პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ბოლო დღეებში ნიუ-იორკში მიმდინარე, გაეროს გენერალურ ასამბლეას ესწრებოდა, ვაშინგტონში ხუთშაბათს დაბრუნდა. ამერიკის პრეზიდენტმა ჩამოსვლისთანავე, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა კონგრესის დემოკრატი კანონმდებლები, ამერიკელი ჟურნალისტები და ჯერ ისევ ინკოგნიტოდ მყოფი მამხილებელი, რომელმაც პრეზიდენტი ძალაუფლებების გადამეტებაში და პირადი ინტერესების გამო, უკრაინაზე ზეწოლაში დაადანაშაულა.
ტრამპის არყოფნაში, თეთრ სახლს და კონგრესს შორის უფსკრული კიდევ უფრო გაღრმავდა. ამ რამდენიმე დღეში სულ ცოტა, 4 მნიშვნელოვანი რამ მოხდა, რაც ისტორიული მოვლენების პროლოგი შეიძლება გახდეს:
1. კონგრესმა პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის გამოძიება ფორმალურად დაიწყო.
2. გამოქვეყნდა ტრამპის და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გახმაურებული სატელეფონო საუბრის ტექსტური ვერსია, რომელიც მამხილებლის ინფორმაციით, თეთრ სახლს სპეციალურ სერვერზე ჰქონდა შენახული.
3. ასევე, გამოქვეყნდა მამხილებლის საიდუმლო საჩივრის შემოკლებული, უსაფრთხოების მოსაზრებით რედაქტირებული ვერსია. სწორედ ეს საჩივარი გახდა იმპიჩმენტის გამოძიების დაწყების საბაბი.
4. წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში დაკითხეს დაზვერვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯოზეფ მაგვაიერი.
ტრამპი და უკრაინა
ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან დარეკვამდე ერთი კვირით ადრე, თავის ადმინისტრაციის უფროსს მიკ მალვენის დაავალა, შეეჩერებინა 391 მილიონი დოლარის დახმარება, რომელიც შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან უკრაინისთვის იყო გამოყოფილი. ამერიკის კონგრესმა აქედან დაახლოებით 250 მილიონი, რუსეთთან ჯერ კიდევ საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინას, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დაუმტკიცა.
„ვაშინგტონ პოსტის“ ვერსიით, თანხის ერთი კვირით ადრე გაყინვა მოხდა იმისთვის, რომ ტრამპს ზელენსკიზე ზეწოლა მოეხდინა, რათა უკრაინაში, ამერიკის არჩევნებზე ტრამპის მთავარ პოტენციურ მეტოქე - ჯო ბაიდენზე - და მის შვილზე, ჰანტერ ბაიდენზე, კორუფციაში მამხილებელი ინფორმაცია მოეპოვებინათ.
ტრამპი ბრალდებას ზეწოლის შესახებ უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ უკრაინას დახმარება მისი ბრძანებით შეუჩერდა და იმასაც, რომ ზელენსკის ბაიდენების საქმის გამოძიება მოსთხოვა. ეს ფაქტი „სი-ენ-ენის“ პირდაპირ ეთერში დაადასტურა პრეზიდენტის პირადმა იურისტმა რუდი ჯულიანიმაც.
ჟურნალისტებთან საუბარში, რომელიც ენდრიუს გაერთიანებულ ბაზაზე შედგა, ტრამპმა დემოკრატების ტაქტიკას იმპიჩმენტის გამოძიებასთან დაკავშირებით, „უღირსი“ საქციელი უწოდა. მან წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე ადამ შიფი „ამბების შეთხზვაში“ დაადანაშაულა, იმპიჩმენტის გამოძიებას კი კვლავ „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა. ტრამპმა ისევ გაიმეორა ბრალდება ბაიდენის და მისი შვილის კორუმპირებულობის თაობაზე.
