რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანი მარია ზახაროვა რუსეთის მთავრობის ერთადერთი ოფიციალური პირია, რომელმაც საჯაროდ დაადასტურა, რომ ხუთი ადამიანი, „სავარაუდოდ“ რუსეთის მოქალაქე, სირიაში, დეირ ელ-ზურთან, ამერიკულ ძალებთან შეიარაღებულ შეტაკებაში დაიღუპა.
განსხვავებულია რუსეთის ოპოზიციის ლიდერების მიერ გაკეთებული კომენტარები და დასავლურ და რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია.
თუ ჩვენს ჯარებს საფრთხე დაემუქრება, ძალას გამოვიყენებთ და ეს სწორედ ასეთი შემთხვევა იყო.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი ჰედერ ნაუერტი
„Polygraph.info“-მ კრემლთან დაახლოებული წყაროსგან აუდიო ჩანაწერები მოიპოვა, რომელიც აჩვენებს, რომ საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულებს შორის რუსული კერძო სამხედრო კომპანიის თანამშრომლები იყვნენ. კომპანია „ვაგნერი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორია, რომელიც სირიაში ნავთობგადამამუშავებელ რამდენიმე ქარხანაზე კონტროლის დაწესებას ცდილობს.
მოპოვებულ აუდიო ჩანაწერში სამიდან ერთ-ერთი დაქირავებული ჯარისკაცი ამბობს: „200 კაცი დავკარგეთ... მყისიერად. მეორემ 10 კაცი დაკარგა... მესამე ასეულის შესახებ არ ვიცი, მაგრამ იმასაც საკმაოდ მძიმედ დაარტყეს”.
ინციდენტი 7თებერვლის ღამეს მოხდა. ზახაროვას ბრიფინგამდე ერთი კვირით ადრე.
პენტაგონმა განაცხადა, რომ ამერიკის ძალები თავს იცავდა თავდასხმისგან, რომელიც სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მომხრე ძალების მიერ განცორციელებულ შეტევად ჩათვალა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ჰედერ ნაუერტმა თქვა, რომ „თუ ჩვენს ჯარებს საფრთხე დაემუქრება, ძალას გამოვიყენებთ და ეს სწორედ ასეთი შემთხვევა იყო“.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის და თავდაცვის სამინისტროს მეშვეობით სწრაფად გავრცელდა განმარტება, რომ ამერიკული საჰაერო თავდასხმის რაიონის სიახლოვეს რუსული ჯარები არ ყოფილა.რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი მარია ზახაროვა
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჯიმ მატისმა კი ინციდენტი ასე შეაფასა - „ეს თავდაცვა იყო. აშკარაა, რომ ჩვენ სირიის სამოქალაქო ომში არ ვერთვებით“.
შეერთებული შტატების სამხედრო უწყების ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ 7 თებერვლის თავდასხმამდე, ამ ინციდენტის დროს და მას შემდეგ, კოალიციას სირიაში განლაგებულ რუსეთის სამხედრო კონტინგენტთან კონტაქტი უწყვეტად ჰქონდა. მათივე თქმით, რუსეთმა იცოდა, რომ იმ ტერიტორიაზე სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენლები იყვნენ. ეს ის ჯგუფებია, რომლებსაც ამერიკა დახმარებას უწევს.
მატისის თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლობამ სირიაში ამერიკელ სამხედროებს უთხრეს, რომ იმ ტერიტორიაზე მათ არავითარი ძალები არ ჰყავდათ.
„რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის და თავდაცვის სამინისტროს მეშვეობით სწრაფად გავრცელდა განმარტება, რომ ამერიკული საჰაერო თავდასხმის რაიონის სიახლოვეს რუსული ჯარები არ ყოფილა“, უთხრა ჟურნალისტებს ზახაროვამ.
ინციდენტის დროს დაღუპულთა რაოდენობაზე და მოქალაქეობაზე ზახაროვას განმარტება დასავლური და რუსული მედიის ზოგიერთი გამოცემის ცნობებს ეწინააღმდეგება.
რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ ზახაროვას განცხადებას „სიცრუე“ უწოდა.
