ჩინეთში, ჩინური ფარმაცევტული კომპანიის წარმოებულ კოვიდ-19 ის ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭეს. ეს პირველი ვაქცინაა, რომელსაც პეკინმა ქვეყანაში ოფიციალური ავტორიზაცია მისცა.
ქვეყნის მთავრობამ, ხუთშაბათს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მათ ავტორიზაცია მიანიჭეს პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტის მიერ შექმნილ ვაქცინას. ინსტიტუტი სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ "სინოფარმს" ექვემდებარება.
ვაქცინამ ავტორიზაცია მას შემდეგ მიიღო, რაც "სინოფარმმა" გამოაცხადა, რომ ვაქცინა 79.3%-ით ეფექტურია კორონავირუსის წინააღმდეგ.
"სინოფარმის" განცხადებას ეჭვქვეშ აყენებენ დამოუკიდებელი ექსპერტები, ვინაიდან კომპანიას არ გამოუქვეყნებია არცერთი კვლევა და ანგარიში, რომელიც მათ ნათქვამს დაამტკიცებს.
ეს ვაქცინა ერთ-ერთია იმ 5 ვაქცინას შორის, რომელიც ჩინეთში შექმნეს. დანარჩენებს საგანგებო ავტორიზაცია აქვთ მინიჭებული და კვლევის მესამე ფაზის გავლის პარალელურად, უფლება მიენიჭათ, რომ ვაქცინაცია დაეწყოთ.
ვაქცინაცია ჩინეთში ივლისში დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვების ჩათვლით, ქვეყანაში, უკვე აცრეს 3 მილიონზე მეტი ადამიანი. გეგმის მიხედვით, ჩინეთში, თებერვლისთვის 50 მილიონი ადამიანი უნდა იყოს აცრილი. სწორედ ამ დროს იწყებს მილიონობით ჩინელი, მთვარის კალენდრის მიხედვით, ახალი წლის დადგომისთვის მოგზაურობას.
ჩინეთმა პირობა დადო, რომ ვაქცინის მილიონობით დოზას გაუნაწილებს განვითარებად ქვეყნებს, რათა მსოფლიო სიკეთეში წვლილი შეიტანოს. ექსპერტები კი ამბობენ, რომ ეს პეკინის მხრიდან, შელახული იმიჯის აღდგენის მცდელობაა.
Facebook Forum