მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევები 60 მილიონს აღწევს

კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევები მსოფლიოში 60 მილიონს აღწევს. მადლიერების დღის და შობა-ახალი წლის დღესასწაულების წინ ეს მოსახლეობასა და მთავრობებს სრულიად განსხვავებულ რეალობასა და გამოწვევებს უქმნის.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ხუთშაბათს მადლიერების დღეს აღნიშნავენ. ჯანდაცვის სპეციალისტები მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ და დიდი თავყრილობებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. ქვეყანა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფილოში პირველია. სამშაბათს კი კორონავირუსითა და მასთან დაკავშირებული გართულებებით 2 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ეს 24 საათში ფატალურ შემთხვევათა უდიდესი რიცხვია, რომელიც მაისის დასაწყისიდან არ დაფიქსირებულა.

ასევე ნახეთ: პანდემია უკან არ იხევს, შეზღუდვები მკაცრდება

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის წარმომადგენელი, ექიმი ტატიანა პროუელი ამბობს, რომ მადლიერების დღესთან დაკავშირებული მგზავრობების შემდეგ "ამერიკას ვერავინ დაეწევა": "ამერიკაში ინდივიდუალური მიდგომა ასობით ათას ჩვენგანს კლავს. ამის ყურება გამანადგურებელია", - წერს პროუელი "ტვიტერზე".

დამაიმედებელმა ცნობებმა ვაქცინაზე მუშაობის წარმატების შესახებ "ფაიზერის", "ასტაზენეკასა" და "მოდერნასგან" ფინანსურ ბაზრებზე და ბირჟებზე ციფრები გაზარდა, მაგრამ დამტკიცების შემდეგაც კი ვაქცინა თვეების განმავლობაში ფართოდ ხელმისაწვდომი არ იქნება. სწორედ ამიტომ, ოფიციალური პირები მოსახლეობას სიფრთხილის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.