მსოფლიო ბანკი დიასპორული რესურსების ახალი ხედვით

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის ახალი პროექტის პრეზენტაცია მოეწყო.

ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ამერიკაში მცხოვრები ქართული დიასპორის წევრებს შეხვდნენ. ღონისძიება პარასკევს, 18 სექტემბერს საქართველოს საელჩოს შენობაში გაიმართა. მისი ორგანიზატორი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი გახლდათ.

მსოფლიო ბანკის თანამშრომლებმა ქართველ ემიგრანტებს ჯერ კიდევ მომზადების სტადიაში მყოფი პროექტი „საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემების ფორმირება“ გააცნეს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაფანტული ქართული დიასპორის წარმომადგენლების აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს. მსოფლიო ბანკის ახალ პროექტს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო განახორციელებს.

„ქართული დიასპორიდან სულ ცოტა 700 ათასი ადამიანი შინ წლიურად საშუალოდ 2 მილიარდ დოლარს აგზავნის. მათ დანაზოგი სავარაუდოდ, ემიგრაციაშიც ექნებათ. ამ თანხების მობილიზება დიასპორული ინვესტიციების სახით არის შესაძლებელი, რომელიც ქართულ პროექტებს მოხმარდება. ემიგრანტებს საქართველოსთვის როგორც ფინანსური, ისე სხვა რესურსებით -ცოდნით, გამოცდილებით და შეძენილი უნარებით- ძალიან დიდი მხარდაჭერის აღმოჩენა შეუძლიათ“ - ამბობს დილიპ რათჰა, მსოფლიო ბანკის ერთ-ერთი დირექტორი, რომელიც მიგრაციის და ფულადი გზავნილების განვითარების პერსპექტივების ჯგუფის მენეჯერია.

დილიპ რათჰას გარდა, შეხვედრას მსოფლიო ბანკის მხრიდან ესწრებოდნენ თომას ჰევანი, პროექტის ხელმძღვანელი და სიდჰართა რაჯა, ტექნოლოგიების და სამუშაო ადგილების სპეციალისტი. საქართველოს მთავრობას კი დიასპორასთან გამართულ შეხვედრაზე წარმოადგენდნენ ნინა მატიაშვილი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი და საქართველოს საელჩოს თანამშრომლები.

ნინა მატიაშვილის თქმით, მსოფლიო ბანკის პროგრამის პრეზენტაციის გარდა, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები საქართველოში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის და ადამიანური რესურსების უკეთ მობილიზებისთვის უფრო ახლოს გაცნობოდნენ ქართული დიასპორის ინტელექტუალურ და ფინანსურ პოტენციალს, დიასპორის ხედვას, იდეებსა და რეკომენდაციებს. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი ამბობს, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით, მათ უწყებას და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობას საფუძველი ერთი წლის წინ ჩაეყარა და დღეს ისინი ერთობლივ მუშაობას რამდენიმე მიმართულებით აგრძელებენ.

„მემორანდუმი მსოფლიო ბანკთან 27 მაისს გავაფორმეთ. მათი ფულადი გზავნილების და მიგრაციის განყოფილება აქტიურად არის ჩართული ქართული დიასპორის მობილიზაციისთვის გამიზნული დოკუმენტის შემუშავებაში. გამოქვეყნდა წიგნი დიასპორული საინვესტიციო მექანიზმების შესახებ, რომელიც ქართულ ემიგრაციაში ფინანსური მექანიზმების შესახებ ცოდნის ამაღლებას შეუწყობს ხელს. დიასპორულ საინვესტიციო პროექტებზე მსოფლიო ბანკი ბევრ ქვეყანაში მუშაობს, მაგრამ საქართველოსთან ამ ტიპის ურთიერთობა არ ჰქონია, ახლა დაიწყო ამ თემებზე საუბარი“ - აღნიშნავს ნინა მატიაშვილი.

მისი განმარტებით, პროექტი გააერთიანებს როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების, ლაბორატორიების და ინოვაციური ცენტრების ფორმირების, ასევე სამეწარმეო უნარების დახვეწის და გამოცდილების გაზიარების მიზნით შექმნილ პროგრამებს. მსოფლიო ბანკის პროექტი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, ამიტომ მონაწილეთა შერჩევის ზუსტ პარამეტრებზე, მეთოდებზე და ამოქმედების თარიღებზე ჯერ საუბარი ნაადრევია. ვარაუდობენ, რომ ფინანსურ მხარდაჭერაზე წვდომა მოხდება როგორც საგრანტო პროგრამების, ასევე თანადაფინანსების საშუალებით.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი დილიპ რადჰა პროექტის წარმატებით ამოქმედებაზე და მასში ქართული დიასპორის ჩართვაზე დიდ იმედებს ამყარებს. მისი თქმით, „საქართველო დიდად მოგებული დარჩება, თუ საკუთარი დიასპორის წარმომადგენლებს ამ მიმართულებით მოიზიდავს და ჩართავს, მას ხომ ქვეყნის დახმარების უდიდესი პოტენციალი აქვს. ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუ ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებს ხელი მსოფლიოში არსებულ საუკეთესო, მოწინავე ცოდნაზე და ტექნოლოგიებზე მიუწვდებათ. ამასთან, დახმარების გაწევის რესურსიც გააჩნიათ. ქართველებს, სავარაუდოდ, საკუთარი სამშობლოს დახმარების დიდი სურვილიც ექნებათ, ბევრად მეტი ალბათ, ვიდრე უცხოელ ინვესტორებს, რომელთაც საქართველო კარგად არ იციან.

საელჩოში გამართული ღონისძიების დასასრულს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა პროექტთან დაკავშირებით ქართველი ემიგრანტების კითხვებს უპასუხეს. მსმენელების მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ დიასპორასთან კომუნიკაცია უკეთ იყოს ორგანიზებული, რათა უცხოეთში მცხოვრებ რაც შეიძლება მეტ ქართველს მიეცეს პროგრამის უკეთ გაცნობის საშუალება.

„უდაოდ საინტერესო შეხვედრა იყო. კარგი იდეაა ჩადებული, ძალიან კარგი წამოწყებაა, მაგრამ პრაქტიკულად რამდენად განხორციელებადი პროექტია, ძნელი სათქმელია. ბევრი მექანიზმი ალბათ დასახვეწია, მათ შორის ემიგრანტებთან კომუნიკაციაც... პროფესიონალების ერთიანი საკომუნიკაციო ქსელი, როგორც ასეთი, უცხოეთში სამწუხაროდ არ არსებობს. ბევრი დიასპორული ორგანიზაცია და ასოციაციაა, რამდენადაც ვიცი, თუნდაც ამერიკაში, მაგრამ ერთიანი საკომუნიკაციო ბაზა არა მგონია რომ მათ ჰქონდეთ. ამ შეხვედრის შესახებაც სრულიად შემთხვევით, ფეისბუქის საშუალებით შევიტყვე“ - ამბობს ქართველი ემიგრანტი მარინა სამხარაძე, რომელიც ვაშინგტონში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში მუშაობს.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ქართულ დიასპორასთან შეხვედრის შემდეგ თბილისში გაემგზავრნენ, სადაც საქართველოს მთავრობასთან ერთად პროექტისთვის საბოლოო სახის მიცემაზე იმუშავებენ. ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს მათ პირობა მისცეს, რომ შეხვედრაზე დიასპორის წარმომადგენლებისგან მიღებულ რამდენიმე შეთავაზებას პროექტის დახვეწის მომდევნო ეტაპზე აუცილებლად გაითვალისწინებენ.