ვირუსის საფრთხის ფონზე, ცხოვრების სტილის შეცვლა გარდაუვალი ხდება

დაავადებების გავრცელების საკითხში შეერთებული შტატების ერთ-ერთი უმაღლესი დონის, გამოცდილი და ავტორიტეტული ექსპერტი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ ამერიკელები და ევროპელები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ აღარ აკეთონ ის, რასაც სულ რამდენიმე თვის წინ, კორონავირუსის აფეთქებამდე აკეთებდნენ.

ალერგიის და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ სამშაბათს თქვა: “არ აქვს მნიშვნელობა, თუ ხართ იმ შტატში სადაც შემთხვევები არ აღრიცხულა, ან მხოლოდ ერთი შემთხვევა აღმოჩნდა. უნდა დაიწყოთ სერიოზულად ფიქრი იმაზე, თუ რის გაკეთებას შეძლებთ, თუ, ან როდესაც ინფექციები დაიწყება. და ის დაიწყება, ვწუხვარ , რომ ამის თქმა მიწევს, ძალიან სამწუხაროა.”

ფაუჩიმ ინფექციურ დაავადებასთან გამკლავების მეტაფორად გამოჩენილი ჰოკეისტი ვეინ გრეტსკი გამოიყენა - გრეტსკი არ მიდის ჰოკეის დისკის მოძრაობის მიმართულებით, გრეტსკი მიდის იქ, სადაც ჰოკეის დისკი უნდა აღმოჩნდეს. ფაუჩიმ თქვა: “გვინდა ვიყოთ იქ, სადაც ინფექცია იქნება და ასევე იქ, სადაც ის არის”.

მისი თქმით, არ არის გასაკვირი, რომ კორონავირუსის აფეთქება აზიაში უკან იხევს და იმავდროულად შეერთებულ შტატებში და ევროპაში იზრდება. ის ამბობს, რომ ინფექციური დაავადებების აფეთქებებს ზოგადად, ასეთი ისტორია აქვს.

შეერთებულ შტატებში დადასტურებული შემთხვევების რიცხვი, სამშაბათს მკვეთრად გაიზარდა და ახლა უკვე 1 000-ს 975-ს აჭარბებს. მხოლოდ ერთ დღეში, სამშაბათს ინფიცირებულთა რიცხვი 400-ით გაიზარდა. დაღუპულია სულ მცირე 30 ადამიანი. ვარაუდობენ, რომ ანალიზების აღების კომპლექტების გამოშვებასთან ერთად, მეტი ადამიანი გაივლის ტესტირებას და გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობაც.

კორონავირუსის აფეთქება, შეერთებულ შტატებში შტაბ-ბინის მქონე, ორ წამყვან გლობალურ ინსტიტუტზე ახდენს გავლენას. გაეროს შტაბ-ბინამ საზოგადოებისთვის კარი ჩაკეტა და ეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ გააწბილებს მილიონობით ტურისტს, რომელიც ქალაქ ნიუ-იორკს სტუმრობს. ინტერნეტით მუშაობის რეჟიმზე გადავიდა ნიუ-იორკში მოქმედი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების სათაო ოფისებიც, მათ შორის ხსნის ეროვნული კომიტეტი, ორგანიზაცია "გადაარჩინე ბავშვები" და მრავალი სხვა.

ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მომავალ თვეში, ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრას, როგორც თვითონ უწოდეს, “ვირტუალურ ფორმატში” ჩაატარებენ. ჩვეულებრივ, მსოფლიო ბანკის შტაბ-ბინაში, რომელიც თეთრი სახლიდან სულ რამდენიმე ქუჩითაა დაშორებული, მოლაპარაკებებისთვის დაახლოებით 10 ათასი ადამიანი იკრიბება.

ბანკი ასევე ზღუდავს წვდომას თავის შტაბ-ბინაზე ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში, ირანში ან იტალიაში იმყოფებოდა და ასევე მათთვის, ვინც გაციებულია, სიცხე აქვს, ან გრიპის მაგვარი სიმპტომები გააჩნია.

ასევე სამშაბათს, შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების და საბირჟო ოპერაციების კომისია გახდა პირველი ფედერალური სააგენტო, რომელმაც თავის ვაშინგტონელ თანამშრომლებს სთხოვა სახლებიდან ემუშავათ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსზე მკურნალობა ჩაუტარდა.

ანალოგიური ვითარებაა არამარტო დასავლეთის ქვეყნებში, არამედ თითქმის ყველა კონტინენტზე, სადაც ვირუსი სწრაფად ვრცელდება. ირანში, ვირუსის ყველა პროვინციაში გავრცელებამ, დამატებითი სიძნელეები შეუქმნა ეკონომიკას, რომელიც 2018 წელს გამკაცრებული ამერიკული სანქციების და მთავრობის მხრიდან არასწორი მართვის წყალობით, რეცესიაში იმყოფებოდა.

“ამერიკის ხმის” ირანული სამსახურის მაყურებელმა, რომელმაც სამშაბათის გადაცემაში დარეკა, თქვა რომ თეირანში იმყოფებოდა და ადგილობრივი ეკონომიკის მდგომარეობას უღიმღამო უწოდა. მისი თქმით, “რესტორნები, ყავახანები, სანაყინეები, საქაბაბეები და საპარიკმახეროები დაკეტილია. ისეთი ადგილები, როგორიცაა თეატრები და და სავაჭრო ცენტრები, სადაც ჩვეულებრივ ბევრი ადამიანი სტუმრობს, ცარიელია. ადამიანებს ინფიცირების და სიკვდილის ეშინიათ”. “ამერიკის ხმამ” მოსაუბრის ზუსტი ადგილმდებარეობა დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმა.

იმავდროულად, თურქეთმა, ბურკინა ფასომ და კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ კორონავირუსის პირველი შემთხვევის შესახებ გამოაცხადეს, გერმანიამ კი, სამშაბათს პირველი გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ცნობა. დღეს გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თქვა, რომ ქვეყანაში სავარაუდოდ მოსახლეობის 60-70% დაავადდება.

ბრიტანეთის მედიაში დომინირებს ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრ ნადინ დორისზე. ის გაერთიანებული სამეფოს პირველი კანონმდებელია, რომელსაც ვირუსის დიაგნოზი დაუდგინდა.

სამშაბათ ღამის მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი, მსოფლიოში თითქმის 119 ათასია და 4 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ 110-მა ქვეყანამ, ინფექციის სულ მცირე ერთი შემთხვევის შესახებ მაინც გამოაცხადა.