედ უკრაინის გადწყვეტილებით და რეგიონში არსებული მზარდი დაძაბულობის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ესაუბრა.
ინფორმაციას სატელეფონო საუბრის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ავრცელებს.
„პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბრის დროს განვიხილეთ უკრაინის საზღვრის უსაფრთხოების საკითხები და ბელარუსიდან მიგრაციის კრიზისი. ჩვენი, ევროკავშირის და უკრაინის პარტნიორობა ურყევია რეგიონული და გლობალური გამოწვევების წინაშე,“- წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
უკრაინასთან საზღვარზე დაძაბულობას ზრდის რუსეთიც. მოსკოვს ანექსირებულ ყირიმთან სამხედრო გემები ჰყავს განთავსებული, საზღვართან კი ასი ათასობით რუსი სამხედრო.
მზარდი დაძაბულობის ფონზე უკრაინამ ბოლო 24 საათში ამერიკისგან მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება მიიღო.