ამერიკელი ფარმაცევტი ვაქცინების განზრახ გაფუჭებაშია ეჭვმიტანილი

უისკონსინის შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოში მომუშავე ფარმაცევტი, კოვიდ-19-ის ვაქცინების გაფუჭების ბრალდებით დააკავეს. ის ეჭვმიტანილია 500-ზე მეტი ინექციის განზრახ მაცივრიდან გამოღებასა და გაფუჭებაში.

ფარმაცევტი ქალაქ გრაფტონის ავრორას სამედიცინო ცენტრის თანამშრომელი იყო. მას შემდეგ, რაც მაცივრის გარეთ ვაქცინის 57 კოლოფი იპოვეს, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. ეჭვმიტანილის ვინაობას ოფიციალური პირები ჯერ არ ამხელენ.

თითოეულ კოლოფში ვაქცინის 10 დოზა იყო. საეჭვო ვარგისობის 60-მდე დოზა აცრებისთვის უკვე იყო გამოყენებული, როდესაც ჰოსპიტლის ხელმძღვანელობამ დაადგინა, რომ ის ინექციები მაცივრის გარეთ საკმარისად დიდხანს იყო დატოვებული საიმისოდ, რომ ვაქცინა არაეფექტური გამხდარიყო. ამის შემდეგ, 500-მდე საეჭვო დოზა განადგურდა.

ასევე ნახეთ: აშშ-ში ვაქცინაცია დაგეგმილზე ნელი ტემპით დაიწყო

ვაქცინის მწარმოებელი კომპანია "მოდერნა" აცხადებს, რომ ვაქცინა, რომელიც მაცივარში შესაბამის პირობებში არ ინახებოდა და ადამიანებს მაინც გაუკეთეს, მათთვის სახიფათო არ არის. თუმცა ცხადია, კოვიდ-19-ისგან მათ შესაბამისად ვერ დაიცავს. მათ, ვინც არაეფექტური ვაქცინა მიიღო, მომხდარის შესახებ უკვე შეატყობინეს და აცრას თავიდან გაუკეთებენ. თუმცა, ამ ინციდენტის გამო 570-მდე ადამიანის იმუნიზაციის პროცესი შეფერხდა.

არც საავადმყოფოს და არც სამართალდამცავი უწყების თანამშრომლები არ საუბრობენ შესაძლო მოტივებზე, რამაც ფარმაცევტს ვაქცინების დაზიანების გადაწყვეტილება მიაღებინა.