ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) მოელის, რომ მსოფლიო ეკონომიკა მომავალ წელს, პანდემიამდე არსებულ დონეზე აღდგება. ორგანიზაციის მიერ სამშაბათს გაკეთებული განცხადების მიხედვით, 2021 წელს ეკონომიკა 4.2%-ით გაიზრდება. 2020 წელს, კოვიდ-19-ის სახელით ცნობილმა ახალი კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკის მოცულობა ამდენითვე, 4.2 პროცენტით შეკვეცა.
განცხადება პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცის გენერალურმა მდივანმა, ანჯელ გურიამ გაახმოვანა. გურია აცხადებს, რომ ვაქცინების ეფექტურობის მონაცემებმა ყველას დიდი იმედი გაუჩინა. თუმცა, ის იმასაც უსვამს ხაზს, რომ პანდემიით შექმნილ ხიფათს ჯერ ბოლომდე არ ჩაუვლია.
ორგანიზაციის პროგნოზით, შეერთებული შტატები და ევროპა ზრდაში უფრო ნაკლებ წვლილს შეიტანენ, ვიდრე მათ მთლიანად გლობალური ეკონომიკის მოცულობაში აქვთ წილი. პანდემიის მართვას ჩინეთმა და სამხრეთ კორეამ თავი უკეთ გაართვეს, ვიდრე სხვებმა, აღნიშნავს ლორენს ბუნი - ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ეკონომისტი. მისი თქმით, სწორედ ამ ორი ქვეყნის ხარჯზე მოდის გლობალური ეკონომიკის უკვე დაწყებული ზრდის მონაცემები.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეკონომიკის გაუმჯობესების პროცესი ქვეყნებს და სექტორებს შორის არათანაბარი იქნება. ვითარება უკეთესი იქნება იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსზე ტესტირების, მონიტორინგის და იზოლაციის პროგრამები, ვაქცინების ეფექტურ დისტრიბუციასთან ერთად, კარგად წარიმართება. სიტუაცია 2020 წელს გაცილებით უარესი იქნებოდა, სახელმწიფოებს რომ მოქალაქეებისთვის და ბიზნესებისთვის ეკონომიკური დახმარება არ გაეწიათ - აცხადებენ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში.
ასევე ნახეთ: გერმანია ბიზნესის დასახმარებლად დამატებით 4.5 მილიარდ ევროს გამოყოფს