"ანარქისტებო გხედავთ" - აშშ-ის პრეზიდენტი 

ერთი კვირაა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მშვიდობიანი პროტესტი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა.

ასევე ნახეთ: 40-მდე ქალაქში საგანგებო ვითარებაა, ამერიკელები პოლიციის ძალადობას და რასიზმს აპროტესტებენ

არსებული ინფორმაციით პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოჯახთან ერთად თეთრი სახლის ბუნკერშია გადაყვანილი. მოლოდინი, რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოსახლეობას მიმართავდა არ გამართლდა. პრეზიდენტი საკუთარ პოზიციას ტვიტერზე აფიქსირებს.

ორშაბათ საღამოს მან ვიდეო გამოაქვეყნა წარწერით, "ანარქისტებო გხედავთ"

ვიდეოში ჩანს რომ აქციის ერთი მონაწილე მეორეს ფულს აძლევს და კონკრეტული ქმედებისკენ მოუწოდებს. სად არის გადაღებული ვიდეო კადრები და როდის ეს პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია.

ცოტა ხნის წინ თეთრ სახლში განცხადება პრეზიდენტის სახელით გააკეთა თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეილი მაკინენმა.

"პრეზიდენტი ღიად ამბობს, რომ ის რასაც ჩვენ ამერიკის სხვადასხვა ქალაქში ბოლო დღეების განმავლობაში ვუყურებთ დაუშვებელია. ძარცვა, ძალადობა, ანარქია, უკანონობა - ეს დანაშაულებრივი ქმედებებია. ეს არ არის პროტესტი. ეს ქმედებები ზიანს აყენებს უდანაშაულო მოქალაქეებს და ბიზნესს. ეს ქმედებები ცდება მშვიდობიანი შეკრების პრინციპებს. ის, რაც ჩვენ გუშინ ვაშინგტონში და ქვეყნის სხვა ქალაქებში ვიხილეთ დაუშვებელია. პრეზიდენტი ტრამპი თვლის რომ მაქსიმალური ზომები უნდა იყოს მიღებული ამერიკელი მოქალაქეების და კერძო სექტორის დასაცავად. სწორედ ამიტომ ეროვნული გვარდიის 17 000-ზე მეტი სამხედრო 24 შტატშია გადანაწილებული. ჯამში ეროვნული გვარდიის 35 000 ჯარისკაცია ხელმისაწვდომი. პრეზიდენტი თვლის რომ გაცილებით მეტია გასაკეთებელი და მოუწოდებს გუბერნატორებს დროული და საჭირო გადაწყვეტილებები მიიღონ.

ასევე ნახეთ: ტრამპი ეროვნული გვარდიის მუშაობას აქებს, "ანტიფას" წევრებს კი ტერორისტებად აცხადებს

პრეზიდენტმა არაერთხელ თქვა და ახლაც მიაჩნია, რომ მიესალმება მშვიდობიან დემონსტრაციებს. თუმცა მკაფიოდ ამბობს, რომ ქვეყანამ არ უნდა დაუშვას, რომ ის რაც მინეაპოლისში და ამერიკის შეერთებული შტატების სხვა ქალაქებში ხდება კვლავ განმეორდეს. უკანონობა, ანარქია და ქაოსი დაუშვებელია," თქვა პრესსპიკერმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქში აქციები კვლავ მიმდინარეობს, დემონსტრანტებმა შეკრება დაიწყეს თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეც. ამერიკის ბევრ ქალაქსა თუ შტატში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა ღამის 7 საათიდან დილის 6 საათამდეა გამოცხადებული.