„ძნელი წარმოსადგენია თუ რამდენად დიდი დრო დასჭირდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაჭრილთა მოქალაქეობის დასადგენად, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ დაშავებულები რუსეთში გადაიყვანეს“, თქვა ნავალნიმ.
სირიის სხვადასხვა ნაწილში, რუსეთს საკუთარი ბაზები აქვს. რუსეთის სამხედრო უწყება და მთავრობა ბაშარ ალ-ასადთან და მის შეიარაღებულ ძალებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ.
რამდენიმე რუსულმა მედია საშუალებამ, რუსეთის სულ ცოტა, რვა მოქალაქის ამოცნობა შეძლო, რომელთა ნათესავებმა და მეგობრებმა დაადასტურეს, რომ ისინი 7-8 თებერვალს, სირიაში, დეირ ელ-ზურში დაიღუპნენ.
ეს სია რამდენიმე გამოცემის მიერ არის შედგენილი, მათ შორისაა, „ნოვაიაგაზეტა.რუ“, „ფონტანკა.რუ“, „რადიო თავისუფლება“ და სხვები.
დადასტურებული მსხვერპლის ვინაობა:
ალექსეი შიხოვი, ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდიდან
რუსლან გავრილოვი, სვერდლოვსკის ოლქის სოფელ კედროვკიდან
სტანისლავ მატვეევი, სვერდლოვსკის ოლქის ქალაქ ასბესტიდან
იგორ კოსოტუროვი, სვერდლოვსკის ოლქის ქალაქ ასბესტიდან
ალექსეი ლადიგინი, ქალაქ რიაზანიდან
კირილ ანანიევი, მოსკოვიდან
ვლადიმირ ლოგონოვი, კალინინგრადიდან
ვლადიმირ, იგივე „აპოსტოლი“, გვარი უცნობია.
რუსმა ოპოზიციონერმა გრიგორი იავლინსკიმ, რომელიც 2018 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინის მეტოქე იქნება, კრემლს და სამხედრო უწყებას ღია წერილით მიმართა და სირიაში 7-8 თებერვალს მომხდარზე სიმართლის გამხელა მოსთხოვა.
„მოვითხოვ განმარტებას, იმაზე თუ სირიაში მიმდინარე სახმელეთო სამხედრო ოპერაციებში რუსეთის მოქალაქეები, რატომ იღებენ მონაწილეობას, მიუხედავად პრეზიდენტის და თავდაცვის მინისტრის განცხადებისა იმის შესახებ, რომ იმ ქვეყნიდან რუსეთის სამხედრო ძალები გამოყვანილია და სირიაში სამოქალაქო ომი დასრულდა“, განაცხადა იავლინსკიმ.
ახალი ამბების დამოუკიდებელი რუსული სააგენტოს „ზნაკ.კომ-ის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინციდენტის დროს „217 რუსი დაქირავებული“ დაიღუპა.
11 თებერვალს „პოლიგრაფ.ინფომ“, კრემლთან დაახლოებული წყაროსგან შეიტყო, რომ ჩანაწერებში „ვაგნერის“ პერსონალის ხმა ისმის.
ყველაზე ხანგრძლივ აუდიო ჩანაწერში, მამაკაცი რუსულად, მოსკოვური აქცენტით ლაპარაკობს და დეტალურად აღწერს 7 თებერვალს ღამით. ის ინციდენტს აღწერს, როგორც დეირ ელ-ზურში ამერიკელების მიერ დაკავებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე „ჩვენს მიერ მიტანილ ჩაფლავებულ შეტევად“.
მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამხედრო ჯგუფები რუსეთში უკანონოდ ითვლება, არაერთი სადაზვერვო მოხსენება და ექსპერტი ამბობს, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, რუსეთის მთავრობის ჩრდილოვანი გასამხედროებული ჯგუფია, რომელსაც მთელს მსოფლიოში, სხვადასხვა კონფლიქტში იყენებენ, მათ შორის, უკრაინაში, საქართველოსა და სირიაში.