ბაიდენები და უკრაინა
თეთრი სახლი აცხადებს, რომ ჰანტერ ბაიდენის საქმიანობის გამოძიება უკრაინაში პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს, მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მითითებით შეჩერდა. მაგრამ, ამ ბრალდების გასამყარებელი მტკიცებულებები თეთრ სახლს ჯერჯერობით არ წარუდგენია. ჰანტერ ბაიდენი 2014 წლიდან 2019 წლის დასაწყისამდე, უკრაინაში, ერთ-ერთი ნავთობ-კომპანიის მმართველ საბჭოში მუშაობდა.
2016 წელს, თეთრი სახლის ადმინისტრაცია, რომლის სათავეშიც მაშინ პრეზიდენტი ბარაკ ობამა იყო, ფინანსური დახმარების გამოყოფის წინაპირობად, უკრაინას კორუმპირებული პროკურორის ვიქტორ შოკინის თანამდებობიდან მოხსნას უყენებდა. შოკინი მანამდე იმ კომპანიის საქმიანობას იძიებდა, რომელშიც ბაიდენის შვილი ჰანტერ ბაიდენი მუშაობდა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე ტომ მალინოვსკი, რომელიც ამ პოსტზე 2014-2-17 წლებში მსახურებდა, აცხადებს, რომ შოკინის თანამდებობიდან გათავისუფლებას მაშინ ითხოვდა არამარტო ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ ევროპის კავშირი, მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ უკრაინა 2016 წელს არ ახორციელებდა დემოკრატიულ რეფორმებს და კორუმპირებული საბჭოთა სისტემის ინერციით მუშაობდა.
მამხილებელი და მისი საჩივარი
საზოგადოებისთვის ე.წ. მამხილებლის ვინაობა ჯერ ისევ უცნობი რჩება, თუმცა აშკარაა, რომ ის თეთრ სახლთან ძალიან დაახლოებული პირია. "სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ამერიკის რამდენიმე ოფიციალური პირისგან მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის პრეზიდენტი იყენებს თავისი ოფისის უფლებამოსილებას, 2020 წლის აშშ-ის არჩევნებში უცხო ქვეყნის ჩარევის მოთხოვნით” - წერს ის საჩივარში, რომლის რედაქტირებული ვერსია 26 სექტემბერს გამოქვეყნდა.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ შუამავლებმა უკრაინის ოფიციალური პირები წინასწარ გააფრთხილეს, რომ ტრამპთან ზელენსკის საუბრის შედეგი დამოკიდებული იქნებოდა იმაზე, „აჩვენებდა თუ არა ზელენსკი ‘ბურთის თამაშის’ სურვილს“ ტრამპთან ერთად. მომჩივანი ასევე წერს: „ჩემთვის არ არის ცნობილი, თუ ვინ ჩაუტანა ეს გზავნილი უკრაინის ლიდერებს, ან როდის“.
მამხილებლის მიერ ქვეყნის გენერალური ინსპექტორისთვის გაგზავნილ საიდუმლო საჩივარში, ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან ბრალდებაზე მახვილდება:
1. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახორციელებდა ზეწოლას უკრაინის პრეზიდენტზე, რათა მას გამოეძიებინა ბაიდენების საქმე.
2. ტრამპმა რამდენჯერმე შესთავაზა ზელენსკის, რომ ის შეხვედროდა მის პირად ადვოკატს რუდი ჯულიანის და ქვეყნის გენერალურ პროკურორს უილიამ ბარს, ბაიდენების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.
3. თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა ზელენსკისთან საუბრის ჩანაწერი არ შეინახეს ტრადიციულ ჩანაწერებს შორის, არამედ ცალკე გადამალეს, კოდირებულ ელექტრონულ სერვერზე, რომელშიც „განსაკუთრებით სენსიტიური“ ინფორმაცია ინახება.
მომჩივანის აზრით, ეს არასწორი ნაბიჯი იყო, რადგან ტრამპ-ზელენსკის სატელეფონო საუბარში „სენსიტიურთან ახლოსაც კი“ არაფერი იყო. მამხილებელი ასევე იტყობინება, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტის სტენოგრაფიული ჩანაწერი არასათანადო ადგილზე გადაინახეს.
