დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ დღეს ვაშინგტონში და ამერიკის რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის, ჩიკაგოში, ბოსტონში, დენვერში და ნიუ იორკში, საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობს, რომლებშიც ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობს.
მომიტინგეები შეშფოთებას გამოხატავენ, რომ პრეზიდენტი ტრამპის მიერ ქვეყნის მართვის დაწყებით ქალების უფლებები, სამოქალაქო უფლებები, გარემოს დაცვის და იმიგრაციის საკითხები საფრთხის წინაშე დადგება.
საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშიც.
ავსტრალიაში, ქალაქ სიდენიში ამერიკის საკონსულოს წინ გამართული აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ისინი არ ეთანხმებიან ტრამპის “სიძულვილით სავსე რიტორიკას” და მას “სექსიზმისა და რასიზმის ნორმალიზებაში” ადანაშაულებენ.
მოძრაობა “ქალების მსვლელობა ვაშინგტონზე” ვებგვერდის თანახმად, დღეს მათთან დაკავშირებული 700 აქცია მსოფლიოს მასშტაბით იმართება.
დემონსტრაციები გაიმართა ევროპის დედაქალაქებშიც. ლონდონში, ტრაფალგარის მოედანზე მდებარე ამერიკის საელჩოსთან ათასობით ქალი შეიკრიბა. ქალების აქციები ასევე გაიმართა ბუდაპეშტში, ამსტერდამში, ჰააგასა და ბერლინში.
“არანაირი განსხვავება არ არსებობს აქ მცხოვრებ ქალებსა და ამერიკაში მცხოვრებ ქალებს შორის,” განუცხადა რეიჩალ მუიკალიმ სააგენტო “როიტერსს” კენიის დედაქალაქ ნაირობიში გამართულ დემონსტრაციაზე. “ამერიკელი ქალები დღეს მარტო არ არიან, ჩვენ ყველანი ერთად ვართ,” დასძნა მან.
დემონსტრაციები მიმდინარეობს აფრიკის კონტინენტის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორი, ნიგერიაში, სამხრეთ აფრიკაში, მალავიში და მადაგასკარში.
აქცია გაიმართა ანტარქტიკაზეც, რომლის მონაწილეებიც გარემოს დამცველები არიან. ისინი ანტარქტიკის სანაპიროზე “ეკოლოგიურად-ორიერნტირებული ვიზიტორების საექსპედიცო გემზე” არიან შეკრებილი.