3 მაისი - პრესის თავისუფლების დღე

განვითარებულ, ჯანსაღ საზოგადოებაში მედიის თავისუფლება და გამჭვირვალეობა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. თუმცა, მსოფლიოში ინფორმაციაზე მოთხოვნილების ზრდასთან ერთად, მისი არამარტო შერჩევითი მიწოდება ხდება, არამედ ხშირ შემთხვევაში მასზე ხელმისაწვდომობაც მაქსიმალურად ლიმიტირებულია.

3 მაისს მსოფლიო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ინფორმაციის შეუზღუდავად მოპოვება ნებისმიერი ადამიანის სურვილი და უფლებაა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მათ ამის შესაძლებლობა არ აქვთ.

დამოუკიდებელი ორგანიზაცია - ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი - პრესის თავისუფლების დაცვას მსოფლიო მასშტაბით ცდილობს. ორგანიზაციამ სულ ახლახან იმ 10 ქვეყნის სია გამოაქვეყნა, სადაც მედია ყველაზე მეტად კონტროლირებადია. კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი, ჯოელ საიმონი აღნიშნავს, რომ „ინფორმაციის მოპოვება და მიღება ადამიანის საარსებო, ფუნდამენტური უფლებაა“.

ერითრეა მედიისთვის ყველაზე მეტად არის დახურული. ქვეყანაში არ არსებობს საერთაშორისო სააგენტოები. ჟურნალისტები იქ ვერც კი აღწევენ. მთავრობა პრესას სრულად აკონტროლებს“ - ამბობს ბატონი საიმონი

დუაიტ ჰეილი, ერითრეის საელჩოს თანამშრომელი ვაშინგტონში თვლის, რომ კომიტეტის ანგარიში მისი ქვეყნის შესახებ ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული.

არამარტო დედაქალაქში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტიპის უამრავი სატელიტური ანტენა ფუნქციონირებს. ქალაქი სავსეა ინტერნეტ-კაფეებით, სადაც მოსახლეობას ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვების საშუალება აქვს“ - აღნიშნავს ერითრეის ოფიციალური წარმომადგენელი.

საინფორმაციო ვაკუუმში მხოლოდ ერითრეის მოსახლეობა როდია. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ანგარიშის მიხედვით ანალოგიური სიტუაციაა ჩრდილოეთ კორეაში, სირიაში, ირანში, ეკვატორულ გვინეაში, უზბეკეთში, ბირმაში, კუბაში, ბელარუსში და საუდის არაბეთში.

„საუდის არაბეთი დიდი ხანია დახურულ საზოგადოებად ითვლება. პოლიტიკური და რელიგიური სისტემების კრიტიკა იქ კვლავ მკრეხელობად ითვლება და მედიის მკაცრი შეზღუდვა წლების მანძილზე ოდნავადაც არ შემსუბუქებულა“ - ამბობს ჯოელ საიმონი

ვაშინგტონში მდებარე საუდის არაბეთის საელჩო ამ საკითხებზე კომენტარისგან თავს იკავებს.

ახალი ტიპის მედიის განვითარებასთან ერთად პრესაში ე. წ. მოქალაქე ჟურნალისტების სახით სრულიად ახალი ტიპის ჟურნალისტიკა ყალიბდება. ინტერნეტ-ბლოგებმა და სოციალურმა მედიამ დაინტერესებულ ადამიანებს ახალი, ბევრად უფრო ოპერატიული და მობილური პლატფორმა შესთავაზა. მარკ იურკოვიჩი პიუს კვლევითი ცენტრში ჟურნალისტთა წარმატების პროგრამას ხელმძღვანელობს. ორგანიზაცია დამოუკიდებელი, არამომგებიანი და არასამთავრობო უწყებაა.

ჟურნალისტიკა მკვეთრად შეიცვალა. უწინ რამდენიმე ადამიანს, რომელიც მედია-საშუალებების მფლობელი იყო, მათი სრული კონტროლის საშუალება გააჩნდა. ახლა კი გვაქვს გაფანტული, უფრო მეტად გავრცელებული და დაქსაქსული მედია, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია“ - აღნიშნავს ბატონი იურკოვიჩი.

იქ სადაც პრესა მეტად თავისუფალია, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მოჭარბებული ინფორმაციის ფონზე სულ სხვა ტიპის პრობლემები ჩნდება: ახლა უკვე სწორი წყაროს მოძებნა და სიმართლის დადგენა რთულდება.

იმ ქვეყნებში კი, სადაც მთავრობების და კერძო დაინტერესებული მხარეების მიერ პრესის შეზღუდვა გრძელდება, ჯერ კიდევ არიან ჟურნალისტები, რომლებისთვისაც მთავარ მიზანს უტყუარი ინფორმაციის მოპოვება და სიმართლის გავრცელება წარმოადგენს. მათი უმრავლესობა საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას დიდი სერიოზულობით ეკიდება, თუმცა ზოგჯერ მათ ეს სიცოცხლის ფასად უჯდებათ. წლის დასაწყისიდან მხოლოდ 4 თვე გავიდა, მაგრამ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ანგარიშით მსოფლიოში უკვე 17 ჟურნალისტი დაიღუპა.