მას შემდეგ რაც ვაშინგტონმა, რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა, მოსკოვში ამბობენ, რომ ეს ამერიკის მხრიდან „ეკონომიკური ომის“ გამოცხადებაა.
ამერიკისა და პარტნიორი ქვეყნების სანქციების ამოქმედების შემდეგ რუსეთი 1991 წლის შმედეგ ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაშეა. კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები „მტრული ქმედებაა“ რომელიც გლობალურ ბაზრებს არყევს.
"ეს არის ეკონომიკური ომი,"- თქვა პესკოვმა.
პესკოვი, პრეზიდენტ ბაიდენის რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვაზე მიღებულ გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე „ტურბულენტობას“ წარმოშობს.
„ეს ართულებს ვითარებას და გვაიძულებს ამაზე სერიოზულად ვიფიქროთ. არავინ ვიცით რამდენად შორს წავა ეს ტურბულენტობა“- თქვა პესკოვმა.
Your browser doesn’t support HTML5
მსოფლიო ეკონომიკაზე სანქციებს დიდი გავლენა ექნება, ამბობს ჩინეთი. მსოფლიოში ეკონომიკური სიდიდით მეორე ქვეყანა, აცხადებს, რომ სანქციები გლობალურ ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეანელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რუსული ნავთობის ამერიკაში იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება, 8 მარტს მიიღო. ამერიკაში რუსული ნავთობის წილი 8 პროცენტს შეადგენს.
ნავთობისა და გაზის აკრძალვას არ შეუერთდა ევროპა, ევროკავშირი აცხადებს, რომ წლის ბოლომდე რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას შეამცირებენ, 2030 წლისთვის კი სრულად შეწყვეტენ იმპორტს.
ამერიკამ და ევროპამ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მას შემდეგ დააწესეს, რაც 24 თებერვალს, კრემლმა უკრაინაში ინტერვენცია განაახლა. მოსკოვი ამას „სპეციალურ ოპერაციას“ უწოდებს „ნაციზმის წინააღმდეგ“ .
სამხედრო ინტერვენციის განახლების შემდეგ რუსული ეკონომიკური მაჩვენებლები ყოველდღიურად უარესდება. ქვეყანას კი სულ უფრო და უფრო მეტი დასავლური კომპანია ტოვებს. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ აპრილში რუსეთი დეფოლტს გამოაცხადებს.