კორონავირუსმა საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა ბავშვებზე. სკოლები და ბაღები დახურულია, რაც მათ ყოველდღიურობაში დიდ ცვლილებებს იწვევს. ბავშვების უმეტესობამ იცის, რომ სწორედ ვირუსია ამაში დამნაშავე.
ბავშვები, რომლებიც სახლში არიან გამოკეტილი, ხშირად იმავე ინფორმაციას ისმენენ, რასაც მათი მშობლები კორონავირუსზე.
ექიმი ქეით ეშლემანი, ფსიქოლოგი კლივლენდის ბავშვთა საავადმყოფოდან, ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლები ბავშებს უსმენდნენ და იცოდნენ მათი წუხილის შესახებ:
"ჰკითხეთ ბავშვებს რა იციან, რა გაუგიათ ამ თემაზე და რას ფიქრობენ ამ ყველაფერზე. ჰკითხეთ მათი გრძნობების შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ სიმართლე ვუთხრათ მოვლენების განვითარების პარალელურად", ამბობს ფსიქოლოგი.
რობერტ ფრენკსი, კიდევ ერთი ბავშვთა ფსიქოლოგი ამ აზრს ეთანხმება. "რა თქმა უნდა, თინეიჯერს და 15 წლის ბავშვს ერთნაირად არ დაელაპარაკებით. თუმცა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ესმოდეთ რამდენად სერიზულია ეს ყველაფერი", ამბობს ის.
ფრენკსი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, რომ მშობლებს ესმოდეთ - ბავშვები მაგალითს უფროსებისგან იღებენ. "ისინი ჩვენს შფოთვას იზიარებენ, ჩვენს შიშებს იზიარებენ... თუ ჩვენ ახალ ამბებს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ვუყურებთ, მაშინ ისინიც იმავეს გააკეთებენ. ისინი ხედავენ, როგორ ვრეაგირებთ ამ ყველაფერზე და ასევე ხედავენ იმასაც, რამდენად სერიოზულად ვეკიდებით რიგში დგომის, სოციალური დისტანცირების საკითხებს."
ფსიქოლოგები გვეუბნებიან, რომ ხანდახან ბავშვებისთვის დასაშვებია იმ ახალი ამბების მოსმენა, რომელსაც უფროსები უსმენენ, "მაგრამ, თუ ამის ნებას დართავთ, ეს ერთად გააკეთეთ, რათა შეძლოთ ბავშვებს უპასუხოთ შეკითხვებზე, რომელიც გაუჩნდებათ".
ფსიქოლოგები ასევე გვეუბნებიან, რომ არაუშავს, თუ ბავშვებს ისეთი კითხვები გაუჩნდებათ, რომელზე პასუხიც არ გვაქვს. შეგვიძლია მათ ვუთხრათ, რომ ეს ისეთი სიტუაციაა, რომელშიც აქამდე არ ვყოფილვართ და ეს ყველაფერი ჩვენთვისაც ახალია.