ცნობილია, რომ კომპანია „ვაგნერი“ გასამხედროებულ პერსონალს რუსეთში ქირაობს. დაქირავებულების ნაწილი აღმოსავლეთ უკრაინიდანაა. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, დაღუპულებს შორის რამდენია რუსეთის მოქალაქე და რამდენი სხვა ქვეყნის.
ეველინ ფარკასმა, თავდაცვის მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს რუსეთის, უკრაინის და ევრაზიის საკითხებზე მუშაობდა, „ბლუმბერგ.კომს“ უთხრა, რომ„ნებისმიერი რუსი დაქირავებული, უკრაინაში იქნება თუ სირიაში, რუსეთის მთავრობისთვის მუშაობს“.
ქვემოთ არის ორიგინალური რუსულენოვანი აუდიო ჩანაწერების თარგმანი:
„ერთმა ასეულმა 200 კაცი დავკარგეთ... მყისიერად. მეორემ 10 კაცი დაკარგა... მესამე ასეულის შესახებ არ ვიცი, მაგრამ იმასაც საკმაოდ მძიმედ დაარტყეს... ასე, რომ სამმა ასეულმა მძიმე დარტყმა მიიღო... იანკებმა შემოგვიტიეს... თავიდან არტილერიით და შემდეგ ოთხი შვეულმფრენი აიყვანეს ჰაერში და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით კარუსელი მოგვიწყვეს. ისინი გვბომბავდნენდა ჩვენს ბიჭებს ავტომატების გარდა არაფერი ჰქონდათ... სულ არაფერი. მხრიდან გასაშვებ ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტაზე და მის მსგავსზე სულ არაფერს ვამბობ... ნაწილებად დაგვგლიჯეს, ჯოჯოხეთში გაგვატარეს. იანკებმა ნამდვილად იცოდნენ, რომ რუსები მოდიოდნენ, რომ იქ ჩვენ ვიყავით,... ჩვენი ბიჭები ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ხელში ჩაგდებას აპირებდნენ და ის იანკებს ჰქონდათ დაკავებული... ჩემმა ჯარისკაცებმა დამირეკეს... ისინი ახლა სვამენ... ბევრი უგზოუკვლოდ დაიკარგა... ეს სრული საძაგლობაა, კიდევ ერთი წამოკიდება... გესმის, ყველა ისე გვექცევა ისე გვირტყამენ, თითქოს პატარები ვიყოთ. მაგრამ ჩვენი მთავრობა ახლა უკან დაიხევს, პასუხს არავინ გასცემს და არაფერი, ამისთვის არავინ არავის დასჯის...ასე, რომ ეს ჩვენი დაღუპულებია...“
„თავდასხმის შემდეგ მხოლოდ ერთი ტანკი და ერთი ჯავშანმანქანა გადარჩა. ყველა სხვა ჯავშნიანი მანქანა და ტანკი ბრძოლის პირველ წუთებში განადგურდა, მაშინვე.“
„ახლა მქონდა სატელეფონო საუბარი კაცთან; უბრალოდ კოლონა შეადგინეს, მაგრამ თავის პოზიციებამდე ვერ მიაღწიეს, დაახლოებით 300 მეტრი დარჩათ. ერთი დანაყოფი წინ გადაადგილდა, კოლონა ადგილზე დარჩა, სხვებისგან 300 მეტრის დაშორებით. სხვებმა ამერიკული დროშა აღმართეს. მერე მათი შვეულმფრენები მოფრინდნენ. ჩვენები უბრალოდ აქეთ-იქით დარბოდნენ. ახლა მეგობარმა დამირეკა, დაახლოებით 215 ადამიანი მოკლეს. მათ უბრალოდ მაგრად გადაგვიარეს. ჩვენებს იქ რის იმედი ჰქონდათ?! რომ ისინი თავისით გაიქცეოდნენ? იმედი ჰქონდათ, რომ მათ შეაშინებდნენ და იქიდან გააქცევდნენ? ბევრის სხეული ისე დასახიჩრდა, მათი ამოცნობაც შეუძლებელი გახდა. [ამერიკელების მხრიდან] ქვეითი ჯარისკაცები არ იყვნენ, მათ ჩვენს კოლონას უბრალოდ არტილერიით გადაუარეს“.