უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ორშაბათს, 30 იანვარს, დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენს შეხვდა. მათი შეხვედრა სამხრეთ უკრაინის ქალაქ მიკოლაივში შედგა, რაც უცხოეთის ლიდერის ვიზიტისთვის საკმაო იშვიათობას წარმოადგენს. მიკოლაივი ძალიან ახლოს მდებარეობს ფრონტის წინა ხაზთან.
ზელენსკის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე ჩანს, რომ ის ფრედერიკსენს სამხედრო ჰოსპიტალში შესვლის წინ შეხვდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა დაჭრილები მოინახულა. "ჩვენი მეომრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია" - დაწერა მან მოგვიანებით სოციალურ ქსელ "ტელეგრამზე". პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მუშაკებს, ვინც "ჩვენს დამცველებზე ზრუნავს".
ორი ქვეყნის ლიდერი მიკოლაივის პორტშიც მივიდნენ, სადაც რუსეთის მიერ დაბომბილი საწვავის საცავები დაათვალიერეს და წყლის გამწმენდი ნაგებობა, რომელიც დანიის დახმარებით აიგო. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ფრედერიკსენს უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის. ცოტა ხნით ადრე გაირკვა, რომ დანია კიევს საფრანგეთში დამზადებულ "ჰაუბიცების" 19 საარტილერიო სისტემას გადასცემს.
ასევე ნახეთ: "დრო ჩვენს იარაღად უნდა ვაქციოთ" - ზელენსკი"რეგიონი გმირულად უძლებს ტერორისტების (რუსეთის) ყველა შეტევას. ვიზიტის დროს, რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შეხვედრა გავმართე... ვისაუბრეთ ოპერატიულ სიტუაციაზე სამხრეთ უკრაინაში, რუსეთის სარაკეტო და დრონებით მიტანილი იერიშების შედეგებზე" - დაწერა ზელენსკიმ. მისი გზავნილის მიხედვით, ადგილობრივ მთავრობასთან ასევე განიხილეს ენერგო-ინფრასტრუქტურის პრობლემები და რეგიონში სიტუაციის გაუმჯობესების გრძელვადიანი გეგმა.
მოგვიანებით, ორი ქვეყნის ლიდერებმა პრესკონფერენცია მეზობელ ქალაქ ოდესაში გამართეს. ზელენსკიმ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ომის წლისთავის მოახლოებასთან ერთად, მოსკოვი შესაძლოა მორიგ თავდასხმას გეგმავდეს. "ვფიქრობ, რუსეთს დიდი შურისძიება ნამდვილად სურს. მგონია, რომ ის მათ უკვე დაიწყეს. ჩემი აზრით, ისინი ვერ შეძლებენ თავის საზოგადოებას დადებითი შედეგები მიაწოდონ" - უთხრა უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
"ნაბიჯ-ნაბიჯ შევაჩერებთ მათ, დავანგრევთ და მოვემზადებით ჩვენი დიდი კონტრიერიშისთვის" - აცხადებს ზელენსკი. თუმცა, მან ისიც აღნიშნა, რომ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზებზე იერიშებს არ წყვეტს და იქ კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის ჯგუფის" დამატებითი ძალები გადაჰყავს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, "მათ ან თავისი რეგულარული ჯარები მოჰყავთ, ან ვხედავთ "ვაგნერელების" რიცხვის ზრდას".