გაერო: ქალებს თავიანთ სხეულზე ავტონომია უნდა ჰქონდეთ

გაეროს მოსახლეობის ფონდმა, ოთხშაბათს მოუწოდა ქვეყნებს, პატივი სცენ სხეულის ავტონომიას, როგორც უნივერსალურ უფლებას. გაეროში ამბობენ, რომ ძალიან ბევრ ქალსა და გოგონას, უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი სხეულის შესახებ, უბრალოდ, არ აქვს.

„სხეულზე ავტონომიის უფლება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ძალა და საშუალება, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება ძალადობის შიშის გარეშე, ან თავისუფალი ვიყოთ იმაში, რომ სხვებმა არ მიიღონ ეს გადაწყვეტილება ჩვენს მაგივრად“,- ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ნატალია კანემი.

კანემის თქმით, ქალების ნაცვლად, ხშირად ასეთ გადაწყვეტილებებს მათი მშობლები, პარტნიორები, საზოგადოება და მთავრობაც კი იღებს.

ახალ ანგარიშში, რომელსაც „ჩემი სხეული ჩემია“ ჰქვია, გაეროს მოსახლეობის ფონდმა 60 ქვეყანაში შეგროვებული მონაცემები გამოაქვეყნა. მათი ანალიზი, მსოფლიოს მოსახლეობის, დაახლოებით, მეოთხედს შეეხება.

ასევე ნახეთ: ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია - გაერო

კვლევის მიხედვით, ქალების დაახლოებით ნახევარს არ აქვს, ან შეზღუდული აქვს უფლება, რომ გადაწყვეტილება მიიღოს თავისი ჯანმრთელობის შესახებ. გადაწყვიტოს გამოიყენოს კონტრაცეფცია, თუ ჰქონდეს სექსუალური კავშირი მის პარტნიორთან.

”ქალს, რომელსაც საკუთარ სხეულზე კონტროლი აქვს, უფრო მეტი ძალა ექნება მისი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში გადაწყვეტილების მიღებისთვის”,- ამბობს კანემი.

გაეროს წარმომადგენლის თქმით, როდესაც ქალებს ეს უფლება წართმეული აქვთ, ეს უთანასწორობას, ძალადობას და გენდერულ დისკრიმინაციას იწვევს.

დანაშაულები და მავნე პრაქტიკა, რომელიც ქალის სხეულზე ავტონომიის უფლებას არღვევს, მოიცავს ე.წ. „ღირსების“ მკვლელობებს, იძულებით და ნაადრევ ქორწინებებს, „ქალიშვილობის“ ტესტებს და ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრებას. იძულებით ორსულობა, ან აბორტი, ასევე ამ უფლების დარღვევაა.

ასევე ნახეთ: მარტი და ქალთა უფლებები- რა (არ) ეზეიმებათ ქალებს

„ზოგიერთი დარღვევა, როგორიცაა, მაგალითად გაუპატიურება, შეიძლება კრიმინალიზებული იყოს, მაგრამ ყოველთვის არ ისჯება“,- ამბობს კანემი.

მრავალ ქვეყანაში გენდერული თანასწორობის კონსტიტუციური გარანტიების მიუხედავად, ანგარიშში ნათქვამია, რომ ქალები გლობალურად, ამ უფლებების, მხოლოდ 75%-ით სარგებლობენ.

გაეროს წარმომადგენლის თქმით, კოვიდ 19-მა, მილიონობით ქალისთვის გააუარესა მდგომარეობა. გაიზარდა სექსუალური ძალადობის შემთხვევები, განსაკუთრებით კი ლოკდაუნში, რომელმაც ახალი ბარიერები შეუქმნა ქალებს ჯანდაცვის, სამსახურის, განათლების მიღებაში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სხეულის ავტონომიის უფლება, პრობლემურია მარგინალიზებული ჯგუფებისთვისაც, მათ შორის გაუთხოვარი ქალებისთვის, ლგბტ თემის წარმომადგენლების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ასევე ნახეთ: საია: ქალები არათანასწორ მდგომარეობაში არიან, მათი შრომა დაუფასებელი, როლი-დაკნინებულია

ანგარიშის მიხედვით, სრული გენდერული ბალანსი არცერთ ქვეყანაში არაა, თუმცა მოწინავე როლი ამ მხრივ შვედეთს, ურუგვაის, კამბოჯას, ფინეთსა და ნიდერლანდებს აქვს.

გაეროს წარმომადგენლის თქმით, მთავრობებს წამყვანი როლი აქვთ ადამიანის უფლებების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. მათ უნდა შეცვალონ სოციალური, პოლიტიკური, ინსტიტუციური და ეკონომიკური სტრუქტურები, რომლებიც განამტკიცებენ გენდერულ უთანასწორობას.