შეერთებული შტატების დედაქალაქში საპროტესტო აქცია, "ქალების მსვლელობა ვაშინტონზე" გაიმართა. აქციაში რამდენიმე ასეული ათასი მოქალაქე მონაწილეობდა. ისინი ქალთა უფლებების დასაცავად და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სხვა და სხვა დროს ქალებზე გაკეთებული განცხადებების გასაპროტესტებლად გამოვიდნენ. დემონსტრანტთა ნაწილი ტრამპის პრეზიდენტად არჩევასა და მის პოლიტიკურ შეხედულებებსაც გმობდა.
ქალთა სოლიდარობის აქციები ამერიკისა და მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც გაიმართა. ნიუ იორკის დემონსტრაციის ათობით ათასმა მონაწილემ მეხუთე ავენიუდან "ტრამპ თაუერისაკენ" მოაწყო მსვლელობა.
დემონსტრანტები, ქალთა უფლებების გარდა, სხვა საკითხებსაც აპროტესტებდნენ. ზოგიერთი ტრამპის მიერ დაპირებულ საიმიგრაციო პოლიტიკას აკრიტიკებდა. სხვები მუსლიმ ამერიკელთა მიმართ მის დამოკიდებულებას გმობდა. აქციის ორგანიზატორები ამდენ მონაწილეს არ ელოდნენ. კაპიტოლიუმსა და ლინკოლნის მემორიალს შორის სივრცე მოქალაქეებით გადაიჭედა, რამაც მსვლელობა შეუძლებელი გახადა.
ვაშინგტონის პოლიციის დროებითმა ხელმძღვანელმა პიტერ ნიუშამმა აღნიშნა, ხალხის რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ მარშისთვის ადგილი აღარ დარჩაო.
იქ, სადაც გუშინდელი ინაუგურაციისას ტრამპის მხარდამჭერები იდგნენ, დღეს პრეზიდენტის ოპონენტები შეგროვდნენ. აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი თეთრ სახლთანაც მივიდა.
"მაშინებს მისი პოლიტიკური შეხედულებები. როგორც სტუდენტი და ადამიანი, რომელიც სამომავლოდ ფედერალურ მთავრობაში მუშაობას ფიქრობს, მივიჩნევ, რომ ჩვენ საპირისპიროს უნდა ვაკეთებდეთ", - განაცხადა დემონსტრანტმა, რომელიც ვაშინგტონში საგანგებოდ ნიუ-ორლეანიდან ჩამოვიდა.
დემონსტრაციას პოლიტიკურმა აქტივისტებმა, მსახიობებმა და მომღერლებმა მიმართეს, მათ შორის - მადონამ, სკარლეტ იოჰანსონმა და ალისია კისმა.
"მე სიეტლიდან ჩამოვედი. იმდენი მიზეზი მაქვს, თუ რატომ ვმონაწილეობ ამ პროტესტში, რომ რთულია ყველას ჩამოთვლა," - განუცხადა ერთ-ერთმა დემონსტრანტმა "ამერიკის ხმას".
გლორია შტაინემი, რომელიც მრავალი ათეული წელია, ქალთა უფლებებს იცავს, გამომსვლელთაგან ერთ-ერთი იყო. მან დემონსტრანტებს მოუწოდა, აქტიურობა აქციის შემდეგაც გააგრძელონ.
"იფიქრეთ, რას გავაკეთებთ ხვალ. წარსულში არ უნდა დავბრუნდეთ",- განაცხადა მან.
"[ტრამპი] არავის წარმოადგენს. გვინდა, მსოფლიომ იცოდეს, რომ ის ამერიკის უმრავლესობას არ წარმოადგენს", - ამბობს აქციის მონაწილე, რომელიც ვაშინგტონში ოჯახთან ერთად ნიუ-იორკიდან ჩამოვიდა.
"ჩვენ აქ შვილიშვილ გოგონებთან ერთად მოვედით. ქალთა უფლებები მათ გამოც გვაღელვებს. სხვა ბევრი საკითხიც გვაწუხებს, მათ შორის, კლიმატის ცვლილება, რასობრივი უთანასწორობა. [ტრამპმა] შეურაცხყო ქალები, ესპანურენოვანი მოსახლეობა, მუსლიმები", - გვითხრა ნატალი ჰოლმა ვირჯინიიდან.
დემონსტრანტი მაიკლ კოლი წუხს ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობისა და ტრამპის რუსეთთან შესაძლო კავშირების გამო: "ჩემ პლაკატზე "პუტინი 45" წერია. პუტინი ჩვენი 45-ე პრეზიდენტია."
"ქალთა მსვლელობა ვაშინგტონზე" საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ "ფეისბუქით" დაიგეგმა. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ საპროტესტო მუხტს შეინარჩუნებენ და გააგრძელებენ ადამიანის უფლებებისა და თანასწორობისათვის ბრძოლას.
პრეზიდენტმა ტრამპმა პირველი სამუშაო დღე ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში გაატარა. მას აქციის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. პრეზიდენტის პრესმდივანმა შონ სპაისერმა პირვეი პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტები ინაუგურაციაზე დამსწრეთა რაოდენობის არაზუსტად გაშუქებისთვის დაგმო.