მამხილებლის საჩივარი გენერალურმა ინსპექტორმა დაზვერვის ეროვნულ სააგენტოს გადასცა. სააგენტოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელ ჯოზეფ მაგვაიერს ამგვარი მასალა, რომელიც სასწრაფო რეაგირებას ითხოვს, წესით კონგრესის დაზვერვის კომიტეტისთვის ორი კვირის ვადაში უნდა წარედგინა.
თუმცა, ეს ასე არ მოხდა. კონგრესის ნაცვლად, მაგვაიერმა დოკუმენტი ჯერ თეთრი სახლის ადვოკატებს გადასცა, შემდეგ კი იუსტიციის დეპარტამენტის ადვოკატებს, რომლებმაც მას უთხრეს, რომ საჩივარში შესული ინფორმაცია არც ისე სასწრაფო იყო, რომ ის კონგრესისთვის წარედგინათ. ვადის გადაცდომის შემდეგ, კონგრესმა დოკუმენტი მოითხოვა და მაგვაიერი მოსმენაზე გამოიძახა. მამხილებლის მიერ შედგენილი საჩივრის დოკუმენტი კანონმდებლებმა 25 სექტემბერს მიიღეს.
მაგვაიერის მოსმენა კონგრესში
დაზვერვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯოზეფ მაგვაიერმა, რომელიც ამ პოსტზე სულ ერთი თვეა მუშაობს, კონგრესში ჩვენება ხუთშაბათს, 26 სექტემბერს მისცა. კანონმდებლების შეკითხვაზე, თუ რატომ დაბლოკა მან გენერალური ინსპექტორის მიერ გადაგზავნილი ტრამპის მამხილებლის საჩივარი და რატომ არ გადაუგზავნა ის კონგრესს, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა უპასუხა, რომ ის კანონის ფარგლებში მოქმედებდა.
მაგვაიერი არ პასუხობს კითხვაზე, აცნობა თუ არა წინასწარ პრეზიდენტ ტრამპს, აღნიშნული საჩივრის თაობაზე და გახდა თუ არა ეს მიზეზი დოკუმენტის შეყოვნების. როცა მას კითხვა მამხილებლის ქმედებაზე და მის კანონიერებაზე დაუსვეს, მაგვაიერმა განაცხადა, რომ მამხილებელი კანონის ფარგლებში მოქმედებდა და მან საჩივარი გენერალური ინსპექტორის - მაიკლ ატკინსონის - სახელზე, კანონის სრული დაცვით შეადგინა.
წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში გამართული მოსმენა საჯარო იყო და მას მედიის საშუალებებიც ესწრებოდნენ. მაგვაიერი კანონმდებლებს დაპირდა, რომ ის მომავალში, სენატის დაზვერვის კომიტეტის წევრებს, დახურულ კარს მიღმა შეხვდება.
ტრამპის მინიშნება „ჯაშუშების“ დასჯაზე
26 სექტემბერსვე „ლოს-ანჯელეს თაიმსმა“ და „ნიუ-იორკ თაიმსმა“ თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართვის ჩანაწერი. პრეზიდენტი ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში, ვიწრო წრეში გამართულ შეხვედრაზე, მიანიშნებს ინფორმაციის გამავრცელებელთა დასჯის საჭიროებაზე.
„ვინ არის ის ადამიანი, რომელმაც მამხილებელს ინფორმაცია გადასცა? რადგან ეს ჯაშუშობას ჰგავს“ - თქვა ტრამპმა. „თქვენ იცით, ჩვენ რას ვუშვებოდით ჯაშუშებს და მოღალატეებს ძველ დროში, როცა უფრო ჭკვიანები ვიყავით, არა? ჩვენ სულ სხვანაირად ვუმკლავდებოდით ასეთებს, ვიდრე დღეს“ - განაცხადა პრეზიდენტმა.