ვაშინგტონი "ღრმად შემაშფოთებლად" თვლის ცნობებს იმის თაობაზე, რომ მოლდოვის მთავრობის გადაგდების სცენარი რუსეთში დაიწერა. განცხადება ორშაბათს, 13 თებერვალს ჯონ კირბიმ გააკეთა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების პრესსპიკერმა.
"ამაზე ვიტყოდი, რომ ეს ღრმად შემაშფოთებელი ცნობებია. ნამდვილად არაა რუსული ქცევის ფარგლებს მიღმა და ჩვენ აუცილებლად მოლდოვის მთავრობის და მოლდოველი ხალხის გვერდში ვიდგებით" - განაცხადა მან მოლდოვასთან დაკავშირებით, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად.
ასევე ნახეთ: სანდუ: კრემლი მოლდოვის ხელისუფლების "დამხობას" გეგმავსკირბიმ იქვე დააზუსტა, რომ ამ ცნობების დამადასტურებელი დამოუკიდებელი ინფორმაცია ვაშინგტონს არ აქვს. თუმცა, ამის მიუხედავად, "ჩვენ ნამდვილად არ ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ რუსეთის და ბატონი პუტინის მიერ ამის გაკეთების სურვილს" - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების პრესსპიკერმა.
ორშაბათსვე, ცოტა ხნით ადრე, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ თქვა, რომ მოლდოვაში რუსეთი მთავრობის დამხობის მიზნით, გადატრიალებას გეგმავს და ის ამისთვის უცხოელებს გამოიყენებს, რომლებიც ქვეყანაში საბოტაჟს მოაწყობენ. მაია სანდუს თქმით, რუსეთის მიზანია ხელი შეუშალოს მოლდოვას ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე და ის უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენოს.
გასულ კვირას კი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა განცხადება მოლდოვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, კიევში გახსნეს რუსეთის დაზვერვის საიდუმლო გეგმა, რომელიც "მოლდოვის განადგურებას ითვალისწინებს". ამ განცხადებიდან სულ რამდენიმე დღეში მოლდოვის პრემიერ-მინისტრი და მოლდოვის მთავრობა გადადგა.